საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე უკვე დაიწყებს ანტიმონოპოლიური კანონპროექტის განხილვას. თუმცა ჩვენს თანამოქალაქეებს კონკრეტული მუხლები და ქვეთავები არ აინტერესებთ. ისინი სვამენ ერთადერთ კითხვას – გაიაფდება თუ არა პროდუქტი ანტიმ ონოპოლიური კანონის ამოქმედების შემდეგ.
ამ კითხვაზე დეპუტატებს და ექსპერტებს ზოგადი პასუხი აქვთ. კერძოდ, მათი არგუმენტით, როდესაც ბაზარზე ამა თუ იმ სფეროში მონოპოლია აღარ იქნება, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, კომპანიები შეეცდებიან, პროდუქტი რაც შეიძლება იაფად შესთავაზონ მომხმარებელს.
დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამ არგუმენტების ავტორებს ავიწყდებათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბაზარი კი არ არეგულირებს ფასებს, არამედ ძირითადი მოთამაშეები(კომპანიები), ცდილობენ, ერთმანეთთან კარტელური გარიგებით არეგულირონ ბაზარი.
წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოში ყველა მეპურე შეთანხმდეს, რომ პური ღირდეს 2 ლარი. ფორმალურად, მონოპოლია არ იქნება და კანონი არ დაირღვევა, რადგან საქართველოში ყველა პურის ქარხანას და თონეს ერთი კონკრეტული კომპანია არ ფლობს. რეალურად კი, მივიღებთ კარტელური გარიგებით ხელოვნურად გაბერილ ფასს – მოსახლეობას კი სხვა გამოსავალი არ ექნება და იმ 2 ლარს მაინც გადაიხდის.
ეს არ არის ფანტასტიკური წიაღსვლები, რადგან ასეთი "მეპურეები" გვყავდა საქართველოში. შორს წასვლა არ დაგვჭირდება და "მაგთისა" და "ჯეოსელის" მაგალითზე შეიძლება ვიმსჯელოთ. ალბათ, ყველას გახსოვთ, რა ტარიფები ჰქონდათ მათ დაწესებული ბაზარზე, რომელსაც წლების განმავლობაში ფეხს არ უცვლიდნენ. ამ ტარიფებით საქართველო დასავლურ ქვეყნებს უსწრებდა.
ეს ტარიფები მძიმე ტვირთად აწვებოდა მოსახლეობის ჯიბეს და მძაფრ პროტესტს იწვევდა. შესაბამისად, უამრავი სტატია და სიუჟეტი მზადდებოდა ამ თემაზე, რომლებშიც ჟურნალისტები, ექსპერტები და ჩვენი თანამოქალაქეები სვამდნენ კითხვას – რატომ იყო საქართველოში კაბალური ტარიფები მაშინ, როდესაც ევროპაში და ამერიკაში, სადაც მომხმარებლის გადახდისუნარიანობა შეუდარებლად მაღალია, პირობები მაქსიმალურად მორგებული იყო მოქალაქეებზე.
ჩვენი თანამოქალაქეები სხვა კითხვასაც სვამდნენ. კერძოდ, "ჯეოსელი" თურქული ინვესტიციით შეიქმნა და მოქალაქეები ამ კომპანიის ტარიფების საკითხს "უცხოელებს რა უნდა მოსთხოვო" პრინციპით უდგებოდნენ. თუმცა იქვე იყო ქართული "მაგთიც", რომელიც კაბალური პირობებით ნამდვილად იყო თურქული კომპანიის კონკურენტი. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებდათ – ნუთუ არ შეეძლოთ "მაგთის" ქართულ დამფუძნებლებს სულ ოდნავი შეღავათი მაინც გაეწიათ თანამემამულეებისთვის? თუმცა ალბათ, მას, რომელიც კაბალური პირობებით ზესუპერმოგებას იღებს და გამკითხავიც არავინ ჰყავს, ზემოხსენებული კითხვა ბრიყვულ სენტიმენტალიზმად მოეჩვენება.
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე
(გამოდის ორშაბათობით)