სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს აფასებს.
"კახი კალაძე არის ის პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე ნაკლები გამოცდილებით მოვიდა პოლიტიკაში და ყველაზე დიდი ნაბიჯებით მოახდინა წინსვლა!!! "რივოკი" - 100%-ით!
გუშინდელი განცხადება ამის დასტურია!
საღოლ კახი!", - წერს მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის გუშინდელი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტრაგედიაზე საკუთარი "პიარის აგორებას" ცდილობს.
როგორც კალაძე საზოგადოებისადმი მიმართვაში აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, ასევე უკრაინასა და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას.
"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერი, მოქალაქე სააკაშვილი ბედავს და უკრაინის ტრაგედიაზე ცდილობს თავისი პიარის აგორებას. სააკაშვილი, რომლის რეჟიმი ზუსტად იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად უარყო საკუთარმა ამომრჩეველმა - მომხვეჭელობა, კანონის საკუთარ თავზე მორგება, სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კომფორტის, კეთილდღეობის და დასვენების მოგვარება - ესაა სააკაშვილის და იანუკოვიჩის გუნდების საერთო ხელწერა და დანაშაული საკუთარი მოსახლეობის წინაშე. იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს და საერთაშორისო ნორმების დარღვევას, როგორც ყოველთვის, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ჩვეული, ისტერიული განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას, წარმოშობილი პრობლემის გაღრმავებას და დესტრუქციას. "ნაციონალური მოძრაობის" თვითპიარზე ორიენტირებული გამოსვლები სასაცილოს ფაზიდან უკვე გადავიდა იდიოტიზმის და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაზე. ამ პარტიის წარმომადგენელი, ბატონი ვაშაძე ბედავს და სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ჯარი არ დგას. მცოცავი ოკუპაციის ფონზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, უკრაინასა და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას", - აღნიშნავს კალაძე მიმართვაში.
იხილეთ ასევე: კალაძისა და "ნაციონალების" დიდი დაპირისპირება "ცუდი სიტყვების თქმაში"