გასულ წელს ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით შემცირდა

გასულ წელს ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით შემცირდა

ბიძინა ივანიშვილის პოზიციები Forbes-ის რეიტინგში გაუარესდა

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 270-ე ადგილი დაიკავა, რითაც მისი შარშანდელი პოზიციები გაუარესდა.

გასული წლის მარტის მონაცემებით ქართველი მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეიტინგში 229-ე ადგილს იკავებდა. შარშან ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.3 მილიარდ აშშ დოლარად ფასობდა, წელს კი - 5.2 მილიარდად იქნა შეფასებული. შესაბამისად, ივანიშვილის ქონება გასულ წელს 100 მლნ დოლარით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 1.1 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა ყოფილი პრემიერის ქონება 2012 წლის მარტიდან 2013 წლის მარტამდეც.

მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი კვლავ ერთადერთი ქართველია, რომელიც Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში შედის.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგმა წელს მილიარდერთა რეკორდული რაოდენობა მოიცვა - 1,645 მილიარდერი მსოფლიოს მასშტაბით. წელს პრესტიჟულ რეიტინგს 268 ახალი სახე შეემატა, ხოლო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონების საერთო მაჩვენებელმა 6,4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება რეიტინგის პირველ ხუთეულს, ადგილები გაცვალეს ბილ გეითსმა და მექსიკელმა მილიარდერმა კარლოს სლიმ ჰელუმ. შედეგად, ბილ გეითსმა შარშანდელი მეორე ადგილიდან რეიტინგის სათავეში გადაინაცვლა 76 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით, ხოლო სლიმ ჰელუმ შარშანდელი პირველი ადგილი დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა 72 მილიარდი აშშ დოლარიანი მაჩვენებლით.

შარშანდელიდან მოყოლებული მყარად შეინარჩუნა მესამე ადგილი ესპანელმა ამანსიო ორტეგამ, რომელსაც ყველაზე მეტად ტანსაცმლის ხაზის, Zara-ს გამო სცნობენ. 77 წლის ორტეგას ქონება 64 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.

თავისი მეოთხე ადგილი შეინარჩუნა უორენ ბაფეტმაც. Berkshire Hathaway-ს 83 წლის აღმასრულებელი დირექტორის ქონება წელს 58.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შარშანდელთან შედარებით ცვლილება არ ყოფილა რეიტინგის მეხუთე პოზიციაზეც. ლარი ელისონი კვლავ მეხუთე ადგილზეა. Oracle-ს 69 წლის დამფუძნებელი 48 მილიარდ აშშ დოლარიანი ქონები პატრონია.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალის სტატუსი დაკარგა L'Oreal-ის მფლობელმა ლილიან ბეტანკურმა. მან მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგის პირველ ათეულში ერთადერთი ქალის სტატუსი Wal-Mart-ის თანახელმძღვანელს, კრისტი ვალტონს გაუცვალა. შედეგად, ვალტონი 36.7 მილიარდი აშშ დოლარით რეიტინგში მეცხრე ადგილს, ხოლო 91 წლის ბეტანკური 34,5 მილიარდი აშშ დოლარით მე-11 ადგილს იკავებენ.

წყარო bpn.ge

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ