"ჩემს შვილთან ერთად პარლამენტის შენობიდან გადმოვხტები"

"ჩემს შვილთან ერთად პარლამენტის შენობიდან გადმოვხტები"

სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში, დვალიშვილების 4-სულიანი ოჯახი სხვის სახლში სამოწყალოდაა შესახლებული.

პატარა მოდგმულაში სულ სამი ოთახია და მათგან მხოლოდ ერთს აქვს ერთდროულად მისაღების, საძინებლის და სამზარეულოს ფუნქცია. დანარჩენ ორ ოთახს კი უფუნქციობის გამო საკუჭნაოს უწოდებენ. საცხოვრებელში ელემენტარული პირობები არ არსებობს. წვიმისა და სიცივისგან დასაცავად შენობას, პოლიეთილენის პარკები აქვს ფანჯრებზე გაკრული. 4 სულიან ოჯახში მხოლოდ ერთი დასაჯდომი სკამია, რომელსაც მონაცვლეობით იყენებენ.

ტარიელ დვალიშვილსა და იზოლდა ზაკალაშვილს ჭერის პრობლემის გარდა, 6 წლის ეპილეფსიით დაავადებული დარეჯანი ჰყავთ აღსაზრდელი და 84 წლის ასევე ეპილეფსიით და სიმსივნით დაავადებული მოხუცი ყავთ მოსავლელი. ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. მათი ყოველთვიური შემოსავალი - სოციალური დახმარების 202 ლარი, მოხუცის პენსია 150 ლარი და ბავშვის დახმარება, მისი ავადმყოფობის ისტორიიდან გამომდინარე, 100 ლარია. აქედან, მინიმუმ 300 ლარი დვალიშვილებს წამლებში არ ჰყოფნით, მათთან "საპატიო" თარო წამლების უზარმაზარ ყუთს უკავია.

ოჯახის დიასახლისის თმით, მათ არაერთხელ მიმართეს დახმარების თხოვნით სახელმწიფოს, პოზიციისა თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა მათი დაპირებები დაპირებად დარჩა.

"არჩევნებამდე კახა კალაძე საკუთარი ფეხით მოვიდა ჩემს სახლში და რომ გადახედა აქაურ სიტუაციას, ბავშვის მდგომარეობას, მითხრა, ყველანაირად დაგეხმარებიო. შემპირდა, საკუთარი სახსრებით გიყიდით სადმე სახლსო, იმ დღეს, 200 ლარი ამოიღო ჯიბიდან და მაჩუქა. იმედი გამიჩნდა, რომ დამეხმერაბოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, პირობა არ შეუსრულებია. რამდენჯერმე მივედი მასთან სამსახურში და თვითონ დამემალა, მის დაცვას გამოატანა 200 ლარი და ისე გამომისტუმრა. გიორგი მარგველაშვილსაც კი დაველაპარაკე პირადად, როცა საარჩევნოდ შეხვედრებს მართავდა სამტრედიაში. მითხრა, რომ აუცილებლად მოგხედავ, ოღონდ ეს არჩევნები ჩამატარებინეო, მაგრამ იქაც არაფერი. მსგავსი შემთხვევა რამდენიც გინდათ. თითქმის ყველა სტრუქტურაში დავწერე განცხადება, მაგრამ, მხოლოდ ერთი მეორეს შუამდგომლობას უწევენ და მე დამარბენინებენ ტყუილად" - განაცხადა იზოლდა ზაკალაშვილმა.

ტარიელ დვალიშვილი კი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში, ავადმყოფ შვილთან ერთად პარლამენტიდან გადმოხტომით იმუქრება.

"ჩემი ცხოვრება დიდი ხანია რაც დამთავრდა, ჩემი შვილის ასეთ დღეში ყოფნამ დამასამარა. არ ვიცი, საიდან ვიშოვო საკმარისი თანხები, რომ ჩემს დაჯის წამალი არ მოვაკლო, რომ ჩემს დაჯის არ შესცივდეს და არ მოშივდეს, მის საბოლოო განკურნებაზე არაფერს ვამბობ, ან სამუშაო მომცენ, ვემსახურები დღე და ღამე, ოღონდ კი რამე ვიშოვო, ან მოწყალება მაინც გაიღონ და გადამირჩინონ ჩემი ერთადერთი პატარა. დედა კიბოიანი მყავს, შვილი ეპილეფსიანი, ცოლს სიცოცხლე გავუმწარე, სმა დავიწყე, იქნებ დავივიწყო ეს ყველაფერი მეთქი, მაგრამ არ მშველის, მეც ნერვოზი მაქვს უკვე. ადრე, "ნაციონალური" მთავრობის დროს, ერთჯერადად მაინც მეხმარებოდნენ, სანდრა რულოვსის შუამდგომლობით 500 ლარი გადმომირიცხეს ერთხელ, წამლებზე შეღავათები გვქონდა. სააკაშვილის დამსახურებაა ჩემი შვილი დღეს ცოცხალი რომ არის. მეზობლები მიდგანან გვერდით და მეხიდებიან, ბავშვს რომ არ მოშივდეს. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენი დეპუტატი აქვე მეზობლად ცხოვრობს, ხედავს ამ გაჭირვებას და არაფერს არ აკეთებს. ახლა კი, არავინ არ არის ჩვენი პატრონი, ისღა დამრჩენია, მოვკიდო ჩემს შვილს ხელი და პარლამენტის შენობიდან ორივემ გადმოვხტეთ. ასე დამთავრდება ორივეს ტანჯული ცხოვრება", - ამბობს ტარიელ დვალიშვილი.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა