სკოლა "ფიცრულში" - ქირას მასწავლებლები ხელფასიდან იხდიან

სკოლა "ფიცრულში" - ქირას მასწავლებლები ხელფასიდან იხდიან

პანკისის ხეობაში, სოფელ ძიბახევის დაწყებითი სკოლა 10 წელია ფიცრულ სახლშია განთავსებული. "ფიცრული" კერძო საკუთრებაა და ორი ოთახისგან შედგება. ერთი ოთახი დაწყებითი კლასების მასწავლებელმა შორენა ბორჩაშვილმა თავისი სახსრებით შეძლებისდაგვარად შეაკეთა, მეორე ოთახში კი, სადაც გაკვეთილები პირველი და მესამე კლასებისთვის ტარდება, მინიმალური პირობებიც არ არსებობს. ფიცრებს შორის ღრიჭოებია და ზამთარში ისე ცივა, რომ ოთახს ღუმელიც ვერ ათბობს. ყინვების დროს მოსწავლეები სკოლაში არ დადიან.

"ფიცრულის" ქირის ფულს - 100 ლარს უკვე ოთხი თვეა მასწავლებლები იხდიან და ასე ცდილობენ სოფელში სკოლის შენარჩუნებას.

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სოფელს სკოლა ჰქონდეს და ბავშვებს შეეძლოთ თავისივე სოფელში ისწავლონ, თუნდაც წერა-კითხვა მაინც. ვის არ მივმართეთ, რომ ჩვენთვის ორი ოთახი მაინც აეშენებინათ, თუმცა შედეგი არ გამოიღო. პირიქით, ცდილობენ, სოფელი სკოლის გარეშე დატოვონ. ქირასაც თავად ვიხდით მასწავლებლები. აბა, ნორმალურ ქვეყანაში ასე მოხდებოდა? რესურსენტრისთვის არ მიგვიმართავს. რა, თვითონ არ იციან, რომ სხვის სათავსოში ვართ? რამდენს ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ, ვცდილობთ სკოლისთვის თავი დავდოთ, რამე შევმატოთ, ხომ შეიძლება პატარა ყურადღება მოგვაქციონ. ბირკიანის მოსახლეობა, რომლისთვისაც ამავე სოფლის სკოლაზე ახლოს ძიბახევია, აცხადებს, რომ მათი ბავშვებისთვის სოფლის თავიდან ბოლოში ამდენი წიგნების ტარება ძნელია, პატარებისთვის მითუმეტეს და თუ ააშენებენ ძიბახევში სკოლას, იქ ვატარებთ ბავშვებსო", - აღნიშნა დაწყებითების მასწავლებელმა შორენა ბორჩაშვილმა.

ძიბახევში ბევრი ახალგაზრდა ოჯახია, მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, თუმცა ხელისუფლება სკოლისთვის ორი ოთახის აშენების ნაცვლად, მის დახურვას და ბავშვების ბირკიანის სკოლაში გადაყვანას ცდილობს. მშობლებს ბავშვების ბირკიანის სკოლაში გადაყვანა არ უნდათ. მათი თქმით, ზამთარში ბავშვებს 2 კილომეტრზე ფეხით სიარული გაუჭირდებათ, სკოლის ავტობუსი ხშირად აგვიანებს, ზოგჯერ კი საერთოდ არ დადის.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა