საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია აღმოჩნდა მწერლისა და უფლებადამცველის, ირაკლი კაკაბაძის Facebook-ზე გამოქვეყნებული ვრცელი პოსტის თემა. ირაკლი კაკაბაძე მას აგენტ-პროვოკატორობაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ირაკლი კაკაბაძე თემურ ალასანიას უკრაინაში გამოჩენას ეხმიანება და წერს:
"agent provocateur - აგენტი პროვოკატორი უძველესი პროფესიაა, რომელსაც ნებისმიერი იმპერია წარმატებით იყენებს. ასეთები ბევრია ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ მოძრაობაში. უსამართლო რეჟიმსა თუ იმპერიას ყოველთვის მარჯვედ ყავს მომრავლებული ასეთი პროვოკატორები, იმისათვის რომ სამართლიანი პროტესტი არასამართლიანად გამოაჩინოს ნებისმიერ მომენტში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია, იური ანდროპოვის კგბ-ს მიერ მომზადებული სწორედ ასეთი "აგენტი პროვოკატორების" მშობელი ოფიცერია - და თანაც მაღალი რანგის ოფიცერი. დღევანდელ რუსულ სპეცსამსახურებში მას ფსბ-ს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება უჭირავს. ის ერთ-ერთი უნიჭიერესი კადრია რუსეთის იმპერიის "ტვინის რეცხვის" მანქანაში. ტყუილად არ იყო, რომ სწორედ ამ იმპერიის ჩინოვნიკად მუშაობდა გაეროში წლების მანძილზე და თანაც ყველაზე სარფიანი საქმე, იარაღის ყიდვა-გაყიდვა ებარა. ასეთ საქმეს ვინმე შემთხვევითს არ აბარებენ.
ახლაც, უკრაინის მოვლენების ფონზე გამოჩნდა თემურ ალასანიას ფოტო რუსთავი 2-ის ერთ-ერთ რეპორტაჟში. საერთოდ, კგბ-ს გენერლები ფოტოკამერებს ყოველთვის ემალებიან - მაგრამ როგორც ეტყობა ჩვენი ეთნიკურად თანამემამულე გენერალ-პოლკოვნიკი შემთხვევით აღმოჩნდა კადრში, როდესაც ვიტალი კლიჩკოსა და მის დისშვილს გვერდს უმშვენებდა. რა მისიით შეიძლებოდა ყოფილიყო თემურ ალასანია უკრაინიაში? დავიჯერო, მასაც როგორც მთელს "ცივილიზებულ სამყაროს" გული აუჩუყდა უკრაინელი ხალხის მაგივრად? რაღაც ეჭვს იწვევს რომ იარაღის ბიზნესში ჩაბმულ ტრანს-ნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ წევრს ნებისმიერი ტიპის ძალადობაზე გული უჩუყდებოდეს. არა - აქ საქმე სულ სხვა რამეშია.
ახლახანს გავრცელდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ქეთრინ ეშტონის სატელეფონო საუბარი, სადაც ლაპარაკია იმ სნაიპერებზე, რომლებმაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად დახოცეს ხალხი ორივე მხარეს. მინისტრის მონათხრობის თანახმად, ეს სნაიპერი არ იყო იანუკოვიჩის ძალების წარმომადგენელი და თითქოსდა ახალ მთავრობას ვერ გაურკვევია მისი (მათი) ვინაობა, ვინც ასე უმოწყალოდ ხოცავდა როგორც პროტესტის მონაწილეებს, ასევე პოლიციელებს. ცხადია, შეთქმულების თეორიების აგება იმაზე რომ ევროკავშირი თვითონ იყო დაინტერესებული ამ სისხლისღვრაში სრულიად პარანოიალური იდიოტიზმი უფროა, ვიდრე საღი განსჯა. მაშ ვინ უნდა ყოფილიყო ეს პროვოკატორი?
ამერიკელ კერძო გამომძიებელთა ჯგუფმა ახლახანს გამოარკვია რომ თემურ ალასანიასთან ერთად უკრაინაში კრიზისის პერიოდში იმყოფებოდა აწ უკვე კარგად ცნობილი ვიქტორ ბუტის ჯგუფის დაახლოებით 50 წევრი, რომელთა უმრავლესობაც შეიარაღებული გადაადგილდებოდა. მათი პოლიტიკური ორიენტაცია როგორც დემონსტრანტებისთვის, ასევე ბერკუტისათვის გაურკვეველი დარჩა - ისინი ხან ერთ მხარეს იდგნენ, ხან მეორე მხარეს. და ბოლოს, როცა 22 თებერვლის საბედისწერო ღამე დადგა - ეს ჯგუფი გაუჩინარდა. მას მერე ისინი უკრაინაში არავის უნახავს. ახლა მუსირებს ვერსია, რომ ეს სნაიპერები, სწორედაც რომ ამ ჯგუფის წევრები იყვნენ - რამდენი 15 თუ 35 ეს რთული სათქმელია, რადგან ამ თემაზე გამოძიება ძალიან გართულებულია და უკრაინის ახალი ხელისუფლებაც ჯერჯერობით ვერაფერს აკეთებს. მაგრამ, ერთი რამ ცხადია - ამ ჯგუფის აღარც ერთი წევრი აღარ არის უკრაინაში.
მაინც რატომ შეიძლებოდა თემურ ალასანიას და ვიქტორ ბუტის ჯგუფის წევრებს უკრაინაში სიტუაციის ამღვრევა? ეს რუსეთის სპეცსამსახურების დავალება იყო? ალბათ, ეს მაინც შედარებით პრიმიტიული პასუხია ამ კითხვაზე. ალასანია-ბუტის დაჯგუფება ტრანს-ნაციონალური ორგანიზაციაა - და მართალია ისინი რუსეთის იმპერიული ძალების ერთგული მსახურები არიან, მათთვის მაინც მთავარი მოტივატორი ფულია. მათ უკრაინაში საკმაოდ სერიოზული "ბიზნეს-ინტერესები" ჰქონდათ - კერძოდ "უკრსპეცექსპორტის" ბონდარჩუკთან ერთად ისინი წარმატებით ახორციელებდნენ მილიარდობით დოლარის ოდენობის რუსული იარაღის - ავტომატ კალაშნიკოვიდან დაწყებული ჰაერსაწინააღმდეგო იარაღით დამთავრებული - გაყიდვას მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე. გაყიდვების ერთ-ერთ ბაზად საქართველოც გამოიყენებოდა - მაგრამ არა მხოლოდ საქართველო - ამ სქემაში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობდნენ. ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტების დაგლას ფარას და სტივენ ბრაუნის წიგნში "სიკვდილის ვაჭარი" კარგად არის აღწერილი ბუტის და ალასანიას დაჯგუფების გასაყიდი ბაზებიც და საბოლოო დანიშნულების წერტილებიც. ეს წიგნი ჯერ კიდევ ბუტის დაჭერამდე გამოქვეყნდა. აქ ფიგურირებს არაერთი ქვეყანა. თემურ ალასანია გაეროში სწორედ ამ იარაღის მაფიას "კრიშავდა" და მათგან ჯეროვან წილსაც იღებდა.
უკრაინაში სამოქალაქო დაპირისპირების პირობებში აუცილებელი იყო ამ მაფიის ნაკვალევის წაშლა, რომელიც იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს საკმაოდ გაიფურჩქნა. და სწორედ აქ გამოჩნდნენ კარგად გაწვრთნილი სნაიპერები. სწორედ უკრაინიდან იყო წარმოშობით ის ავადსახსენებელი იარაღის უკანონოდ გადამყიდველი ფირმა "Bell Trading & Consulting" რომლის სახელსაც თემურ ალასანიას და ვიქტორ ბუტს უკავშირებენ. ამ კომპანიამ მარტო ქართველი გადამხდელის მილიარდობით ლარი მიითვისა - და საქართველო არ იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს დანაშაულებრივი ჯგუფი ფულს აკეთებდა. ის მხოლოდ, ერთ-ერთი იყო. საჭირო იყო კვალის წაშლა - რადგან ჯერ კიდევ 2009 წელს იულია ტიმოშჩენკომ გამოაჟონინა მასალებს ამ მაფიის მოღვაწეობის შესახებ. ამ მასალებიდან ნათლად ჩანს რომ ეს კომპანია უდიდესი ფულის მაქინაციებში იყო გაბმული და იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა. ჰილარი კლინტონის წერილმა ისიც კი თქვა რომ ეს ჯგუფი დანაშაულებრივ სამყაროსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ყოფილ საბჭოთა კავშირში და იარაღს უკანონოდ ყიდდა ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე.
სწორედ აქ იკვეთება ამ ტრანს-ნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის ინტერესი რომ სიტუაცია უკიდურესად აერია უკრაინაში. მათი ნამოქმედარი უკვე აშკარა ხდებოდა - მას იძიებდა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ისრაელის და ბევრი სხვა ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურები. ომის პირობებში კი ყველაფერი იფარცხება.
კიევში გაჩაღებულმა სისხლისღვრამ დროებით ეს კორუფციული საკითხები უკანა პლანზე გადაწია. უფორ მეტიც, იარაღის გადამყიდველებისათვის "ახალი ბაზარი" გაჩნდა უეცრად. პუტინმა ყირიმში ჯარი შეიყვანა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობა პიკს აღწევს. მშვიდად არც კიევია. მაშასადამე ამ დანაშაულებრივ ჯგუფს არათუ წინა ისტორიებიდან "მშრალად გამოსვლა" შეუძლია - არამედ მისი "წარმატებული ბიზნესის" კიდევ უფრო სარფიანად გაგრძელება.
აი, რატომ იყო საჭირო ის "უხილავი სნაიპერები", რომლებზეც ასე დაბნეული საუბრობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. აი, რატომ იყო საჭირო თემურ ალასანიას უკრაინაში ჩასვლა. აი, რატომ არის საჭირო საქართველოში ნაციონალური მოძრაობის პროვოკატორული ტონი. ომის ამღვრეულ წყალში სიმართლე უცებ იკარგება - და ბევრი ფაქტის გამოძიება ელემენტარულად შეუძლებელი ხდება.
და არ დაგავიწყდეთ ჩვენი, სამამულო, უკრაინელი, რუსი, და სხვა ეროვნების agent provocateur-ების მამა ხომ იური ვლადიმერის ძე ანდროპოვის აღზრდილი კგბ-ს გენერალ პოლკოვნიკია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა დღემდე არ მიუტოვებია და რომელსაც ყოველთვის ხელს დააფარებს ვლადიმირ პუტინი.
მეგობრებო, ცუდი საქმეა agent provocateur-ობა. ცუდი საქმეა სისხლისღვრის და ომის პროვოცირება. ცუდი საქმეა ცეცხლზე ნავთის დასხმა - თუნდაც ეს ნავთობი ოქროს ფასი იყოს.
იმედია უკრაინელი ხალხი გაუძლებს ამ უმძიმეს გამოცდას და არ აყვება ემოციებს და არ ჩაებმება ძმათამკვლელ ომში.
იმედია ქართველებიც აღარ ავყვებით ფსბ-ს გენერალ-პოლკოვნიკის დისშვილის, საბჭოთა კგბ-ს ეფრეიტორის და მისი თანაპარტიელების პროვოკაციულ ქმედებებს და კიდევ ერთხელ არ გავაუბედირებთ უდანაშაულო მშვიდობიან ოჯახებს.
ეს მხოლოდ იმ იმპერიას თუ წაადგება, რომელსაც ვითომდა "ებრძვიან" ეს პაგონებიანი კგბ-შნიკები.
არ ავყვეთ agent provocateur-ებს. ისინი ბევრნი არიან ჩვენს გარშემო.
და ბევრ ფულსაც აკეთებენ", - ირაკლი კაკაბაძე.