კლიმაქსი და სქესობრივი ცხოვრება

 კლიმაქსი და სქესობრივი ცხოვრება

ქალის შვილოსნობის ფუნქცია ხშირად 48-50 წლის ასაკში სრულდება. კვერცხუჯრედები მომწიფებას წყვეტენ, ამის კვალობაზე, წყდება მენსტრუაციაც და ქალი ერთი ბიოლოგიური მდგომარეობიდან მეორეში გადადის. კლიმაქსი, თუმცაღა ძალიან იშვიათად, შესაძლოა 30 წლის ასაკშიც დადგეს, მაგრამ ბოლოდროინდელი მონაცემებით, უმეტესად 50-60 წლის ასაკში დგება - ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ხომ ბოლო ხანს საკმაოდ გაიზარდა.

ერთი საინტერესო გადახვევა, რომელიც ისტორიაში ერთადერთ აღრიცხულ შემთხვევად მიიჩნევა: 127 წლის თურქი ედირგერი (1964 წელი, თურქეთი) განცვიფრებული დარჩა, როცა მეუღლემ, ფატიმამ, ტყუპი გაუჩინა. იმ დროს ფატიმა 95 წლის გახლდათ. ის სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდა და კლიმაქსი არ ჰქონია - მის ორგანიზმში კვერცხუჯრედები კვლავაც მწიფდებოდა და, შესაბამისად, მენსტრუაციაც ჰქონდა. ხოლო ინგლისელმა ენი ჰატჩეტმა პირველი შვილის გაჩენა 58 წლის ასაკში მოისურვა და სურვილი ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე აისრულა. მას კლიმაქსი 70 წლისას დაეწყო. კლიმაქსი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. თავდაპირველად აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა: მენსტრუაცია ზოგჯერ ორი-სამი თვით იგვიანებს, ზოგჯერ კი თვეში ორჯერაც მოდის, გამონადენი ხან უხვია, ხან მცირე. კლიმაქსის პერიოდში სხვადასხვაგვარად იცვლება ქალის ხასიათიც: იყო მშვიდი, გაწონასწორებული, მოულოდნელად კი ბრაზიანი და ავი გახდა; იყო ენერგიული და გახდა დუნე და აპათიური. ზოგჯერ შეინიშნება სიმხურვალის შეგრძნება, მხურვალე ტალღების ან "ალების" შემოტევა - სახე და კისერი წითელი ლაქებით იფარება, იმატებს ოფლიანობა, მცირდება შრომისუნარიანობა. კლიმაქსი მამაკაცებშიც შეინიშნება, მაგრამ ქალებზე ათი წლით გვიან იწყება და შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მხოლოდ მამაკაცთა 10-20%-შია მოსალოდნელი მძიმედ მიმდინარე, ე. წ. პათოლოგიური კლიმაქსი, რომელიც ორიდან ათ წლამდე გრძელდება და გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული და შარდსასქესო სისტემების დაზიანებით ვლინდება. პაციენტები უჩივიან სახის, კისრისა და სხეულის ზედა ნაწილის მოულოდნელ გაწითლებას, ჰაერის უკმარისობას, გაძლიერებულ გულისცემას, ქოშინს, მტევნებისა და ტერფების გაცივებას, შიშის განცდას, დეპრესიას, სისუსტეს, მეხსიერების დაქვეითებას, კანკალს. მცირდება შარდის ბუშტის ტონუსი. როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებშიც კლიმაქსის მკურნალობა კომპლექსურად ტარდება: შერჩეულ უნდა იქნეს შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმი, ძალიან სასარგებლოა ოთახის ტემპერატურის წყლით სხეულის გაწმენდა და ცურვა, სამკურნალო ფიზკულტურა, რაციონიდან მლაშე, ცხარე და ცხიმიანი საკვების, სანელებლებისა და ალკოჰოლური სასმელების ამოღება, თამბაქოზე უარის თქმა. ინიშნება ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები, ვიტამინები, ანტისკლეროზული, საჭიროების შემთხვევაში - დამამშვიდებელი და ჰორმონული პრეპარატები. მედიკამენტური საშუალებები ექიმმა სპეციალისტმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს. თვითმკურნალობა აკრძალულია. აკრძალულია ნათესავ-მეგობრების "გამოცდილების" საკუთარ თავზე მორგება და გამოყენებაც. სხვათა შორის, კლიმაქსთან ბრძოლის საუკეთესო გზად რეგულარული სქესობრივი ცხოვრება ითვლება. საკამათო არ არის, რომ კუნთების მატრენირებელი ვარჯიში, სპორტი ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს და ადამიანს მრავალი დაავადებისგან იცავს. და თუ ეს ყველაფერი აძლიერებს ზედა და ქვედა კიდურების კუნთებს, აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და ფიზიკურ ფორმას, მაშინ რატომ უნდა უგულებელვყოთ სასქესო ორგანოთა კუნთების ანალოგიური შესაძლებლობა? რეგულარული სქესობრივი ცხოვრება მათ ტრენირებას ახდენს, ამასთანავე, აუმჯობესებს სქესობრივი აქტის ხარისხს. ებისმიერ ასაკში, მით უმეტეს ხანდაზმულობისას, ადამიანის ყველა არამომუშავე ორგანო სწრაფად კარგავს ფუნქციას და "კვდება". ექიმები ხშირად ამჩნევენ, რა სწრაფად ატროფირდება იმ ქალების საშოს კუნთები, რომლებიც არაფრით არ შეიძლება მოხუცებად მივიჩნიოთ, მაგალითად, 40-50 წლის ქვრივებისა ან იმათი, ვინც უპირატესობას ანიჭებს მარტოხელა (უმამაკაცო) ცხოვრების წესს. სქესობრივი თავშეკავების რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი ქალბატონების სასქესო ორგანოთა ანატომია სამწუხარო სურათს წარმოაჩენს. ამ დროს ქალებს, რომლებიც რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან, შეუძლიათ ოთხმოცი წლის ასაკშიც კი იამაყონ სასქესო ორგანოების კარგი მდგომარეობითა და ფუნქციური აქტივობით. ამოკვლევებმა, რომლებიც ამერიკელმა სექსოლოგებმა მასტერსმა და ჯონსონმა სქესობრივი შერწყმის ფიზიოლოგიის სფეროში ჩაატარეს, აჩვენა, რომ 80 წელს მიახლოებული ადამიანების კოიტუსის (სქესობრივი აქტის) დროს ნერვული და კუნთური რეაქციები და სისხლის მიმოქცევა არაფრით განსხვავდება საშუალო ასაკის ადამიანების რეაქციებისგან - რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ პარტნიორები რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს