შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები

 შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები

მედიცინის ისტორიაში იმდენი უცნაური ფაქტი, სასწაულებრივი გამოჯანმრთელების იმდენი შემთხვევაა აღნუსხული, რომ მათ შესახებ ათასობით ნაშრომი დაიწერება. სამწუხაროდ, მრავალი საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუხსნელია, ყოველთვის ვერ ხერხდება დამაინტრიგებელი გამოცანის ცალკეული ფაქტების ერთ სურათად შეკვრა. ადამიანი თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ მან ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის საკუთარი ორგანიზმის შესახებ, რომელიც აქამდე სავსებით შესწავლილი ეგონა. ზემოთქმულის მაგალითად გამოდგება ის მართლაც შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ადამიანის ორგანიზმის იდუმალებასა და უსაზღვრო შესაძლებლობებს.

დაბრუნება 19 წლის შემდეგ

უგონოდ მყოფი პაციენტი მრავალი წლის შემდეგ კომიდან გამოვიდა - თითქოს არაფერია დაუჯერებელი, მაგრამ ასეთი შემთხვევები გაოცებას მაინც იწვევს: ადამიანი ხომ ამ დროს თითქოს დროში გადაადგილდება. ასე მოუვიდა პოლონელ რკინიგზელს, რომელიც 19 წელი იყო უგონოდ. ისტორია მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში დაიწყო, როდესაც პოლონეთს ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმი მართავდა. არეულ ქვეყანაში უკვე სიღარიბე და შიმშილი სუფევდა, როდესაც რკინიგზელმა იან გრჟებსკიმ თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექიმებმა მის ოჯახს სამწუხარო ამბავი ამცნეს: მექანიკურ დაზიანებასთან ერთად იანს თავის ტვინის სიმსივნეც აღმოაჩნდა. მამაკაცი კომაში ჩავარდა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის სამ წელიწადზე მეტ ხანს ვერ გაძლებდა, ცოლსა და ნათესავებს კი სასწაულის იმედი ჰქონდათ. ისტორია მართლაც სასწაულით დამთავრდა - ბატონი გრჟებსკი 2007 წლის 12 აპრილს გონს მოვიდა. ექიმებს მხრების აჩეჩვის გარდა აღარაფერი დარჩენოდათ. სამყარო კი ირგვლივ უკვე კაპიტალისტური და დემოკრატიული გამხდარიყო. უნდა გენახათ მუშის გაოცება, როდესაც გაიგო, რომ კომუნიზმი თვრამეტი წლის წინ დაემხო, შინ კი თერთმეტი შვილიშვილი ელოდა. იანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "დღეს ძალიან მაოცებს, რომ ყველა, ვინც მობილური ტელეფონით ხელში დადის გარშემო, გამუდმებით რაღაცაზე წუწუნებს. მე კი რაღა მაქვს საწუწუნო?" მართლაც - იმას, რაც გვაქვს, ხშირად მანამდე არ ვაფასებთ, სანამ არ დავკარგავთ.

დენის გამტარი ადამიანი

ზოგჯერ ადამიანები საზოგადოების ყურადღებას იმით იპყრობენ, რომ აცხადებენ, თითქოს ელექტროდენის მართვა შეუძლიათ. ერთ-ერთი ასეთი "ჯადოქარი" პუერტორიკოელი ხოსე რაფაელ მარკეს აიალაა. ეს ზეგამტარი ადამიანი ისე ატარებს სხეულში დიდი რაოდენობით ელექტრულ დენს, იოტის ოდენა ზიანიც არ ადგება. მეტიც - მას ხელის თითებით ქაღალდისთვის ცეცხლის წაკიდებაც შეუძლია.

ბავშვები მაქციის სინდრომით

ინდოელი ბიჭუნა პრითვირაჯ პატილი და ტაილანდელი გოგონა სუპატრა სასუპანი სხვა ბავშვებივით ოცნებობენ, მათსავით უყვართ თამაში და ცურვა, ხატვა და ნაყინი. მაგრამ თანატოლებისგან მათ თანდაყოლილი დაავადება - ჰიპერტრიქოზი განასხვავებთ, რომელსაც ზოგჯერ მაქციის სინდრომსაც უწოდებენ. ეს იშვიათი და უჩვეულო დაავადებაა. 1638 წლიდან მისი მხოლოდ 50 შემთხვევაა რეგისტრირებული. ბავშვები არაკონტროლირებადი გათმოვანებით იტანჯებიან. მათ თავსა და სხეულის სხვა ნაწილებს ცხოველის ბალნის მსგავსი ჯაგარი (მსხვილი და უხეში თმა) ფარავს. ვერც მედიცინამ, ვერც სხვა მეცნიერებამ ამ ანომალიას ახსნა ვერ მოუძებნა. ძალიან გულსატკენია, როდესაც გაზეთში ასეთ ბავშვებზე დაწერილ სტატიებს ამგვარად ასათაურებენ: "ნახევრად ადამიანი, ნახევრად მხეცი", "ნამდვილი პატარა მგელი"... სინამდვილეში ეს ბავშვები მაქციის სინდრომისგან კი არა, უფრო საზოგადოების სასტიკი დამოკიდებულებისგან იტანჯებიან.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს