ევანჯელინა ადამსი - მეოცე საუკუნის ნოსტრადამუსი

ევანჯელინა ადამსი - მეოცე საუკუნის ნოსტრადამუსი

ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ეკონომიკურ-პოლიტიკური მოვლენები. სწორედ ევანჯელინა იყო ის ადამიანი, რომელმაც ცნობილ საოპერო ტენორს ენრიკო კარუზოს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევის გამო, სასიკვდილო საფრთხის მოახლოება აუწყა...

ევანჯელინა ადამსის დაბადების ზუსტი თარიღის გარშემო, დღემდე არ წყდება დავა ასტროლოგებს შორის. რადგან თავად ევანჯელინა თვლიდა, რომ კარგმა ასტროლოგმა აუცილებლად უნდა გაასაიდუმლოს საკუთარი დაბადების თარიღი. ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიის რთულ პერიპეტიებში, ალბათ მიხვდება რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ევანჯელინას მხრიდან გამოჩენილი მსგავსი წინდახედულება, ისევ და ისევ მისი პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისით.

არაოფიციალური მონაცემებით კი, იგი 1868 წლის 8 თებერვალს დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატში. ამერიკელი კოლონიზატორების ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდის საკითხზე ძირითადად დედა ზრუნავდა. დაახლოებით 18 წლის ასაკში ევანჯელინამ მუშაობა დაიწყო მდივნად, ხორბლით მოვაჭრე კომპანია "ლორდი და ვებსტერში" . თუმცა კომპანიის მფლობელთან გაჩაღებულმა უიღბლო რომანმა და საკუთარი პირადი ცხოვრების დასარეგულირებლად გზების ძიებამ, აიძულა იგი ასტროლოგიის შესწავლით დაინტერესებულიყო. მისი პირველი მასწავლებელი ამ დარგში, ბოსტონის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ჰებერტ სმიტი გახლდათ. ევანჯელინამ საკმაოდ სწრაფად შეძლო ასტროლოგიურ პრინციპებში გარკვევა და მალე თავადაც მიჰყო ხელი პრაქტიკულ საქმიანობას. მისი პირველი კოსმოგრამები სამეგობრო წრეზე ვრცელდებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში, ევანჯელინას ზუსტმა პროგნოზებმა დიდი გამოხმაურება გაამოიწვია და მისი სახელი ვიწრო სამეგობრო წრეს საკმაოდ მალე გასცდა. მიუხედავად ამისა, ოჯახი ნაკლებად იზიარებდა ევანჯელინას გატაცებას ასტროლოგიით. ამის გამო მას საიმისოდ რომ ნაყოფიერად ემუშავა, ერთ-ერთ სასტუმროში გადაბარგება მოუხდა საცხოვრებლად. მალე იგი ამერიკის სხვადასხვა ქალაქში იღებს მიწვევებს კერძო კონსულტაციების ჩასატარებლად. საყოველთაო აღიარება კი მასთან მას შემდეგ მოვიდა, რაც ნიუ-იორკში პირველი ვიზიტისას სასტუმრო "უინძორში" მოსალოდნელი დიდი ტრაგედია იწინასწარმეტყველა. ევანჯელინამ სასტუმროს მფლობელის, ვინმე უიორენ ლელანდისთვის შეადგინა პირადი ასტროლოგიური რუკა, რომლის მეშვეობითაც მან რუკის მფლობელი მოახლოებული საფრთხის შესახებაც გააფრთხილა. ამასთან ერთად, იგი დაინტერესდა ლელანდის ცხოვრებაში უკვე მომხდარი ორი უბედური შემთხვევით, გაანალიზა რა მათი მოქმედებისას არსებული კომბინაციები, ასტროლოგმა ივარაუდა, რომ ლელანდის ცხოვრებაში საფრთხე ძალიან მალე, უკვე მომდევნო დღეს, იყო მოსალოდნელი.

მომდევნო დილით, ერთ-ერთი დაუდევარი ვიზიტორის მიზეზით, რომელმაც ბოლომდე არ ჩააქრო ალმოდებული სიგარეტი, "უინძორში" ხანძარი გაჩნდა და გარდა იმისა, რომ შენობა მოკლე ხანში სრულად დაიწვა, ხანძრისას დაიღუპა დაახლოებით თხუთმეტამდე ადამიანი. მათ შორის ზემოთ ხსენებული ლელანდის მეუღლე და ქალიშვილიც. სწორედ ეს მოვლენა დაედო საფუძვლად ევანჯელინა ადამსის, როგორც უნიკალური წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული ასტროლოგის წარმატებას და პოპულარობას, ამჯერად უკვე ქვეყნის მასშტაბით. თუმცა ნუ დაგვავიწყდება ის, რომ მოქმედება 1941 წლის ამერიკაში ხდება და სწორედ ამ პერიოდში იქნა აკრძალული სახელმწიფოს მიერ ყოველგვარი სახის ასტროლოგიური გათვლები, როგორც თაღლითობის ერთ-ერთი ფორმა. შესაბამისად ევანჯელინას საყვარელი საქმიანობაც ე.წ. "იატაკქვეშეთის სფეროს" არეალში მოხვდა. თუმცაღა ასტროლოგი მაინც ღიად აგრძელებდა კონსულტაციებს და მასთან კვლავაც უამრავი ადამიანი დადიოდა რჩევის საკითხავად.

1912 წელს მას მაინც მოუხდა სასამართოს წინაშე წარდგომა, როგორც თაღლითურ ქმედებებში ეჭვმიტანილ პიროვნებას. მართალია იგი მალევე გაათავისუფლეს დანაშაულის დამამტკიცებელი სამხილების სიმცირის გამო, მაგრამ უკვე ორი წლის შემდეგ მასთან რიგითი კლიენტის სახით მისულმა დეტექტივმა ქალმა ადელ პრისმა, შეძლო ევანჯელინა ამჯერად უკვე "ფაქტზე" აეყვანა. თუმცაღა დეტექტივმა ვერ გაითვალისწინა ერთი მარტივი დეტალი – ევანჯელინას უნიკალური ნიჭი, რომლის მეშვეობითაც ასტროლოგმა სასამართლოს დარბაზში დამსწრეთა თვალწინ შესძლო საკუთარი სიმართლისა და ღირსების დაცვა. მან მისთვის აბსოლუტურად უცნობ ადამიანს – მოსამართლე კლარკ ჯორდანს მისი ვაჟის დაბადების მონაცემები სთხოვა, რის შემდეგაც სახელდახელოდ შედგენილი რუკის მიხედვით საზოგადოება და თავად ჯორდანი შოკში ჩააგდო დეტალური ინფორმაციის გაჟღერებით, რომელიც მარტოოდენ ჯორდანის და მისი ოჯახის წევრებისთვის იყო ცნობილი. ევანჯელინას ტალანტით მოხიბლულმა მოსამართლემ ვერდიქტი, რაღა თქმა უნდა, მის სასარგებლოდ გამოიტანა. ამ ფაქტით ევანჯელინამ შეძლო არამარტო საკუთარი ღირსების დაცვა, არამედ ზოგადად ასტროლოგიის როგორც პარამეცნიერების ერთ-ერთი სერიოზული დარგის გაცილებით მაღალ რანგში აყვანა იმდროინდელ საზოგადოებაში. სწორედ ამ პრეცენტენის შემდეგ გაიზარდა ასტროლოგების მიმართ პატივისცემა და ნდობა არამხოლოდ შტატებში, დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში.

როგორც საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის – მერწყულის ტიპური წარმომადგენელი, ევანჯელინა დიდ დროს ანდომებდა ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გააზრებას და მათზე მუშაობას. იგი იყო ინიციატორი გათვლებისა, რომელიც უპატრონო ბავშვებისთვის ასტროლოგიურად შესაფერისი დედ-მამის შერჩევას გულისხმობდა. ასტროლოგი ასევე მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა რეპროდუქტოლოგიური პრობლემების კუთხით და ცდილობდა, წყვილებისთვის მაქსიმალურად ოპტიმალური დრო შეერჩია მომავალი პირმშოს დაბადების თარიღის დასაგეგმად.

ცნობილი ხანძარი სასტუმრო "უინძორში"

Astrologia

საკუთარი მოღვაწეობის მანძილზე ევანჯელინა ადამსთან კონსულტაცია გაიარა დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა, რომელთა მონაცემებსაც იგი სპეციალურ ბაზაში ინახავდა და აგროვებდა. ევანჯელინას აქტიური კლიენტები იყვნენ იმ პერიოდში ცნობილი ადამიანები: მერი პიკფორდი, ენრიკო კარუზო და მულტიმილონერი ჯონ პირპონტ მორგანი, რომელიც მასთან კონსულტაციის გარეშე არც ერთ სერიოზულ ნაბიჯს არ დგამდა. სწორედ ევანჯელინასთან ნაცნობობის შემდეგ დაიწყო მოგრანის ქონების კოლოსალური ზრდა, რასაც მილიარდელი ასტროლოგის მიერ შედგენილ დეტალურ კონსულტაციებს უმადლოდა.

კიდევ ერთი გამოკვეთილი მიმართულება, რომელსაც ევანჯელინა ადამსი აქტიურად იყენებდა პრაქტიკაში, იყო მისი დაინტერესება სიკვდილის თემატიკით. ეს არის სფერო, რომელსაც ძალიან ბევრი ასტროლოგი არიდებს თავს ეთიკურ-მორალური პრინციპების თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ევანჯელინა კი ამ მხრივ განსაკუთრებით ზუსტ პროგნოზებს აკეთებდა. სწორედ მან იწინასწარმეტყველა ინგლისის მეფის ედუარდ მერვის და საქვეყნოდ ცნობილი საოპერო მომღერლის, ენრიკო კარუზოს გარდაცვალების დეტალები. ამასთან ერთად ეს უკანასკნელი, ასტროლოგმა გააფრთხილა კიდეც სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე, უშუალოდ მოვლენიდან რამდენიმე წლით ადრე. კერძოდ საქმე ეხებოდა კარუზოს სიყვარულს თამბაქოს მოხმარების მიმართ, რამაც საბოლოოდ ფილტვების დასუსტება გამოიწვია. ცნობილი ფაქტია, რომ ტენორი ფილტვების ვირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა, რაც არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუკი მომღერალი ამ ორგანოს, თამბაქოს მოხმარების შედეგად კიდევ უფრო არ დაიზიანებდა.

გარდაცვალების თემატიკის მიმართ ევანჯელინას ფენომენალური ნიჭი ყველაზე უცნაურად 1932 წელს გამოვლინდა, როცა ასტროლოგმა უარი თქვა ლექციების კურსის წაკითხვაზე ამერიკის რამდენიმე ქალაქში. მიზეზად კი საკუთარი მოახლოებული გარდაცვალების ფაქტი დაასახელა. მას უკვე 1926 წლიდან შეწყვეტილი ჰქონდა პირადი კონსულტაციები და მთლიანად იყო ჩაფლული სამეცნიერო საქმიანობაში. მისი წიგნი " ასტროლოგია ანუ თქვენი ადგილი მზის ქვეშ" არერთგზის იქნა გამოცემული მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე და დღემდე ძალზე პოპულარულია ასტროლოგიის მოყვარულთა შორის.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის