ინტერესის საგანი. მერვე სახლი მორიელის სახლია, ზოდიაქოს მერვე – ქალური ენერგეტიკის მატარებელი, ფიქსირებული წყლის ნიშნის სამყოფელი. ასტროლოგიურად შეესაბამება: გარდაცვალებას, ტრანსფორმაციას, სხვების ან საერთო ფინანსური რესურსების განკარგვას, გარდაცვლილის ქონებას (მემკვიდრეობის საკითხებს), ფობიებს, სადო-მაზოხისტურ გამოვლინებებს, ქირურგიულ ოპერაციებსა და ტრამვებს (ძირითადად ჭრილობებს ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით), პარტნიორის ქონებას (დაქვრივების შემდეგ გამდიდრების ალბათობას) და ა.შ.
მერვე სახლი მორიელურ ენერგეტიკას ატარებს, მისი მმართველი ორი უძლიერესი პლანეტა მარსი და პლუტონია. ორივე დამსჯელი, ორივე "ბოროტი" და მძიმე. თუმცაღა მერვე სახლი გარდაცვალებასა და საფრთხესთან ერთად სექსუალურ ინსტინქტებთან და ზოგადად სექსთანაც ასოცირდება ასტროლოგიაში.
ზოგიერთი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ მერვე სახლის მდებარეობა ამა თუ იმ ადამიანის პირად კოსმოგრამაში, იძლევა ინფორმაციას იმაზე თუ რა სახის სიკვდილი ელის მას (როგორ, რა ვითარებაში და როდის).
მერვე სახლში, როგორც წესი, არც ერთი პლანეტა არ "ხარობს", გარდა მთვარისა და ისიც მხოლოდ ღამით დაბადებულთა შემთხვევაში. თუმცა თუკი მერვე სახლის მთვარის პატრონს იუპიტერთან ტრინი ან სექსტილი გააჩნია და თავისივე ნიშანშია (ანუ მორიელში) ან ვენერას რომელიმე ნიშანში (კურო, სასწორი), ასეთ მდებარეობას პიროვნებისთვის დიდი ფინანსური მოგებისა და არნახული პოპულარობის მოტანა შეუძლია. ასე რომ, ავადსახსენებელი მერვე სახლი, იშვიათად მაგრამ მაინც შეიძლება იყოს პოზიტივის მომტანი მისი მფლობელის ცხოვრებაში.
თუკი თქვენი რუკა ზემოთ ხსენებული სახლების სიმრავლით გამოირჩევა, გირჩევთ მომატებული ექსტრიმის სიყვარული (რაც აუცილებლად გექნებათ გამოკვეთილი ხასიათში) მერვე სახლის სფეროებზე დახარჯოთ. ეს სფეროებია: ქირურგია, ტრავმატოლოგია, სხვადასხვა სახის მეორადი მასალის გადამუშავება, კრიმინალისტიკა, ფსიქიატრია. შესაძლოა თქვენგან კარგი ადვოკატი დადგეს, რომელიც ძირითადად განქორწინებისა და მემკვიდრეობის საქმეებზე იმუშავებს. ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ გახსნათ დამკრძალავი ბიურო. მართალია, თავად საქმიანობის სახელწოდება არცთუ მაინცდამაინც მომხიბვლელია, მაგრამ სამაგიეროდ იგი საშუალებას მოგცემთ მერვე სახლის ენერგეტიკა სწორ გზაზე მიმართოთ. რათა იგი სამომავლოდ თქვენს ცხოვრებაში ტრამვებისა და ნაირ-ნაირი ფატალური მოვლენების სახით არ ამოქმედდეს.
თუკი მერვე სახლში ურანია განთავსებული – ამგვარი კომბინაცია ხშირად მოულოდნელ სიკვდილს ნიშნავს, ერთობ უცნაურ სიტუაციაში. თუკი ურანი დადებითად არის ასპექტირებული, მაშინ მოულოდნელ მემკვიდრეობას მიიღებთ, თუმცა მას სასამართლო გარჩევები და ნერვიულობაც ბლომად მოჰყვება.
როცა მერვე სახლში სატურნია განლაგებული – პირიქით, იმედი უშრომელ ფულსა და მემკვიდრეობაზე ოცნებადვე შეიძლება დაგრჩეთ მთელი ცხოვრება. სამაგიეროდ, თუ თქვენ ქირურგიას ან ტრავმატოლოგიას მოჰკიდებთ ხელს სატურნული სიჯიუტით, თქვენგან დამსახურებული და პატივსაცემი ექიმი დადგება.
როცა მერვე სახლს იუპიტერი იკავებს – ფული ხშირად მეუღლის მხრიდან, სარფიანი ქორწინების შემდეგ მოდის. თუმცა თუ ამავე სახლში მარსიცაა განთავსებული, ზემოთ ხსენებული ქონების გამო მწვავე დაპირისპირებებიც არაერთგზის იქნება მოსალოდნელი.
თუკი მერვე სახლში ვენერაა მოხვედრილი – ეს ხშირად მდიდარი ქვრივის სტატუსს ნიშნავს (მაგ. ჟაკლინ კენედი).
ხოლო მერვე სახლში განლაგებული მერკური საბანკო, საფინანსო სფეროში კომუნიკაციის გზით მიღებულ შემოსავალზე მიანიშნებს (მაგ. ფინანსური მრჩეველი, ანალიტიკოსი, ექსპერტი).