ნეპტუნი თევზების ზოდიაქოს მართავს, თუმცა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანშია მისი ეგზალტაციის ადგილი. "ნეპტუნიანელებად" გარდა თევზებისა, ის ადამიანები ითვლებიან, ვისაც რუკაში ეს პლანეტა გამოკვეთილი და ძლიერი პოზიციონირების აქვს – ასცენდენტზე ზის, ნეპტუნის სახლია (12 სახლი) დატვირთული, თავად ნეპტუნია განლაგებული თევზებში ან 12 სახლში და ა.შ.
ნეპტუნი თავისი არსით და ხასიათით, არაერთგვაროვანი პლანეტაა. ასტროლოგთა ნაწილი მას ხშირად ე.წ. "ბოროტი" პლანეტების რიგში განიხილავს, ვიდრე პოზიტიურ გავლენას მიაწერს. ეს იმიტომ, რომ სწორედ ცუდად ასპექტირებული ნეპტუნის გავლენაა საბაბი ადამიანში არსებული სხვადასხვა მანკიერი თვისების წინ წამოწევისთვის, იქნება ეს ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, შიზოფრენია თუ სხვა.
თუმცაღა, ჩემის აზრით, ნეპტუნის ასე ხელაღებით "შავ სიაში" შეტანა ერთობ არაობიექტური საქციელია. იმიტომ რომ, ამ ამოუცნობ პლანეტას საკმაოდ ბევრი ისეთი თვისებაც გააჩნია რაც შეიძლება ადამიანმა დადებითად აამუშაოს და გამოიყენოს.
თქმა არ უნდა, "ნეპტუნიანელები" ანუ ისინი ვის პირად რუკაშიც ნეპტუნის გავლენა ძლიერადაა გამოხატული, საკმაოდ "თავისებური" ხალხია. თუმცა მათი ცხოვრებისეული ხედვა, ზოგადად თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, არა ვარდისფერი სათვალეებით არამედ ე.წ. 3D ხედვის ფუნქციით ხორციელდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მათ აქვთ უნიკალური უნარი, დაინახონ ნებისმიერი მოვლენის თუ ადამიანის სამმაგი განზომილება, ანუ ის რაც თვალით არ ჩანს და მხოლოდ მეშვიდე გრძნობით ან ე.წ. "ხერხემლის ტვინით" აღიქმება. რაღა თქმა უნდა, ეს ხალხი საკმაოდ ასოციალური და თავის თავში ჩაკეტილია ხშირ შემთხვევაში, თუმცა მათ გააჩნიათ ძალზე სპეციფიკური და მრავალფეროვანი მიკროსამყარო, რომელიც რეალურთან შედარებით ძალზე მრავალფეროვანი და მდიდარია. თუმცაღა ვხვდებით გამოკვეთილ "ნეპტუნიანელებს" რომლებიც სხვებისგან ერთი შეხედვით დიდად არც გამოირჩევიან. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ნეპტუნის ძალას თქვენ მხოლოდ მის მიკროსამყაროში მოხვედრის შემდეგ აღმოაჩენთ. თუ, რა თქმა უნდა, მფლობელმა ნება მოგცათ და შეგახედათ კულისებს მიღმა.
ტიპური მერკურიანელი მეოცნებე, ემოციური, უზომოდ ინტუიციური და ცოტათი ასოციალური ინდივიდია. თუკი ნეპტუნი დადებითად არის ასპექტირებული მისი მფლობელი გულმოწყალე და კეთილი ადამიანია, რომელიც თანაგრძნობით არის განმსჭვალული ყველას მიმართ ვინც მისგან შველას და დახმარებას საჭიროებს. თუმცა ნეპტუნის დაზიანების შემთხვევაში, ზემოთ ხსენებულ ნარკომანია-ალკოჰოლიზმის პრობლემებთან ერთად, ხშირად გვაძლევს პიროვნებას, რომელიც თავისი ხასიათით აბსოლუტურად "არაამქვეყნიური ქმნილებაა" (ეს ეხება ადამიანს, რომლის ნეპტუნიც შეერთებას, კვადრატურას ან ოპოზიციას ქმნის უმაღლეს პლანეტებთან, განსაკუთრებით თუ ეს ასპექტები რუკის კუთხოვან ან საკვანძო წერტილებშია). ამასთან ერთად, როგორც წესი, ოპოზიცია ადამიანის ცხოვრებაში დამღუპველი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ხოლო კვადრატურა მოულოდნელ და მტკივნეულ, ფატალურ მოვლენებს რომელსაც პიროვნების მწყობრიდან გამოყვანა დიდი ხნით შეუძლია.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა რატომ აშენებენ "ნეპტუნიანელები" საკუთარ მიკროსამყაროს და რატომ ურჩევნიათ თავის შეფარება იქ, მწარე რეალობისთვის თვალის გასწორების შანსს. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ნეპტუნიანელი ხშირად ბრმად მიჰყვება გულის კარნახს და არაერთ შეცდომას უშვებს სწორედ ამის გამო. მათ უნდა ისწავლონ გაარჩიონ ერთმანეთისგან – პანიკის შეტევისას წარმოქმნილი ცრუ სიგნალები, რომელსაც მათი ფსიქიკა აგზავნის თავის დასაცავად და ჭეშმარიტი ინტუიცია.
უბიძგებს რა ადამიანს იცხოვროს ემოციების კარნახით, დაზიანებული ნეპტუნი აბსოლუტურად უქრობს მათ პასუხისმგებლობის გრძნობას ჩადენილი საქციელის გამო. მით უმეტეს თუ სატურნიც სუსტია მის რუკაში, იგი ნებისმიერ მოვლენას რაც მას სინდისის ქენჯნის მსგავს ემოციას აღუძრავს, უბრალოდ წაშლის მეხსიერებიდან. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არც ისაა რატომ გაურბიან დაზიანებული ნეპტუნის მქონე ადამიანები რთულ ან მეტ-ნაკლებად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების ფაქტს.
ნეპტუნიანელს, როგორც წესი საკუთარი "მეს" ძალზე სუსტი აღქმა გააჩნია. ამასთან ერთად, იგი სტრუქტურულად აზროვნების უნარშიც მოიკოჭლებს. ნეპტუნი ხომ ლომის ზოდიაქოშია დაცემული, ხოლო ქალწულის ზოდიაქოში ხდება მისი სიმბოლური დატყვევება. შესაბამისად, ლომის ინტროვენტულ თვისებებსა და ქალწულის მეთოდურობას ნეპტუნიანელში ამაოდ ნუ დაუწყებთ ძიებას.
აქედან გამომდინარე, სწორედ ზემოთ ხსენებული "მეს" სუსტად აღქმის პრობლემა ხდება დაზიანებული ნეპტუნის მქონე ადამიანისთვის იმის მიზეზი, რომ მას ხშირად ვერ გაუგია ზღვარი საკუთარ და სხვის სურვილებს შორის. იგი ხშირად და ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ და მისთვის რაიმე აკვიატებული იდეის ჩაგონება მარტივზე მარტივი საქმეა. ასტროლოგები დაიზანებული ნეპტუნის პრობლემის დამუშავების ერთ-ერთ გზად, სატურნის ფუნქციების გაძლიერებაზე ზრუნვას მიიჩნევენ. რაც უფრო დაამუშავებს ასეთი ადამიანი სატურნის მოცემულობას, მით უფრო "გაიწმინდება" მისი ნეპტუნი. ნეპტუნიანელმა უნდა ისწავლოს საკუთარ და სხვის ფსიქიკას შორის საზღვარის დანახვა. მხოლოდ ამ გზით მოახერხებს იგი, საკუთარი თავის შესწავლას და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას.
ასტროლოგები ნეპტუნს ხშირად აუტიზმით დაავადებულთა მთავარ სიგნიფიკატორად მიიჩნევენ. თუმცა ზღვარი გენიოსსა და შეშლილს შორის რომ ძალზე უმნიშვნელოა ზოგჯერ, ესეც ხომ ფაქტია. თუმცა, თუკი ძლიერი ნეპტუნის მქონე ადამიანი, ამის პარალელურად სატურნსაც მისცემს გასაქანს იგი შეძლებს თავისი ქაოსურად გაფანტული ნიჭიერება ერთ პრიზმაში მოაქციოს და საზოგადოება გენიალური იდეებით გააოცოს ერთ დღეს.
დასასრულ მინდა ავღნიშნო, რომ ამ ეტაპზე ნეპტუნი, რომელიც საკუთარ სახლში იმყოფება (თევზების ზოდიაქოს გადის), განსაკუთრებული ინტენსივობით მოქმედებს ადამიანების და ზოგადად, ნეპტუნიანელების ფსიქიკაზე. ამიტომ თუკი თქვენ ზემოთ ხსენებულ "ნეპტუნიანელთა" კატეგორიას განეკუთვნებით, შეეცადეთ მისი ამ ფაზის პერიოდში ნაკლებად აურიოთ ერთმანეთში თქვენი საკუთარი და სოციუმის მისწრაფებები. ნაკლებად მოექცეთ ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ.