ცერერა (ლათ.Ceres) ჯუჯა პლანეტა-ასტეროიდი, რომელიც ასტროლოგიურად ნებისმიერი ადამიანის რუკაში სწავლების ფორმას, ცოდნის ათვისება-დაგროვების უნარსა და მისი რეალიზაციის გზებზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ცერერას მდებარეობა განაპირობებს ადამიანში მოვალეობის გრძნობის დონეს, ყოველდღიური შრომის რაგვარობას. ჰორარულ ასტროლოგიაში იგი არის სამრეწველო საქმის, ლაბორატორიული ან კვლევითი სფეროს სიგნიფიკატორი. სამედიცინო ასტროლოგიაში მას ფსიქოლოგიური დარღვეების კუთხით საორიენტაციოდაც იყენებს ზოგიერთი ასტროლოგი. თუმცაღა, ძირითადად ცერერა ნებისმიერი ჩვენთაგანის რუკაზე ე.წ. "საარსებო პურის" გამომუშავების გზებზე მიუთითებს. იგი განაპირობებს ჩვენში პრაქტიკული გამოცდილების დაგროვების დონეს და შემდგომში ამ გამოცდილების გამოყენების უნარს. ცერერა ზოგიერთი ასტროლოგის აზრით ქალწულის ზოდიაქოს თანამმართველადაც ითვლება, ამიტომ ქალწულის მთავარი მმართველი - მერკური თუ უმაღლესი განათლების მიღებაზეა პასუხისმგებელი, ცერერა პრაქტიკაში ათვისებულ ცოდნაზე აგებს პასუხს. მისი მდებარეობით თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ ის, თუ რა გზით შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი შემოსავალი და ზოგადად, როგორ ითვისებთ ცოდნას. რამდენად სწავლებადი ხართ და კონკრეტულად როგორ გარემოში გირჩევნიათ (გამოგდით) პრაქტიკული ცოდნის მიღება.
ცერერას გრაფიკული გამოსახულება
ცერერა საკუთარ სახლშია თუ ის ქალწულის ზოდიაქოშია განლაგებული, მისი ეგზალტაციის ზონა არის ტყუპის ზოდიაქო, გაძევებულია იგი თევზების ზოდიაქოში, ხოლო დაცემულად ითვლება მშვილდოსანში. აქედან გამომდინარე ვისაც ცერერა ბოლო ორ ზოდიაქოს ნიშანში ჰყავს განლაგებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ამგვარი ცერერას მფლობელს მისი სუსტი მდებარეობა აღენიშნება.
ცერერა ვერძში – ასეთი ადამიანი ენთუზიასტი და დინამიური პიროვნებაა. იგი ძნელად ემორჩილება დისციპლინას, რეჟიმსა და მიღებულ ნორმებს. თუმცა შესანიშნავად შეუძლია თავად დაუწესოს თავს შინაგანი დისციპლინა და დავალებული სამუშაო იდეალურად შეასრულოს. სწვალებისას მასზე ზეწოლა გამორიცხულია. ნებისმიერი სახის დიქტატურა მასში თავად სფეროს მიმართ ანტიპათიას გამოიწვევს და იგი სამუდამოდ დაკარგავს ინტერესს საგნის მიმართ.
ცერერა კუროში – მისთვის შრომა ბუნებრივი მდგომარეობაა. თუმცა საიმისოდ რომ იგი პროდუქტიული იყოს, აუცილებელია კომფორტული სამუშაო გარემო, სიმშვიდე და სტაბილური სიტუაცია. ამასთან ერთად, მას არ უნდა ჰქონდეს კვების პრობლემა ოფისში. მშიერ-მწყურვალი კურო ვერასოდეს იმუშავებს ეფექტურად. სწავლისას მისთვის აუცილებელია მასწავლებლის კეთილგანწყობა. იგი კარგად სწავლობს როცა უშუალო მონაწილეობას იღებს პროცესში (მაგ., მომავალი დიზაინერი – სწავლისას თავად უნდა კეროს). სამაგიეროდ, თავადაც რბილი და ტაქტიანია როგორც მასწავლებელი. თუმცა განსაკუთრებული მიდრეკილება არ გააჩნია ასწავლოს სხვებს. ურჩევნია აკეთოს თავისი საქმე, მშვიდად და აუღელვებლად.
ცერერა ტყუპებში – იგი ოპერატიული, გამჭრიახი და მრავალმხრივია. კარგად ერგება სიტუაციას და ადვილად ადაპტირებს ახალ გარემოში. როგორც მოსწავლე იგი შესანიშნავად იღებს ახალ ინფორმაციას და მოკლე დროში აანალიზებს მას. თუმცა მისთვის აუცილებელია მასწავლებელთა უშუალო ვერბალური კონტაქტი, ასე უფრო მეტს შეიმეცნებს. მუშაობისას იდეალურად ახერხებს კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გადასცეს ან გაუზიაროს. შესანიშნავი ჟურნალისტები, ადვოკატები, იურისტები გამოდიან ცერერას ამ მდებარეობით.
ცერერა კირჩხიბში – ასეთი ადამიანის პროფესიონალიზმი, ემოციური სტაბილურობის შემთხვევაში აკუმულირდება. მას არ შეუძლია დაძაბულ გარემოში, ზედმეტად მკაცრი უფროსის მეთვალყურებოთ მუშაობა. იგი კარგად ადაპტირებს საოჯახო ბიზნესში. პარფიუმერია და თავის მოვლაც მისი სფეროა. მისგან კარგი ფსიქოლოგი ან სოციოლოგი დგება. სწავლის დროს მას აუცილებლად სჭირდება მასწავლებელთან მჭიდრო ემოციური კავშირი. იგი სითბოს და ლოიალური მიდგომის შედეგად ახერხებს აითვისოს ახალი სფეროები. სიმკაცრით და დიქტატურით მას ვერაფერს გააგებინებთ.
ცერერა ლომში – ამ ადამიანის მთავარი ღირსება მუშაობისას არის ის, რომ მას შეუძლია საქმის მთლიანობაში გარკვევა და სიტუაციის ბოლომდე ფლობა. იგი ენერგიული და მიზანმიმართული მუშაკია, თუმცა მისთვის აუცილებელია შექება და წახალისება შესრულებული სამუშაოს გამო. სხვა შემთხვევაში მოტივაციას აუცილებლად დაკარგავს. სწავლის პროცესშიც ანალოგიურად სჭირდება მას წახალისება ინტელექტუალური მიღწევების გამო. მისთვის ჰაერივით აუცილებელია ეს, იმიტომ რომ წახალისებით ასეთ ადამიანს საკუთარი თავის რწმენა უათმაგდება, რაც რეალურად არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა.
ცერერა ქალწულში – ასეთი ადამიანი მეთოდური, დაკვირებული და პრაქტიკულია. იგი შესანიშნავი შემსრულებელია და თამამად შეგიძლიათ მას ურთულესი პროექტის დეტალური დამუშავება ანდოთ. გწამდეთ, არაფერი შეეშლება. უფრო მეტიც, ასეთ ადამიანს შესანიშნავად ეხერხება ოფისში წესრიგი დაამყაროს და სხვებსაც ასწავლოს დროისა და რესურსის სწორად გამოყენება. მისთვის ჰაერივით აუცილებელია მთელი ცხოვრების მანძილზე რომ თავს საჭიროდ თვლიდეს. სწავლას და ზოგადად, განათლების მიღების პროცესს იგი აღიქვამს როგორც საკუთარი თავის დახვეწის და პიროვნული განვითარების ერთადერთ გზას. ამიტომ მუყაითად სწავლობს ნებისმიერ პირობებში.
ცერერა სასწორში – ასეთ ადამიანს აქვს თანდაყოლილი ტაქტის გრძნობა, დიპლომატია, კარგი ლავირების უნარი და კომპრომისზე წასვლის ნიჭი. მისთვის აუცილებელია ჰარმონიული და მეგობრული სამუშაო გარემო. იგი ნაკლებად პროდუქტიულია თუკი მარტოს უწევს გაართვას საქმეს თავი. მისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობა საიმისოდ რომ დაკისრებული მოვალეობა ხალისითა და წარმატებით შეასრულოს. იგი აფასებს რჩევებს და თავადაც ძალიან უყვარს სხვებს საკუთარი აზრი და შეხედულებები გაუზიაროს. სწავლის პროცესში უკეთ ითვისებს ინფორმაციას თუ მეცადინეობა არის ჯგუფში. ნაკლებად მოსწონს ინდივიდუალური სწავლება.
ცერერა მორიელში – ასეთი ადამიანის პროდუქტიულობა ვლინდება მაშინ, როცა საქმე ექსტრიმს, შეზღუდულ დედლაინს და დიდ პასუხისმგებლობას ეხება. იგი შესანიშნავად ადაპტირებს ნებისმიერი სახის ექსტრემალურ სიტუაციაში. ამ დროს მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად მობილიზდება. მისთვის იდეალურია მაშველის, ექიმის, კასკადიორის პროფესია. სწავლის დროს, აუცილებელია ასეთ ადამიანში მძაფრი პასუხისმგებლობის გრძნობა გავაღვიძოთ და დავანახვოთ, ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი პროფესიონალიზმი სხვების გადასარჩენად. იგი სიამოვნებას იღებს მაშინ, როცა ცეცხლს ეთამაშება, ამიტომ პროფესია მისთვის გარკვეულ "დრაივს" თუ არ შეიცავს მალევე კარგავს მის მიმართ ინტერესს.
ცერერა მშვილდოსანში – ცერერას ამგვარი მდებარეობა საკმაოდ სუსტ პოზიციადაა მიჩნეული. ამიტომ ასეთი ადამიანის მთავარი პრობლემა არის ის, რომ იგი ვერ ახერხებს იყოს მობილიზებული, საქმეს მიუდგეს პასუხისმგებლობით და ბოლომდე უერთგულოს დაკისრებულ მოვალეობას. ასეთი ადამიანი მუდმივად იცვლის პრიორიტეტებს და ხშირად არარეალურს ეპოტინება. ყოველთვის აქვს განცდა, რომ იმსახურებს უფრო მეტს, უფრო ფართო ასპარეზს სამოღვაწეოდ და უფრო დიდ აპლოდისმენტებს, რაც არარეალურია. სწავლის დროს მას ესაჭიროება მასწავლებლის მეგობრული დამოკიდებუულება, თუმცა სასურველია პატარა ასაკიდან მივაჩვიოთ იგი წესრიგს და გამოვუმუშაოთ მოვალეობის გრძნობა.
ცერერა თხის რქაში – ასეთი ადამიანი მიზანსწრაფული და ჯიუტია. განათლება მისთვის მიზნის მიღწევისთვის საჭირო და მთავარი კომპონენტია. ამიტომ მასზე დაკარგულ დროს არასოდეს ნანობს. იგი კარგად ითვისებს პროფესიას, თუკი სწავლებისას მას კონკრეტული გეგმის ან რეჟიმის მიხედვით ასწავლიან საგანს. ასეთი პიროვნება შესანიშნავი მუშაკი და თანამშრომელია. იგი სხვებსაც ასწავლის მიზნის მიღწევას და ეხმარება პროფესიონალიზმის დახვეწაში.
ცერერა მერწყულში – ცერერას ასეთი მდებარეობა ადამიანს კრეატიულობას, არაორდინალური აზროვნების უნარს ანიჭებს. სასურველია განათლების მიღებისას ნაკლებად მოხდეს მისი შეზღუდვა, იმიტომ რომ მას შეუძლია საკუთარი სფეროს ნოვატორი და რეფორმატორი გახდეს, თუკი მის იდეებს არავინ შეზღუდავს. მუშაობისას, ასეთ ადამიანს მოსწონს თავისუფალი გრაფიკით საქმიანობა. ასე იგი გაცილებით უფრო პროდუქტიული და მოტივირებულია. მას გააჩნია მუშაობის საკუთარი, უნიკალური სტილი რის გამოც შესაძლოა ბევრისთვის გაუგებარიც იყოს საბოლოოდ რის მიღწევას ცდილობს იგი. თუმცა, საქმე რომელსაც ეს ადამიანი ხელს მოკიდებს, ყოველთვის შესრულდება და შესრულდება – ბრწყინვალედ.
ცერერა თევზებში – კიდევ ერთი, არცთუ სახარბიელო მდებარეობა ცერერას შემთხვევაში. ასეთი ადამიანის პროფესიული შესაძლებლობები და ზოგადად, შრომის უნარიანობა დამოკიდებულია მის ემოციურ მდგომარეობაზე. რაც ხშირად ხდება მისთვის დაკისრებული მოვალეობის ვერშესრულების ან ცუდად შესრულების მიზეზი. სასურველია თუ ასეთ ადამიანს, ბავშვობიდანვე ასწავლიან ემოციების კონტროლს და პასუხისმგებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვერც ერთ სამსახურს ვერ "მოერგება" და გამუდმებით ექნება ე.წ. "ტანჯულის" იმიჯი, რომელიც თანამშრომლებმა გარიყეს, უფროსი ვერ აფასებს მის ტალანტს და ა.შ.