თითოეულ მათგანს ჩვენ პირადად დავუკავშირდით და მათი ასტრო-პორტრეტები ზუსტი დაბადების მონაცემების მეშვეობით შევადგინეთ. მაშ ასე, როგორები არიან სინამდვილეში ნინო გაჩეჩილაძე, ლელა მებურიშვილი, გვანცა დარასელია, თამუნა გაბრიელაშვილი, რუსკა მაყაშვილი და სხვები? რომელი მათგანი დაიბადა თქვენი ზოდიაქოს ნიშნით და რა კონკრეტულ თავისებურებებს ატარებს ამა თუ იმ მათგანის პირადი ჰოროკსოპი. ამის შესახებ ჩვენს საიტზე და ჟურნალ "ბომონდის" მარტის თვის ნომერში წაიკითხავთ სრულად.
ვერძი
ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი - მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე
"ჩემი ცოლის დაქალების" ყველაზე კოლორიტული გმირი, თავქარიანი კატო პირადი რუკის მიხედვით, ცხოვრებაში გაცილებით უფრო სერიოზული და გაწონასწორებული ადამიანი უნდა იყოს. თუმცა, ხასიათის ცვალებადობა, რასაც მის კოსმოგრამაში სასწორის ზოდიაქოს გავლენა განაპირობებს, თუ მთლად კატოს მსგავსად არა, რაღაც დოზით მაინც იქნება მასში გამოვლენილი.
ნინოს ხასიათში, ვერძისა და სასწორის გარდა, გამოკვეთილია კუროს ზოდიაქოს გავლენაც, რაც თავის მხრივ სახელოვნებო ნიჭს განაპირობებს ადამიანში. მოგეხსენებათ, კუროსა და სასწორს ვენერა, – ხელოვნების მფარველი პლანეტა მართავს. გარდა ამისა, ნინოს კოსმოგრამაში ფიქსირდება აღმავალი კვანძი ლომში; რაც იმას ნიშნავს, რომ კარმული პროგრამის მიხედვით ამ ადამიანს ბედისწერით აქვს განსაზღვრული ის, რომ იყოს საზოგადოების თვალსაწიერზე, იბრწყინოს და იყოს ლიდერი. ამგვარი კარმული პროგრამით, ძალზე ბევრი მსახიობი და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი იბადება. ამასთან ერთად, აქტიურად გამოხატული მეხუთე სახლი ნინოს პიროვნების მიმართ საზოგადოების დიდ ინტერესზე და მის "გულთამპყრობლის" სტატუსზეც მიუთითებს.
თუმცა, მთვარის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში განლაგება, განაპირობებს იმას, რომ თავად ამ ადამიანისთვის ცხოვრების მეგზურის არჩევა, საკმაოდ რთული საქმეა. იგი ძალზე დიდი პრეტენზიულობით და ყოყმანით ეკიდება დაოჯახების თემას. ამასთან ერთად, მას აქვს განსაკუთრებული მოთხოვნილება კომფორტის, ჰარმონიისა და სილამაზის მიმართ. შესაბამისად, პარტნიორი, რომელიც მის გვერდით უნდა იყოს, ვალდებული იქნება მისი ყოველდღიური ცხოვრება ზემოთ ხსენებული პირობებით უზრუნველყოს. სამაგიეროდ, მისგან მიიღებს უპირობო ერთგულებას, რომელიც წლების მანძილზე, დღითი დღე უფრო და უფრო გამყარდება.
ვინაიდან მე ხელთ მაქვს ნინოს დაბადების ზუსტი მონაცემები, შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ ადამიანს ექნება გვიანი მაგრამ ძალიან მყარი და ბედნიერი ქორწინება. მეუღლე კი სავარაუდოდ, საკმაოდ სერიოზული, სიტყვაძუნწი და გაწონასწორებული ტიპაჟი იქნება; რასაც განაპირობებს ქორწინების მმართველი პლანეტა პლუტონი.
კურო
ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი -ტელეწამყვანი ანი გიუნტერი
მიუხედავად იმისა, რომ ანიმ ინტერვიუს ჩაწერამდე კატეგორიულად გამოაცხადა, რომ მას ჰოროსკოპების აბსოლუტურად არ სჯერა, მაინც დაზუსტებით მოგვაწოდა დაბადების ზუსტი მონაცემები. შესაბამისად, ამ ადამიანზე მსჯელობას დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ იგი მიწის სტიქიის გამოკვეთილი გავლენის მქონე კუროა. ანის ხასიათში დაბალანსებულად ერწყმის ერთმანეთს ერთბაშად ორი ზოდიაქოს, კუროსა და თხის რქის საუკეთესო თვისებები. იგი არის უზომოდ ჯიუტი და პრინციპული. თუმცა, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, გაწონასწორებული და მზრუნველი ადამიანი.
მისთვის ძალზე დიდ როლს თამაშობს ცხოვრებაში ოჯახი და კარმული პროგრამის მიხედვით, ამ ადამიანის პირადი წარმატება აუცილებლად ოჯახურ სტაბილურობაზე და სიმშვიდეზე გადის.
გარდა ამისა, კოსმოგრამაში სასწორის ზოდიაქოს დიდი გავლენის გამო, ანის ვიზუალური იმიჯი, ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ
" შეფერილობას " იძენს – დააკვირდით ფოსოებს მის ლოყაზე, როცა იგი იღიმება ეს არაფერია სხვა თუ არა " ვენერას ნიშნები " . ვენერა კი მოგეხსენებათ სასწორის მფარველია. სასწორისვე გავლენით, ანი გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით ჩაცმა-დახურვის საკითხში, მას ეყვარება პასტელური, ნაზი ფერები, ნატიფი, დახვეწილი სამკაული და მინიმალური მაკიაჟის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.