''ორი ვარსკვლავის'' პირველი საკონკურსო ტურის ლიდერი ''იმედის'' ტელეწამყვანის ლევან ჯავახიშვილისა და მომღერალ ნინი წიკლაურის წყვილი გახდა. ლევანს სარეპეტიციო დარბაზში ვესტუმრეთ და კონკურსთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.
- მამაჩემი, თენგიზ ჯავახიშვილი, საქართველოს დამსახურებული არტისტია, სუხიშვილებში ცეკვავდა. მას რომ ვუყურებდი სცენაზე, მინდოდა, მასავით მეცეკვა. ვეხვეწებოდი, მეც მინდა ცეკვა, შემიყვანე-მეთქი, მაგრამ არაფრით არ ქნა. ტყუილად მუხლებს დაიგლეჯ, შეიძლება, არც დაგიფასდეს, სჯობს იმღეროო, მეუბნებოდა. მალევე შემიყვანეს კიდეც ანსამბლ ''მართვეში''. ბევრი რამ მომცა ამ ანსამბლმა, მხოლოდ გრამატიკულად მღერას არ ვგულისხმობ, მეგობრობა, კაცობა, ადამიანობა, სამშობლოს სიყვარული, ბევრი რამ ვისწავლე ამ პერიოდში. შემდეგ იყო ჯგუფი ''კეი ენდ ფი'', სადაც ჩემთან ერთად იყვნენ დათო გოგოლაშვილი, ია ჩანტლაძე, ვერიკო ტურაშვილი, აჩი ფურცელაძე. მე, როგორც როკის მოყვარული, დიდად ამ ბენდებს არ ვაღიარებდი, მაგრამ დათო იმდენად ნიჭიერი ბიჭი იყო, რამდენიმე კარგი კომპოზიცია გამოგვივიდა. მე ძირითადად ხალხურად ვმღეროდი (იცინის), ამას სოული ნამდვილად არ ერქვა, ამიტომ ძირითადად ბანი ვიყავი... მონაწილეობა მიმიღია ცალკეულ საქველმოქმედო პროექტებში, სადაც მეგობრებთან ერთად მიმღერია. როკჯგუფის შექმნის სურვილიც მქონდა რამდენიმე ჩემს მეგობართან ერთად, რომლებიც ჩემსავით ტელევიზიაში მუშაობდნენ. სახელიც კი მქონდა შერჩეული ''ტელეღიპუცები'' (იღიმება), მაგრამ ვერ მოვაბი თავი. მუსიკა მეხმარება ყველაფერში, სიუჟეტის კეთებაშიც კი. ჯერ ვაწყობ კადრებს, ვუსმენ მუსიკას, რომელზეც შეიძლება ავაწყო სიუჟეტი და ბოლოს ვადებ ტექსტს.
- მუსიკალური განათლება გაქვს?
- 28-ე სამუსიკო სკოლა მაქვს დამთავრებული. სულ ეს არის. სხვათა შორის, თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, სამსახიობოზე, მაგრამ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ საერთაშორისო სამართალზე უნდა ჩამებარებინა. დიპლომატი შვილი უნდოდათ. თავიდან დავთანხმდი. მისაღებ გამოცდებამდე ორი თვე იყო დარჩენილი, როცა გადავწყვიტე, ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელე-ვიდეო სარეჟისორო ფაკლუტეტზე ჩამებარებინა. მიზეზი მარტივი გახლდათ - ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრალური სტუდია ''მოდი ნახე''. ვიყავი გენერალი პაულიუსი, ჟან პოლ მარატიც ვიყავი პიტერ ვაისის პიესაში. ასე რომ, ოცნება გარკვეულწილად ავიხდინე.