როდის ჰქონდა არაადამიანური გრაფიკი ანა დოიაშვილს

როდის ჰქონდა არაადამიანური გრაფიკი ანა დოიაშვილს

რეჟისორ დავით დოიაშვილსა და ქეთი ენდელაძეს ორი შვილი ჰყავთ: ანა და თემო. 15 წლის ანა დოიაშვილი მუსიკისა და დრამის თეატრში ჯერ ''ვერის უბნის მელოდიებში'' მონაწილეობდა, ახლა ''ლურჯ ფრინველშია'' დაკავებული. რამდენიმე წელია მღერის, სცენაზე დგომის გამოცდილებაც აქვს, თუმცა მსახიობის პროფესიის დაუფლებაზე არ ფიქრობს და ამ ეტაპზე ჟურნალისტობას უმიზნებს...

- 11 წლის ვიყავი, როცა ''ვერის უბნის მელოდიებში'' ვმონაწილეობდი, ახლა ''ლურჯ ფრინველში'' ვმღერი. ჩემთვის მოულოდნელი იყო მეორე სპექტაკლში მოხვედრა. ერთხელ რეპეტიციას ვესწრებოდი, მამამ მთხოვა, აბა, სცადე და იმღერეო. ვიმღერე და დამტოვა. მანამდე თეატრში ჩვეულებრივად ყველა სპექტაკლზე დავდიოდი. ვიჯექი ჩემთვის და ვუყურებდი. პრეტენზია არ მქონია და არც მიოცნებია სპექტაკლებში მონაწილეობაზე (იღიმის).

- სიმღერა როდის დაიწყე?

- 10 წლის ასაკში. სკოლაში კლასის დადგმაში რაღაც სიმღერა უნდა შემესრულებინა. გადავწყვიტე, რამდენიმე გაკვეთილი გამევლო ჩვენს ახლო მეგობართან, სიმღერის მასწავლებელ ეკა კონტრიძესთან. ქართული სიმღერები ძალიან მიყვარს და მინდოდა მესწავლა. ძალიან მომეწონა სიმღერის პროცესი და რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ისევ ვაგრძელებდი მის ოჯახში სიარულს. ეკამ მირჩია, ბედი ''ანა-ბანაში'' მეცადა. საერთოდ, სიახლის მოყვარული ვარ და ეს წინადადებაც ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი თვის დაწყებული მქონდა სიმღერა, გადავწყვიტე, 2010 წელს ''ანა-ბანას'' შესარჩევ ტურზე გავსულიყავი. შინ რომ მივედი, ოჯახის წევრები დავსხედით და დიდი განხილვა მოეწყო. მშობლები წინააღმდეგი არ იყვნენ, მაგრამ მეუბნებოდნენ, იქნებ, არ გახვიდე, საკმარისი გამოცდილება არ გაქვს და ცოტა მოიცადეო, მაგრამ მე მიმაჩნდა, რომ ეს ჩემთვის კარგი იქნებოდა. პროექტში მონაწილეობა ჩემთვის დიდი ფუფუნება გახდებოდა, ყოველდღიურად ცოცხალ ბენდთან ერთად უნდა მემღერა და პროფესიონალებთან მომიწევდა მუშაობა. პროექტი დაახლოებით 3 თვეს გაგრძელდა და პირველ ადგილას გავედი. ეს იყო ყველაზე ხალისიანი, მუსიკით სავსე პერიოდი, ხოლო გამარჯვება - ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში. გავიცანი ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც ახლა კვინტეტში ვარ. ''ანა-ბანამ'' ჩემი ცხოვრება შეცვალა.

- განსაკუთრებით ვინ გგულშემატკივრობდა?

- ბებია და ჩემი ძმა. დედა ყველა რეპეტიციაზე დამყვებოდა. არ ვიცი, როგორ შეიძლება, ადამიანს გვერდში ისე დაუდგე, როგორც ამას დედა და საერთოდ, ჩემი ოჯახი აკეთებს.

- დედა აქტიურად არის ჩაბმული თქვენი აღზრდა-განათლების საკითხში. თავად არ მუშაობს, ხომ?

- დიახ, ასეა. არ მუშაობს. მთელი ცხოვრება მე და ჩემს ძმას დაგვითმო. დედაზე ახლო მეგობარი მე არ გამაჩნია.

- შენი ძმა რამდენი წლისაა და მას თუ აქვს პროფესიული არჩევანი გაკეთებული?

- 13-ის ხდება. განსხვავებული ადამიანები ვართ. მე აქტიური ვარ, ძირითადად არ ვარ სახლში და სულ რაღაცას ვაკეთებ. ის დინჯია, ზის, კითხულობს და დღედაღამ მეცადინეობს. სულ მისწორებს სიტყვებს, მაგალითად ''ეხლა'' კი არა, ''ახლა''. რაც შეეხება პროფესიულ არჩევანს (იცინის), ჩემი ძმა ძალიან საყვარელია, ან პრეზიდენტობა უნდა, ან სურს, კრიტიკოსი გახდეს.

- თეატრის?..

- არა. როგორც გითხარით, კითხვა უყვარს, ხშირად დადის ბაბუასთან და უნდა, ლიტერატურის კრიტიკოსი გახდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება