"როცა მითხრეს, - შენი მეწყვილე ლევან ჯავახიშვილი იქნებაო, არ მომეწონა და გავიფიქრე: "ქრონიკამ" რა უნდა იმღეროს-მეთქი?"

"როცა მითხრეს, - შენი მეწყვილე ლევან ჯავახიშვილი იქნებაო, არ მომეწონა და გავიფიქრე: "ქრონიკამ" რა უნდა იმღეროს-მეთქი?"

მომღერალ ნინი წიკლაურს სურათების გადაღება ძალიან უყვარს და საოჯახო ალბომსაც ნელ-ნელა ავსებს. ამბობს, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში თავს არაკომფორტულად გრძნობს და ყოველდღიურად არც მაკიაჟს იკეთებს.

- როგორი ბავშვი იყავი?

- ოჯახში პირველი შვილი და შვილიშვილი გახლდით. ალბათ ამიტომაც იყო, რომ განსაკუთრებულად მანებივრებდნენ. ირგვლივ მყოფები მეფერებოდნენ და აღარ იცოდნენ, ჩემთვის როგორ ესიამოვნებინათ. აი, ამ ფოტოსურათზე წლისა და 8 თვის ვარ. აქტიური და ამავე დროს, დამჯერი ბავშვი გახლდით. მშობლებს ძალიან ბევრ წრეზე დავყავდი და სათამაშოდ არასოდეს მეცალა. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. ვხედავდი ჩემი თანატოლები როგორ ერთობოდნენ, მე კი იძულებული ვიყავი, მემეცადინა. ეზოში თანატოლებთან ერთად ფაქტობრივად, არასდროს მითამაშია.

- ამას არ აპროტესტებდი?

- მაშინ - არა, მაგრამ ახლა ოჯახის წევრებს ხუმრობით ვეუბნები: რა დაგიშავეთ, ბავშვობა რატომ წამართვით-მეთქი (იცინის)? სინამდვილეში, ძალიან მომწონდა ის, რასაც ვაკეთებდი და ყველაფერს ხალისით ვსწავლობდი. მაგრამ ცეკვის წრეზე მგონი, ამაოდ ვიარე, ამის ნიჭი არ აღმომაჩნდა... აი, ჩემი ბავშვობის დროინდელი კიდევ ერთი ფოტო: ამას რომ ვუყურებ, მეცინება. ალბათ იშვიათია, ადამიანს ზოოპარკში ასეთ პოზაში რომ არ ჰქონდეს ფოტო გადაღებული. ეს სურათი კიდევ, იმიტომ მიყვარს, რომ კაბა, რომელიც მაცვია, თურმე ბაბუამ ჩამომიტანა ამერიკიდან.

- აი, ამ სურათში გეტყობა, რომ პრანჭია იყავი...

- კი, ნამდვილად პრანჭია გახლდით. დედა და ბებიაც ხელს მიწყობდნენ ამაში. ეს საბავშვო ბაღში გადაღებული ფოტოა. ხვეული თმა მქონდა და ისე მვარცხნიდნენ, სწორი რომ გამოჩენილიყო (იცინის). არ ვიცი, რას ერჩოდნენ ჩემს ხვეულ თმას?! ბაღში ბებია იყო ჩემი პედაგოგი და შესაბამისად, პრივილეგიით ვსარგებლობდი და როცა სურათს გვიღებდნენ, მე სულ სხვადასხვა პოზაში მაყენებდნენ.

- ფოტოების გადაღება გიყვარს?

- კი, ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ყოველი ფოტო რაღაც ისტორიას ინახავს. საოჯახო ალბომიც მაქვს, რომელიც თავის დროზე ბებიამ "გააკეთა", ახლა კი მე ვპატრონობ, ახალ-ახალ სურათებს ვამატებ.

- პრანჭია ვიყავიო, - აღნიშნე. დედის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით თუ გიყვარდა სიარული?

- არც დედის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩამიცვამს და არც კოსმეტიკა წამისვამს. ჩემი გაპრანჭვა ბავშვურ საქციელს იქით არ წასულა. სკოლა ისე დავამთავრე, მანიკიური არ წამისვია, სამკაული არ გამიკეთებია. მასწავლებლები სულ აღნიშნავდნენ, რომ ძალიან მოწესრიგებული გოგო ვიყავი. საერთოდ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა ახლაც არ მიყვარს. ჩემი საყვარელი ფეხსაცმელია "ბოტასი" და კედები. სცენაზეც კი ვერიდები "მაღლებზე" დგომას. ჰოდა, დიზაინერებს ვეხვეწები ხოლმე: ისე ჩამაცვით, მაღალ ქუსლზე დადგომა არ მომიხდეს-მეთქი.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- ვცდილობ, სახეზე რაღაცები მხოლოდ მაშინ წავისვა, როცა სცენაზე უნდა გავიდე. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას. სხვათა შორის, ამას ბევრი დადებითი მხარე აქვს: სახის კანს ვუფრთხილდები და დილით სარკის წინ დიდხანს ტრიალიც არ მჭირდება (იცინის).

- შენს მშობლებზე მიამბე რამე...

- მყავს არაჩვეულებრივი დედა. მამა სამწუხაროდ, 12 წლის რომ ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა და მისი მხოლოდ რამდენიმე ფოტო შემომრჩა. მამა ბუნებასა და ცხოველებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო და ალბათ ამიტომაც, ზოოვეტერინარი გახლდათ. მასზე ხშირად ამბობენ, - ბევრ ექიმს სჯობდაო.

- აქ რამდენი წლის ხარ?

- დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როცა ეს ფოტო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გადამიღეს. ეს არის ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პერიოდი. სხვათა შორის, იმ სიმღერებიდან, რომლებსაც დღეს ვასრულებ და ჩემს მოსწავლეებს "ანა-ბანას" სტუდიაში ვასწავლი, სწორედ პიონერთა სასახლეში შევისწავლე.

- ეს თინეიჯერობის პერიოდში გადაღებული ფოტოა, არა?

- დიახ, ეს ის პერიოდია, როცა ყველა თმას ისწორებს (იღიმის). მერე მივხვდი, რომ ჩემს თმას გასწორება სულაც არ სჭირდება, დახვეული უფრო მეტად მიხდება. თანაც, ხომ იცით, კულულები უფრო ადვილი მოსავლელია, "პრიჩოსკის" გასაკეთებლად ბევრი წვალება არ მჭირდება. თმა პირველად "ჯეოსტარში" მონაწილეობის დროს შევიღებე. ბუნებრივად ქერა ვარ. ახლა პროექტისთვის - "ორი ვარსკვლავი" მინდოდა, კარე შემეჭრა, მაგრამ ჩვენმა სტილისტმა ამიკრძალა. მითხრა: არ გაბედო და თმას ხელი არ ახლოო!

- აქსესუარები გიყვარს?

- აქსესუარებს იშვიათად ვიკეთებ. ისე კი, პატარა და ნაზი სამკაულები მომწონს. ეს ბეჭედი, რომელიც ახლა მიკეთია, ჩემი პირველი ხელფასით ვიყიდე და ამიტომ ვატარებ.

- სტუდენტობისას როგორ გამოიყურებოდი?

- აი, ეს ფოტო პირველ კურსზე ყოფნისას გადავიღე. როგორც ხედავთ, აქაც უმაკიაჟოდ ვარ. მხოლოდ წარბების კორექცია მაქვს გაკეთებული, ისიც - უმნიშვნელოდ.

- ეს კი "ჯეოსტარში" მონაწილეობის დროს არის გადაღებული, არა?

- "ჯეოსტარი" იყო პირველი კონკურსი, რომელშიც ვმონაწილეობდი და რომლითაც გამიცნო და შემიყვარა მსმენელმა. მაგრამ ეს მაინც, ბავშვობის წლები იყო. მას შემდეგ დავიხვეწე და მუსიკალური გემოვნებაც შემეცვალა.

- ახლა კი "ორ ვარსკვლავში" მღერი. შენს მეწყვილეზე - ლევანზე რას გვეტყვი?

- როდესაც პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, გამიხარდა, მაგრამ როცა მითხრეს, - შენი მეწყვილე ლევან ჯავახიშვილი იქნებაო, სიმართლე გითხრათ, ეს არ მომეწონა და გავიფიქრე: "ქრონიკამ" რა უნდა იმღეროს-მეთქი? თუმცა, მერე ბევრმა მითხრა, - კარგად მღერისო და მეც ცოტა არ იყოს, დავმშვიდდი. პირველ რეპეტიციაზე, როდესაც ლევანმა "პირი გააღო", მივხვდი, რომ მეწყვილეში გამიმართლა. ჩვენ ერთმანეთს მალევე გავუგეთ. ვფიქრობ, ჩვენი წყვილი შედგა!

- ეს ამერიკაში გადაღებული ფოტოა, არა?

- ამერიკაში უბრალოდ, დროის გასატარებლად წავედი. იქ დაახლოებით ერთი თვე დავყავი. ეს ქვეყანა იმაზე ბევრად კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ოცნებებში წარმომედგინა. მივხვდი, რომ იქ ვიყავი, სადაც ყველაზე მეტად მინდოდა ყოფნა და ღმერთს მადლობას ვწირავდი, ამერიკის ნახვის შანსი რომ მომცა. მუსიკით გაჟღენთილი ქვეყანაა: ყველა მღერის, ყველა უკრავს, მეტროში თუ ქუჩაში ისეთ კონცერტებს მართავენ, თავი საკონცერტო დარბაზში გეგონება.

- დაბოლოს, მინდა პირად ცხოვრებაზეც გკითხო: შეყვარებული არ ხარ?

- ეს ის თემაა, რომელზეც ცოტას ვლაპარაკობ. ხომ გაგიგონიათ: "სიყვარულსა მალვა უნდა, როგორც ცხენსა ნაპარავსა". გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ნინი მარადიულად არის შეყვარებული თავის ხალხზე, ქვეყანაზე, თავის პატარა სახლზე; მოკლედ, ნინი თავად სიყვარულზეა შეყვარებული. რაც შეეხება მამაკაცს: სიამოვნებით მექნებოდა ურთიერთობა ღვთისმოშიშ ადამიანთან და მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია (იცინის).

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება