"მის საქართველო 2013" ანა ზუბაშვილი მშობლიური ცხინვალის ნახვაზე ოცნებობს

"მის საქართველო 2013" ანა ზუბაშვილი მშობლიური ცხინვალის ნახვაზე ოცნებობს

"მის საქართველოს 2013"-ის გარეგნობაში ყველა, პირველ რიგში, მის თმის ფერს აქცევს ყურადღებას. ბევრი აღნიშნავს, რომ წელს განსხვავებული და საინტერესო გარეგნობის "მის საქართველო" გვყავს. ბავშვობაში კი ანას "რიჟას" რომ ეძახდნენ, ძალიან არ მოსწონდა. უნდოდა, მეგობრების მსგავსად მასაც შავი თმა ჰქონოდა. გაიზარდა და მიხვდა, რომ მისი გარეგნობის ერთ-ერთი პლუსი სწორედ თმის ფერია. ანას თავის ცხოვრებაზე ვესაუბრეთ. "მის საქართველო" წარმოშობით ცხინვალიდანაა, თუმცა მშობლიური მხარე არასდროს უნახავს.

"ბავშვობაში "რიჟას" რომ მეძახდნენ, მწყინდა"

- ჩემი მშობლები წარმოშობით ცხინვალიდან გახლავან. 1991 წლის ომის შემდეგ მათ საკუთარი ტერიტორიის დატოვება მოუხდათ. ჯერ გორში, შემდეგ კი თბილისში დაიმკვიდრეს თავი. მშობელი ყველასთვის ძალიან საყვარელია. მეც ვფიქრობ, რომ საუკეთესო მშობლები მყავს. მიუხედავად რთული პერიოდისა, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კარგ გარემოში აღვზრდილიყავით.

- გყავს ოსი ნათესავები?

- მამიდაჩემის ქმარი ოსია. მამიდაშვილები ოსები არიან.

- მათთან გაქვს ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა, მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. წლებია, მოსკოვში ცხოვრობენ. ზაფხულობით ჩვენთან სტუმრად ჩამოდიან ხოლმე.

- რამდენი დედმამიშვილი გყავს?

- უფროსი და მყავს, ლიკა, ძმა უმცროსია, მეათე კლასში სწავლობს.

- ცხინვალში ხარ დაბადებული?

- მე თბილისში დავიბადე. ჩემი და ათი თვის იყო, როდესაც მშობლებს ცხინვალის დატოვება მოუხდათ. მე და ჩემი ძმა თბილისში დავიბადეთ. სამწუხაროდ, მხოლოდ გადმოცემით ვიცი, ცხინვალი როგორი იყო. დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ჩემს მშობლიურ ქალაქს ვნახავ. ჩემი მშობლების ოცნებაც ესაა, უნდათ, როდისმე დაბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ მხარეში.

- ბავშვობაში წითელი თმისა და ჭორფლის გამო, ალბათ, პეპის გეძახდნენ.

- გარეგნობით ყოველთვის გამოვირჩეოდი სხვებისგან. მეგობრები და უფროსები პეპის და "რიჟას" მეძახდნენ. "რიჟას" რომ მეძახდნენ, ცოტათი მწყინდა. თან მხოლოდ მე და ჩემი და ვიყავით ასეთი ფერის თმით და გული მწყდებოდა. ბავშვობაში ჩემს დასთან ერთად ფოტო გორში მაქვს გადაღებული. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ჩემი თმა ჩემი პირველი პლუსია. თმა დამეხმარა ასეთი წარმატების მიღწევაში.

- ვის ჰგავხართ დები თმის ფერით?

- გადმოცემით ვიცი, რომ პაპაჩემის ძმას ჰქონდა წითელი ფერის თმა. ჩემი ძმაც შავგვრემანია.

- ბავშვობაში რა ფერის თმაზე ოცნებობდი?

- ჩემს მეგობრებს შავი თმა ჰქონდათ და ძალიან მინდოდა, მეც მათი მსგავსი ვყოფილიყავი.

- ახლაც იგივე სურვილი გაქვს?

- არასდროს შევიღებავ და არასდროს შეველევი წითელ თმას. ჩემი თმის ფერი მართლა ღვთის წყალობაა.

- ბავშვობიდან მოდელობაზე ოცნებობდი?

- ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მივიღე მონაწილეობა "ელიტ მოდელ ლუქში", მოვხვდი თხუთმეტ ულამაზეს გოგონას შორის. მას შემდეგ ამ სფეროში აქტიურად ჩავერთე და ძალიან შემიყვარდა.

- სკოლაში ბეჯითი მოსწავლე იყავი?

- საუკეთესო მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა არც ვზარმაცობდი. სწავლა ძალიან მიყვარდა. ახლაც ვცდილობ, რომ სწავლაში მოდელობამ ხელი არ შემიშალოს და მგონი, ვახერხებ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება