რატომ ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას ქართველი ინტერნეტვარსკვლავი

რატომ ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას ქართველი ინტერნეტვარსკვლავი

ღმერთმა სიმღერის ნიჭი დაანათლა, მაგრამ ისე მოხდა, რომ 6 წლისა მამამ მიატოვა და პატარა სალომე დედასთან ერთად დარჩა. დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილს არ გასჭირვებოდა, მაგრამ იმდენი ვეღარ შეძლო, გოგონასთვის სიმღერაში კერძო პედაგოგი დაექირავებინა, რომ ბავშვს მუსიკალური მონაცემები განევითარებინა...

თუმცა სალომე ტეტიაშვილი, 19 წლის ასაკში, შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტვარსკვლავი გახდა. მას ამისთვის არც უზრუნია, ყველაფერი თავისით მოხდა. მეგობრების წრეში სალომეს ნამღერი ინტერნეტში აიტვირთა და სასწაული წამიერად მოხდა...

"ამბები.გე" ამჟამად სწორედ მისი ცხოვრებით დაინტერესდა.

- სალომე, ერთ დღესაც ინტერნეტში შენი ნამღერი აიტვირთა, რომელიც მაშინვე ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მოიწონა... სიმღერა როდიდან დაიწყე?

- 3-4 წლიდან, მაგრამ ამ ყველაფრისთვის სერიოზულად არასდროს შემიხედავს.

- ვოკალის პედაგოგი არ გყოლია?

- ორი წლის წინ მასწავლებელთან მცირე ხნით დავდიოდი, შეიძლება, ის პერიოდი სერიოზული მუშაობის ეტაპად არც ჩაითვალოს. ბოლოს კი, რამდენიმე თვის წინ, პედაგოგთან ერთი თვე ვიარე... ისე, სიმღერებს ჩემთვის სულ ვმღეროდი: მეგობრების წრეებში, დაბადების დღეებზე, ბარებში...

- არადა, ძლიერი ხმა გაქვს. ამ საქმეს პროფესიულად რომ ვერ მიხედე, იმის ბრალია, რომ ოჯახს საშუალება არ ჰქონდა?

- ძირითადი მიზეზი ეს არის, რადგანაც კერძო პედგოგის დაქირავება ძვირი ჯდება, რის გადახდასაც ჩემი ოჯახი ვერ ახერხებს...…

- სად სწავლობ?

- ჯერჯერობით ვერ ვსწავლობ.

- ამაშიც ისევ ფინანსური პრობლემა გიშლის ხელს?

- ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. სკოლა რომ დავამთავრე, სასწავლებლად გერმანიაში ვაპირებდი წასვლას, იქიდან დაფინანსება კი მქონდა, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ მოხერხდა, ამის მიზეზი ფინანსებიც გახდა და კიდევ არაერთი დეტალი. მოკლედ, ვეღარ ჩავაბარე... მერე რჩევები მივიღე, რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა. დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ეს საქმე რამდენად გამოვა, არ ვიცი. ისე, დედა, მეგობრები ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებას მირჩევენ და იმასაც მეუბნებიან, რომ აუცილებლად გამომივა. თუმცა საკუთარი თავი კლასიკურ სტილში ცოტა ვერ წარმომიდგენია, მაგრმ ვნახოთ. წინააღმდეგი არ ვარ.

- წელს გინდა მისაღებ გამოცდებზე გასვლა?

- წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც, აუცილებლად.

- სერიოზულმა პედაგოგმა და მუსიკოსმა ვინ მოგისმინა?

- კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ. მასთან დაახლოებით თვე-ნახევარი ვიარე.

- რა მითითებები მოგცა?

- ძირითადად სუნთქვის პრობლემა მაქვს, მაგ მხრივ ვარ დასახვეწი. სიმღერის დროს ფრაზების მიხედვით სწორად უნდა ვისწავლო სუნთქვის რეგულირება. ჩემი ძირითადი პრობლემა ეგ არის და მაგ მიმართულებით სერიოზული სამუშაო მაქვს.

- ვიცი, რომ რაღაც კონცერტებში მონაწილეობ. კლუბებში მღერი. ამ საქმეში ვინ გეხმარება?

- კონცერტებს რომ ვმართავ, ეს ძირითადად ბარის, კლუბის მეპატრონეების ინიციატივით ხდება. ისინი მიწვევენ, მაგრამ ისე არ არის, რომ სადმე სისტემატიურად ვმღერი.

- რეპერტუარი გაქვს?

- კი, მაქვს. უცხოურ სიმღერებსაც ვმღერი, არადა, რატომღაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ ქართულ სიმღერებს ვასრულებ. ეს ნამდვილად არ არის ასე.

- იმიტომ რომ, მასობრივად ქართული ნამუშევრებით გაგიცნეს...

- კი, ბარში და კლუბში და ასეთ სიტუაციებში ხალხს რაც უნდა, იმას ვმღერი.

- იქ ღირს სიმღერა?

- კი, ჩემთვის მისაღებია. საკუთარი სახარჯო ფული მაქვს და მშობელზე არ ვარ დამოკიდებული. მთავარი ეს არის. ბარში ისედაც დავდივარ ხოლმე მეგობრებთან ერთად და ამას ემატება ის, რომ იქ ვმღერი კიდეც. როცა შეიძლება, შენი ელემენტარული სახარჯო ფული გქონდეს, მშვენიერია. რატომაც არა.

- ერთ-ერთ შოუშიც გამოჩნდი, შენს პრობლემებსა და სატკივარზე ილაპარაკე, რომ ბავშვობაში მამამ მიგატოვა. იმ გადაცემის შემდეგაც არ გამოგეხმაურა ის ადამიანი?

- არ გამოჩენილა. არავინ გამომხმაურებია, არ ის და არც მისი ახლობლები.

- 6 წლის იყავი, რაცა მამა შენგან წავიდა. ეს, ალბათ, დიდი ტკივილია შენთვის, არა?.

- კი, როდესაც მშობელი ასე პატარას გტოვებს, რა თქმა უნდა, დიდი ტრავმაა. მაგრამ იზრდები და ნელ-ნელა აცნობიერებ, არ გკითხულობს, არ აინტერესებს, როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ. გიყალიბდება და გიმყარდება აზრი, რომ ყველაფერი შენით უნდა შეძლო, ცხოვრება გააგრძელო. გყავს მხოლოდ ერთი მშობელი, დედა, რომელიც ასრულებს როგორც დედის, ასევე მამის ფუნქციას. ალბათ, ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია, მით უფრო გოგოსთვის, მაგრამ ადამიანები ალბათ ეჩვევიან საკუთარ გასაჭირს, თუმცა ჩემთვის მაინც რთულად შესაგუებელი და მკივნეულია.

- სკოლაში როგორ სწავლობდი?

- სკოლაში კარგად რომ ვსწავლობდი, გაცვლითი პროგრამით გერმანიაში მოვხვდი. იქ დამაფინანსეს და მუსიკალური მიმართულებით სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი. პატარა კონცერტი გავმართეთ და შვიდ საუკეთესო მოსწავლეს შორის მოვხვდი. მყავდა გერმანელი პედაგოგი. იქ ვიღაც კაცს ჰქონდა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც საზღვარგარეთიდან ჩასულ ნიჭიერ ბავშვებს აფინასებდა. მოეწონათ ჩემი ხმა. რომ ჩამოვედი, რაღაც თანხაც გამოაგზავნა, რომ კერძო პედაგოგი ამეყვანა, რითაც მასწავლებელთან ვიარე. მერე მუსიკალურ კოლეჯში უნდა წავსულიყავი, მაგრამ როგორც გავიგე, იმ ფონდმა მუშაობა შეწყვიტა, ამიტომ ჩემი სწავლის საკითხი აღარ გამოვიდა.

- ცოტა ხნის წინ უსიამოვნო ამბავი შეგემთხვევა: ქუჩაში გაგაჩერა ადამიანმა, რომელმაც ტელეფონის ნომერი გთხოვა. რომ არ მიეცი, დანა გესროლა... იმ ინცინდენტს რაიმე გაგრძელება ხომ არ ჰქონია?

- არა, იქ დამთავრდა ყველაფერი. ჩემთვის იმ ფაქტი ცოტა შავი პიარივით კი იუო...

- შეყვარებული გყავს?

- აღარ მყავს (სიცილით ამბობს). ცოტა ხნის წინ დავშორდით...

- ადამიანი ასე უეცრად, მხოლოდ ინტერნეტში განთავსებული ვიდეოს შემდეგ რომ გახდები პოპულარული. ეს რას ნიშნავს შენთვის?

- ჩემთვის ცოტა დაუჯერებელი კი იყო, მაგრამ ნელ-ნელა გავაცნობიერე, რაც მოხდა ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ქუჩაში ქალები, ბავშვები მესიყვარულებიან, სითბოს გამოხატავენ, სოციალურ ქსელშიც მწერენ. ეს არის შემთხვევა, როცა რაღაც მოულოდნელად მოდის შენთან და თვითონ ამისთვის არაფერს აკეთებ. უბრალოდ მეგობრების წრეში ნამღერი ვიდეოთი გავხდი პოპულარული. ეს სასიხარულოა.

- დედა ისევ "რუსთავი 2"-ში მუშაობს?

- კი, იქ არის...

- ისევ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ და ამ მხრივაც არაფერი შეცვლილა, ხომ?

- დიახ, არაფერი შეცვლილა...

- დედა რას გეუბნება?

- როგორც გითხარით, მეუბნება, რომ კონსერვატორიაში გავაგრძელო სწავლა. ერთხელ არ დავუჯერე, როდესაც ვიოლინოზე დაკვრას თავი დავანებე, რასაც ვნანობ. ამიტომ ახლა უნდა დავუჯერო. მშობელია და იცის, როგორ ჯობია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება