რატომ ვერ ახერხებენ მამაკაცები ლიკა ქორქიას გულის მოგებას

რატომ ვერ ახერხებენ მამაკაცები ლიკა ქორქიას გულის მოგებას

ტელეწამყვანი და მოდელი, მომხიბვლელი ლიკა ქორქია ამბობს, რომ მის თაყვანისმცემლებს ბევრად უფრო საინტერესო რამ გაუკეთებიათ, ვიდრე ფანჯრების წინ სერენადის სიმღერაა. მიუხედავად ამისა, მისი გულის მოგება ჯერჯერობით ვერავინ შეძლო...

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ და საერთოდაც, გჯერა თუ არა ჰოროსკოპის?

- ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ლომია. რომ გითხრა, ჰოროსკოპის მჯერა და გარეთ ისე არ გავდივარ, ვიდრე ასტროლოგების პროგნოზს არ წავიკითხავ-მეთქი, მოგატყუებ. თუმცა ვიცი, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც მართლა ჰოროსკოპის მიხედვით ცხოვრობენ. მეც მჯერა რაღაცების და ვფიქრობ, ბევრი ჩემი თვისება ემთხვევა ლომის ნიშნის აღწერილობას, მაგრამ ასტროლოგების რჩევის მიხედვით დღეს არასდროს ვგეგმავ.

- ის თუ იცი, რით გამოირჩევა ლომი სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან?

- ლომი პირველ რიგში, საკუთარი სიძლიერითაა გამორჩეული; უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, არის პატივმოყვარე.

- შეგიძლია, საკუთარი თავი დაგვიხასიათო?

- საკუთარი თავის დახასიათება ყოველთვის მიჭირს. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ეს არაკორექტული იქნება.

- რა მავნე ჩვევები გაქვს?

- მაქვს მავნე ჩვევები, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია. ადამიანები ვართ და შევთანხმდეთ: თითოეულ ჩვენგანს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები.

- სიგარეტს ეწევი?

- არა, არ ვეწევი. მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასი რამ არის და მას უნდა გავუფრთხილდეთ. პირადად მე, ალკოჰოლსაც არ ვეტანები. ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო.

- ჩაი თუ ყავა - რომელს ანიჭებ უპირატესობას?

- არც ჩაის ვსვამ და არც - ყავას, რადგან ორივეში დიდი რაოდენობით კოფეინია, რომელიც ჩემზე ცუდად მოქმედებს: გულს მიჩქარებს და მერე დაძინებაც მიჭირს. უპირატესობას ნატურალურ წვენებს და სახლის პირობებში მომზადებულ ხილის კომპოტს ვანიჭებ.

- როგორი გაბრაზება იცი?

- ძალიან იშვიათად ვბრაზდები; იმდენად იშვიათად, რომ ბოლოს როდის გავბრაზდი, აღარც მახსოვს. ზედმეტად გაწონასწორებული ადამიანი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, ჩემ ირგვლივ ყველაფერი ისე დავაბალანსო, რომ ზედმეტად ნერვები არც მე მოვიშალო და არც სხვებს მოეშალოს. როცა პრობლემის მოგვარება ტკბილი სიტყვით შეიძლება, ნერვები რატომ უნდა მოვიშალოთ? ხომ გაგიგონიათ: გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარიო. ეს მართლაც, არაჩვეულებრივი გამონათქვამია. მწარე სიტყვას გულისტკენის გარდა, არაფერი მოაქვს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო.

- წყენის გულში ჩადება თუ იცი?

- არა, წყენას გულში არასოდეს ვიტოვებ. არ ვარ აგრესიული. სამწუხაროდ, დღეს ადამიანების უმეტესობა დაბოღმილია, თითქოს გაბოროტდნენ კიდეც. ვგიჟდები, როცა "ფეისბუკზე" უამრავ ბოღმიან კომენტარს ვკითხულობ (ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ). არ შეიძლება, ადამიანები ამდენ ცუდს აფრქვევდნენ გარშემო და ერთმანეთისთვის თბილ სიტყვას ვერ იმეტებდნენ. მსგავსი რამ ჩემთვის მიუღებელია.

- რამ შეიძლება დეპრესიაში ჩაგაგდოს?

- დეპრესიული არ ვარ და სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცი, დეპრესია რა არის. დაძაბულ სიტუაციაში ყოველთვის ვეძებ ისეთ გამოსავალს, რომელიც არ დამაზარალებს.

- გარეგნულად დედას გამსგავსებენ თუ მამას?

- არც დედას ვგავარ და არც - მამას. ბებიას და ბაბუას მამსგავსებენ, მშობლებს კი ჩემი და - ანი უფრო მეტად ჰგავს.

- მშობლებთან ერთად ცხოვრობ?

- დიახ, მშობლებთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობ.

- სიყვარულისა და სითბოს გამოხატვის უნარი გაქვს?

- რა თქმა უნდა, მაქვს! არ შეიძლება საყვარელი ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებულები არიან, სითბო და სიყვარული არ გამოხატო.

- შეყვარებული ბევრჯერ ყოფილხარ?

- შეყვარებული ერთხელაც არ ვყოფილვარ... პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ლაპარაკიც კი მიუღებელია ჩემთვის, თან, რატომღაც მგონია, რომ ეს სხვებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება.

- თაყვანისმცემლების ნაკლებობას ალბათ არ უჩივი. საინტერესოა, ისინი რით განებივრებენ?

- ყველა მანდილოსანს ჰყავს თაყვანისმცემელი და ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი და მერწმუნეთ, თითოეულს პატივს ვცემ. ზოგიერთი მათგანი უფრო კრეატიული და საინტერესოა, ზოგიერთი კი ბანალური რაღაცებით ცდილობს ჩემთვის თავის მოწონებას.

- შენთვის სერენადა თუ უმღერიათ?

- ჩემს თაყვანისმცემლებს ჩემთვის იმაზე მეტი გაუკეთებიათ, ვიდრე სერენადის სიმღერაა, თუმცა ვერ დავაკონკრეტებ, ამაზე ლაპარაკი არ მინდა... არ შეიძლება პატივს არ სცემდე იმ ადამიანს, რომელიც შენ მიმართ დადებითად არის განწყობილი. ჩემთვის მთავარი საჩუქარი კი არა, სიყვარულია.

- ლიკა, ძნელია შენი გულის მოგება?

- თამამად ვიტყვი, რომ ჩემი გუ­ლის მოგება მართლაც, ძალიან ძნელია. მამაკაცების მიმართ მკაცრად ჩამოყალიბებული შეხედულებები მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან პრეტენზიული ვარ. დღესდღეობით, ჩემი თაობის ბიჭებში დიდი პრობლემაა, თითქოს არ იციან, რა უნდათ, რას ითხოვენ ამ ცხოვრებისგან. პირადად მე, ვერ ვიურთიერთებ ისეთ მამაკაცთან, რომელიც ჩემთან ბოლომდე გახსნილი არ იქნება. ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა თამაშობს, ნიღაბს ირგებს; რაც უფრო მეტს ლაპარაკობენ ვაჟკაცობაზე, ვხვდები, რომ მით უფრო შორს არიან ვაჟკაცობისგან; არასრულფასოვნების კოპლექსიდან გამომდინარე, მათ მანდილოსნებთან ურთიერთობისას საკუთარი სახის შენიღბვა უწევთ... სწორედ ამ ყველაფრის ბრალია, რომ კაცებს ჩემი გულის მოგება უძნელდებათ. ძალიან დიდი დისკომფორტი მექმნება, როცა გვერდით მყოფ მამაკაცს ინტელექტი და იუმორის გრძნობა არ აქვს.

- როგორი ადამიანი წარმოგიდგენია შენ გვერდით?

- ძლიერი, განათლებული, რეალიზებული და თავდაჯერებული. აი, ასეთი მამაკაცი წარმომიდგენია ჩემს მომავალ მეორე ნახევრად (იცინის).

- ქართული ტრადიციები თუ მოგ­წონს?

- ქართველებს ბევრი ტრადიცია გვაქვს: ზოგი მოძველდა, ზოგს ისევ პატივს სცემენ. ადრე მთაში ასეთი ტრადიციაც ჰქონდათ: სტუმარ მამაკაცს და ოჯახის გასათხოვარ ქალიშვილს ერთ საწოლში აწვენდნენ, შუაში კი ხმალს დებდნენ, ახლა კი ეს ტრადიცია აღარ არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ტრადიციები ცოტა არ იყოს, დასახვეწია, რადგან ზოგიერთ მათგანს "პათოლოგიური სახე" აქვს.

- ქართული ტრადიციული ქორწილი მოგწონს?

- ვერ გეტყვი, ქორწილს საერთოდ გადავიხდი თუ არა. სიმართლე გითხრა, ასეთი ცერემონიები არ მომწონს; მოიწვევენ უამრავ ადამიანს და მერე იწყება ჭორაობა: სიძე სჯობს თუ პატარძალი, რომლის ნათესავები უფრო კარგები არიან და ვის რა აცვია. აი, ეს არის ქართული ტრადიციული ქორწილი, რომელიც ბოლოს აუცილებლად, ჩხუბით მთავრდება. ასეთი ქორწილის გადახდის სურვილი ნამდვილად არ მაქვს.

- როგორ ფიქრობ, შეძლებ, რომ დედამთილს "დედა" დაუძახო?

- მიმაჩნია, რომ დედა ერთადერთია ამ ქვეყანაზე. დედა - დედაა და დედამთილი - დედამთილი, მაგრამ ორივეს ერთნაირი პატივისცემით უნდა მოვექცეთ. უნდა ვიფიქროთ, რომ სხვა თუ არაფერი, მან ხომ შენი საყვარელი ადამიანი გაზარდა? ვფიქრობ, დედამთილთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მექნება. თუ მეუღლე გიყვარს, დედამისიც უნდა შეიყვარო.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

- სამზარეულოში ფუსფუსს, დროის სიმცირის გამო, ყოველთვის ვერ ვახერხებ. საბედნიეროდ, სახლში მყავს ბებო, რომელიც ამ მხრივ ძალიან მანებივრებს: დილით საუზმეს მიმზადებს, მერე სადილს, ვახშამს... მოკლედ, თავს მევლება. თუმცა, სიმართლე გითხრათ, როცა რაღაცის მომზადება მჭირდება, ყველაფერი ძალიან კარგად გამომდის. არ მესმის იმ გოგონების, რომლებიც ამბობენ, რომ სამზარეულოში ფუსფუსი არ ეხერხებათ... ყველაფერი ძალიან მარტივია, მთავარია, მოინდომო. ზუტად ვიცი: როცა საკუთარი ოჯახი მექნება, ერთ-ერთი საუკეთესო დიასახლისი ვიქნები.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება