ჩილეში ძლიერ მიწისძვრას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. "გარდიანის" ინფორმაციით, 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ასევე მეწყერის ჩამოწოლა და ჩილეს ჩრდილოეთ სანაპიროსთან ცუნამი გამოიწვია. მეწყერის შედეგად ჩაიხერგა გზები, დაზიანდა ჩილეს აეროპორტი.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ჩილეს მთავრობის ინფორმაციით, ორი ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა, სამი კი – ნანგრევებში მოყვა.
ამასთან, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იკიკეს პროვინციაში ქალთა კოლონიიდან მასობრივი გაქცევა მოხდა. ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ციხიდან დაახლოებით 300 მსჯავრდებული გაიქცა. ამ დრომდე სამართალდამცველებმა მხოლოდ 16 მათგანის დაკავება შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ციხის ნაწილი ჩამოინგრა, რამაც პატიმართა გაქცევა შესაძლებელი გახადა.