როგორ გადაიღეს 9 აპრილი: ადამიანების ნაამბობი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საიდუმლოს გამჟღავნებაში

როგორ გადაიღეს 9 აპრილი: ადამიანების ნაამბობი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საიდუმლოს გამჟღავნებაში

9 აპრილის ტრაგიკულ დღეებში არანაკლები უბედურება ისიც იყო, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, განსაკუთრებით ცენტრალური პრესა და საინფორმაციო პროგრამა "ვრემია" ყალბად და ტენდენციურად აშუქებდნენ მოვლენებს, თითქოს ადამიანთა მსხვერპლი მოხდა წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად. ხალხი არ ცდებოდა, რომ ამ დეზინფორმაციაში საბჭოთა პროპაგანდისტულ მანქანას ადანაშაულებდა, რომ მათი ხელი ერია, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო რაც საბჭოთა არმიის ნაწილებმა ჩაიდინეს თბილისში 1989 წლის 9 აპრილის დილის 4 საათზე მიტინგის დარბევის დროს. თუმცა, ტრაგედიიდან მეორე დღეს მთელმა მსოფლიომ გაიგო ამ ბარბაროსული აქტის შესახებ.

ისტორიები, რომელიც ჯერ არ გვსმენია 9 აპრილზე - როგორ მოხვდა ტრაგიკული ღამის კადრები მარგარეტ ტეტჩერთან

დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს შევთავაზოთ იმ ადამიანების ნაამბობი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ საიდუმლოს გამჟღავნებაში. მანამდე კი თვალსაჩინეობისთვის შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაგმენტს იმ დღეების ქრონიკიდან, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა.

9 აპრილს თითქმის მთელი დღე დუმდა საქართველოს ტელევიზია და რადიო, თუ არ ჩავთვლით "მოწოდებას კეთილგონიერებისაკენ" და იმას, რომ თბილისის ტრაგედიას უწოდეს "გარდაქმნისათვის ზურგში ჩაცემული ლახვარი". იმ დღეს ეთერში გავიდა მხოლოდ სამი გადაცემა, მათ შორგის იყო 16 საათზე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მიმართვა მშრომელებისადმი. 22 საათსა და 50 წუთზე - გენერალ იგორ როდიონოვის გამოსვლა, რომელმაც გამოაცხადა, რომ შემოღებულია კომენდანტის საათი.

11 აპრილს კი გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადება: "8 აპრილს ღამით, ქალაქ თბილისში მთავრობის სახლის მოედანზე ექსტრემისტი, ანტისაზოგადოებრივი ელემენტების მიერ პროვოკაციულად გამოწვეულ უწესრიგობათა აღკვეთის დროს დაშავდა ადამიანთა ჯგფი სამოქალაქო პირთა და სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან, წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 კაცი. სკკპ ცენტრალური კომიტეტი, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო ღრმა სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებს და ახლობლებს".

გაზეთ "ვეჩერნი თბილისი" კი 11 აპრილს იუწყებოდა, რომ "სწორედ ზოგიერთი თვითმარქვია, ექსტრემისტი ლიდერისა და ნაციონალისტების სინდისზეა თბილისში მომხდარი ტრაგიკული ამბები, უწესრიგობანი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ნაციონალისტურმა გამოვლინებებმა ანტისოციალისტური ელფერი შეიძინა".

იგივე სულისკვეთებით იყო გამსჭვალული სხვა ადგილობრივ პრესაში დაბეჭდილი სტატიების უმრავლესობა.

ცენტრალური პრესა კი თითქოს განზრახ აყრიდა მარილს იარებზე მგლოვიარე ხალხს. "პრავდა", "იზვესტია", "სოვეტსკაია კულტურა". "ლიტერატურნაია გაზეტა" და სხვა გამოცემები დოზირებულად, სიტყვაძუნწ ინფორმაციებს სჯერდებოდნენ.

დეზინფორმაციაში განსაკუთრებით "იმარჯვა" სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს ბეჭდვითმა ორგანომ "კრასნაია ზვეზდა". მასში გამოქვეყნებულმა სიცრუემ ყველა ნორმას გადააჭარბა. სიცრუის ეს ესტაფეტა შემდეგ აიტაცეს "სოვეტსკაია რასიამ", "მედიცინსკაია გაზეტამ", "სოვეტსკი პატრიოტმა" და სხვებმა.

გამოცემა "არგუმენტი ი ფაქტი"-ს 16 აპრილის ნომერში კითხვაზე "რა ქიმიური ნივთიერება იხმარეს თბილისში 8 აპრილის ღამეს?" - სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელმაც ისურვა, ინკოგნიტოდ დარჩენილიყო, პასუხობს: "შინაგანმა ჯარებმა იხმარეს მხოლოდ ცრემლსადენი მოქმედების საშუალებები, რომელსაც წესრიგის დაცვის ძალები იყენებენ". თუმცა არაფერი უთქვამს "სი-ეს"-ით ათასობით მოწამლულზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ბარბაროსულ სასტიკ რბევა-დაწიოკებაზე.

ქიმიურ საშუალებათა გამოყენების შესახებ ადეკვატური ინფორმაცია მხოლოდ 19 აპრილის "პრავდაში" გამოქვეყნდა. საინფორმაციო გადაცემა "ვრემიაში" გასულ აღმაშფოთებელ დეზინფორმაციებზე კი შეიძლება ტომები დაიწეროს.

13 აპრილს გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიი"-ში გამოქვეყნდა "ლიტერატურნაია გაზეტას" მიმომხილველის იური როსტის რეპორტაჟი, სადაც პირველად გაირღვა ის კედელი, რომელიც მკითხველამდე არ უშვებდა სიმართლეს 9 აპრილის ღამის შესახებ. მართალია, მოსკოვში გამომავალმა "ლიტერატურნაია გაზეტამ" არ დაბეჭდა ეს რეპორტაჟი, მაგრამ თბილისური "მოლოდიოჟ გრუზიას" ის ნომერი, რომელიც სამხედრო ცენზურამ სწორედ იური როსტის გამო აკრძალა, თითქმის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა.

ეს ამბავი კი ასე იყო: როგორც 9 აპრილის ღამის მოვლენების თვითმხილველმა იური როსტმა ყველაფერი იღონა, რათა დოკუმენტურად აღებეჭდა ის, რაც მოედანზე მოხდა. დაბეჭდა ფოტოსურათები, დაწერა ტექსტი, რომელშიც არავითარ შეფასებებს არ იძლეოდა და მოჰყავდა მხოლოდ ფაქტები და გადასცა "ლიტერატურნაია გაზეტას". მაგრამ გაზეთმა "გარკვეული მიზეზების" გამო უარი თქვა გამოექვეყნებინა მასალა. მაშინ "მოლოდიოჟ გრუზიამ" სთხოვა ავტორს მიეცა მისთვის კორესპონდენცია და ფოტოსურათები.

რედაქტორისაგან ხელმოწერილი ნომერი დასაბეჭდად წავიდა სტამბაში, მაგრამ 13 აპრილს, დილის 4 საათზე სტამბას ალყა შემოარტყეს სამხედროებმა, ბრძანება გასცეს არ დარიგებოდათ "მოლოდიოჟ გრუზიას" ხელმომწერებს და ჯიხურებს. დააპატიმრეს მთელი ტირაჟი. მაგრამ პოლიტბიუროს წევრის შევარდნაძისა და პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატის რაზუმოვსკის ჩარევის შემდეგ გაზეთი მიიღეს მხოლოდ თბილისის ხელმომწერებმა.

კინოსტუდია "ქართული ფილმის" გაზეთში, 19 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სრული ანგარიში კინოსტუდიაში შევარდნაძის და რაზუმოვსკის შეხვედრის შესპხებ. ასე დაიბეჭდა მიმართვა გორბაჩოვისადმი, რომელსაც ხელსაწერდნენ სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. გაზეთი სისტემატურად აქვეყნებდა საპროტესტო წერილებს. მკაცრად აკრიტიკებდა ტენდენციურ გამოსვლებს არმიის დასაცავად, ასევე ინტერვიუებს 9 აპრილის ღამეს დაშავებულებთან.

იური როსტი: "8 აპრილს ჩემმა მეგობარმა, გოგი ხარაბაძემ დამირეკა თბილისიდან და მთხოვა - ჩვენთან რთული მდგომარეობაა და ჩამოდიო. მეც ავიღე ბილეთი და თბილისში ჩამოვფრინდი. ღამის პირველი საათი იქნებოდა, მიტინგზე რომ მივედით. თან მქონდა მიკროფონი, კამერა.

"ილია მეორემ რომ დაასრულა მიმართვა ხალხისადმი, მე და გოგი ქვევით მხატვრის სახლთან ჩავედით. გავიგონე რომ ამბობდნენ - თუ სამხედროები დაიძვრებიან, წინააღმდეგობა არ გავუწიოთო. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ მშვიდობიანად დამთავრდებოდა ყველაფერი, გოგის ვუთხარი - არაფერიც არ მოხდება-მეთქი.

"ისევ ზემოთ ვაპირებდი ასვლას მოშიმშილეებთან. გოგიმ მითხრა - თუ დავიკარგებით, ერთმანეთს ისევ მხატვრის სახლთან შევხვდეთო. დავშორდით და იქვე ქუჩაზე გავედი. დავინახე, მოშორებით ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი იდგა ანთებული ფარებით. ამ დროს დამეწია გოგა ხაინდრავა და მთხოვა - დაბრუნდი, იქით წასვლა სახიფათოაო. მე მაინც წავედი.

"ტროტუარზე გადავედი და სიბნელეში დავინახე, რომ მოედანზე მზადყოფნაში მოეყვანათ ჯარისკაცები, ჯავშანტრანსპორტიორები, ორი სახანძრო მანქანა, რომელიც შემდეგ არ გამოუყენებიათ. ესეც გადავიღე. მინდოდა უკან წამოვსულიყავი და ხალხისთვის მეთქვა მოდიან-მეთქი, რომ სწორედ იმ დროს დამაკავეს ჯარისკაცებმა, იარაღით დამადგნენ თავზე.

"გამჩხრიკეს, აპარატის წართმევა მოინდომეს. შემდეგ მოვიდა ოფიცერი. ჩინი ვერ გავარჩიე, რადგან სამხრეები არ უჩანდა. შესძახა "კამერუ პადგუსენიცი". ვუპასუხე - კამერა სახელმწიფოსია და თუ დამიმტვრევთ, ხელწერილი მომეცით, რომ თქვენ დამიმტვრიეთ-მეთქი. ამის გაგონებაზე გაჩუმდა.

"ჯარისკაცებმა ფოლგაში მოქცეული ფირები მთლიანად ამოქაჩეს და გამინათეს. ორი ფირი გასაღებთან ერთად მქონდა შენახული. იქ რომ მოინდომეს ხელის ჩაყოფა, ვუთხარი, მანდ მხოლოდ გასაღებებია-მეთქი.

"სასწაულად გადავარჩინე ის ფირიც, რომელიც აპარატში მქონდა. სამხედროების ყურადღება რომ მომედუნებინა, რაღაცას ვეუბნებოდი და თან ფრთხილად ვახვევდი ფირს კასეტაში, როდესაც მთლიანად გადავახვიე, კასეტა ამოვიღე და ჯარისკეცებს ცარიელი აპარატი დავანახე. როგორც ჩანს იმ დროს ბრძანება მიიღეს, უცებ დამანებეს თავი, დამიყვირეს - წადი აქედანო და მანქანისკენ გაიქცნენ.

"მე წამოვედი და ვიძახდი "მოდიან-მეთქი", მართლაც წამოვიდნენ...

"მერე, როცა რბევას ვიღებდი, შიშის გრძნობა არ მქონია. კი, საშინელი სანახავი იყო, მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებდა - ყველაფრის გადაღება უნდა მომესწრო.

"შევყურებდი ჯარისკაცებს და მეგონა, რომ ისინი საიდანღაც ძალიან შორიდან მოდიოდნენ, რუსულად რომ დაველაპარაკო, ვერც გამიგებენ-მეთქი. დემონსტრანტების მხრიდან კი დაცვას ვგრძნობდი. ქართველმა ბიჭებმა ხელში ამიყვანეს, რომ უკეთ გადამეღო, მიფარავდნენ".

შემდეგ იყო ის, რომ იური როსტს ცრემლსადენმა გაზმა მუშაობაში ხელი შეუშალა, ჯარისკაცების ხელკეტიც იგემა, მაგრამ ყველაფრის გადაღება მოასწრო და მოსკოვის "კინოს სახლში" 9 აპრილის ამბების ამსახველი, იურის როსტის თავზარდამცემი 50 ფოტოსურათიანი რეპორტაჟიც გავიდა.

9 აპრილის საღამოს კი შვედეთის ტელევიზიით გავიდა კადრები, იმ ღამის საშინელებები, რომელიც ვიდეოფირზე ქართველმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაიღო.

გოგა ხაინდრავა: "ნოემბრიდან მოყოლებული, რაც იმ დროს ქვეყანაში ხდებოდა, თითქმის ყველაფერი მაქვს გადაღებული, დაახლოებით 200-საათიანი ფირია. რაც შეეხება 9 აპრილს, ვიცოდი, რომ მძიმე ღამე იქნებოდა. თვალნათლივ ჩანდა, რომ რაღაც მზადდებოდა.

"იმ ღამეს კადრებს მარტო მე არ ვიღებდი, ახალგაზრდა ბიჭებიც თავგანწირვით მუშაოდნენ, რომ სრული სურათი ეჩვენებინათ.

"მიტინგის დარბევის შემდეგ წავედით ფილარმონიისკენ, შემდეგ უნივერსიტეტის ბაღში გადავინაცვლეთ. ჯერ ამდენი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. როცა გავიგეთ, წავედით პროზექტურაში რომელიც ავლაბარში იყო. პირველებმა ჩვენ მოვახერხეთ, რომ გადაგვეღო ეს გვამები. შემდეგ უკვე მოვიდნენ და დახურეს. მოვასწარით, გამოვიპარეთ და კადრები წამოვიღეთ.

"აპრილის დღეებს იღებდნენ ესტონელი ახალგაზრდები. აქციაზე ხშირად ვხვდებოდით. ვიცოდი, რომ ისინი 9 აპრილის დილას სამშობლოში ბრუნდებოდნენ. ისიც ვიცოდი, რომ სასტუმრო "თბილისში" ცხოვრობდნენ. გამთენიისას უკანა კარიდან შევაღწიე სასტუმრო "თბილისში" და ფირი გადავეცი, სულ 22 წუთიანი ფირია. ეს ფირი ესტონეთში ჩაიტანეს და იმავე საღამოს შვედეთში გადააგზავნეს, შვედეთის ტელევიზიამ კი იმ საღამოსვე აჩვენა ეს კადრები, რომლითაც გაბათილდა ის, რასაც "ვრემია" გადასცემდა - რომ ჩვენ ვიყავით ექსტრემისტები, ერთმანეთს თვითონ დავერიეთ და ა.შ.

"ჩემს სახლში სამჯერ ჩაატარეს ჩხრეკა და ყველაფერი გადათელეს, მაგრამ კადრებს როგორ მივცემდი?! ყველაფრისათვის მზად ვიყავი. ვიცოდი, რომ ნადირობა ჩემზე დიდი ხნის წინ იყო დაწყებული. ღმერთმა ინება, რომ ეს კადრები გადარჩა და მომავალ თაობას დარჩა", - ასე გაიხსენა "მთელ კვირასთან" საუბრისას 25 წლის წინანდელი ტრაგიკული ღამე გოგა ხაინდრავამ.

კინოდოკუმენტალისტი გივი ყურელი კი ამ ამბებს იხსენებს, რომელიც მას და მის კოლეგებს გადახდათ თავს აპრილის დღეებში.

"მიტინგის მსვლელობის კადრებს იღებდნენ კინორეჟისორი ლია ელიავა, კინოდოკუმენტალისტები ნოდარ ფალიაშვილი, გია ჭუბაბრია და სხვები, მათთან ერთად მეც. ამ მასალას შემდეგ ლაბორატორიაში ვაბარებდით გასამჟღავნებლად. როდესაც მივედით ფირების წამოსაღებად, ლაბორატორია ჩარაზული დამხვდა, იქ უკვე კგბ-ს თანამშრომლები იდგნენ. ასე დაიკარგა უამრავი ფოტო არა მხოლოდ ჩემ მიერ გადაღებული, არამედ იმათიც, ვინც ამ მოვლენებს იღებდა.

"პირადად მე, სანამ კომენდანტის საათი გამოცხადდებოდა, აეროპორტის გზაზე ჩემი მანქანით მივდიოდი და ჯავშანტრანსპორტიორმა გადამიარა, რომელიც კოლონას მოწყდა და სავალ გზაზე გადმოვიდა. ეს ის კოლონა იყო, რომელიც ავღანეთიდან წამოსული ჯარისკაცებით სავსე მანქანებით თბილისში შემოდიოდა 9 აპრილის საღამოს. ჯერ გაგვაჩერეს, ყველა გზა მოგვიჭრეს და მერე ისევ ჩვენ გვაბრალებდნენ - თქვენ ჩაუხერგეთ გზა კოლონასო. იძახდნენ - ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთო.

"სასწაულად გადავრჩი. ამ ფოტომ კი, რომელზეც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ გადაუარა ჩემს მანაქანს ამხელა ტექნიკამ, მგონი მთელი ქვეყანა მოიარა.

"მეორე დღეს მძიმე დაზიანებებით მაინც მივედი კინოსტუდიაში. მიტინგი იყო. მართალია, ბურუსში ვიყავით და მდგომარეობიდან ჯერაც არ ვიყავით გამოსული, მაგრამ რეზო ჩხეიძემ კინოსტუდიის პავილიონში დიდი მიტინგი მოაწყო.

"ერთმა ახალგაზრდა მსახიობმა თქვა - გასტროლებზე საფრანგეთში მივდიოდით, მაგრამ აღარ წავალთო. რეზო ჩხეიძემ უთხრა - სწორედ ახლა უნდა წახვიდეთ და ყოველი სპექტაკლის წინ 9 აპრილის ტრაგედიაზე უნდა მოუყვეთ საზოგადოებასო.

"ჩვენც როგორც შეგვეძლო, ისე ვაწვდიდით ხმას ჩვენს უცხოელ კოლეგებს. მე პირადად გორბაჩოვსაც გავუგზავნე დეპეშა ყრილობაზე, მგონი კომუნისტების ბოლო ყრილობა იყო. მეორე დღეს კი გენერალურმა პროკურორმა დამიბარა და მითხრა - ეს როგორ გაბედეო".

ია აბულაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ