დაპირისპირება სამოდელო ბიზნესში - ვინ ედავება ია კიწმარიშვილს

დაპირისპირება სამოდელო ბიზნესში - ვინ ედავება ია კიწმარიშვილს

სამოდელო სააგენტო ''ბესტს მოდელის'' ხელმძღვანელი კახი ხაბეიშვილი რედაქციაში გვესტუმრა და ''იმიჯ ცენტრთან'' დაკავშირებით უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ კახი არის კონკურსების ''მისტერ ვალენტინი'', ''მის და მისტერ თბილისი'' ორგანიზატორი.

- ჩემი სააგენტო ორი წელია, არსებობს. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა, გვქონდა გასვლები რეგიონებში, კონკურსები. არ ვიცი, ამან იმოქმედა თუ არა, მაგრამ ''იმიჯ ცენტრმა'' აშკარად, ყოველგვარი დაფარვის გარეშე დაიწყო ჩემი მოდელების გადაბირება. იას ძალიან კარგად ვიცნობ და ერთმანეთს ყოველთვის კარგად ვხვდებოდით, მაგრამ ბოლო ექვსი თვეა, ძალიან ბევრ მოდელ ბიჭს, რომელსაც კონტრაქტი ჩემთან აკავშირებს, პირადად სწერს ''ფეისბუქზე'' და თავის სააგენტოში ეპატიჟება. ეუბნება, რომ გაუშვებს ჩინეთში, იტალიაში, რომ მასთან უკეთესი პირობებია, ვიდრე ჩემთან, ურჩევს, რომ ჩემთან კონტრაქტი გააუქმონ და ის თავის სააგენტოში ფულს არ გადაახდევინებს.

- იმ შემთხვევაში, თუ შენმა მოდელმა კონტრაქტი დაარღვია და სხვა სააგენტოში გადავიდა, რა ჯარიმა დაეკისრება?

- ათასი ლარი. საბედნიეროდ, ჯერ მსგავსი პრეცედენტი არ მქონია.

- როგორც ვიცი, შენი ორი მოდელი დღეს ''კატრინში'' მუშაობს...

- კი. გიორგი ფაჩულია ფეხბურთელია, მას დაუმთავრდა კონტრაქტი და არ უნდოდა გაგრძელება, საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას. ასე რომ, ის ''კატრინში'' ჩემგან არ წასულა. რაც შეეხება დავით ფუტურიძეს, ''ვიცე მისტერ ვალენტინს'', მას ჩემთან კონტრაქტი არც გაუფორმებია. იმ პერიოდში ჩემი იურისტი არ იყო ქალაქში. თან კონკურსამდე არავის ვიჭერ, ყალბ დაპირებებს არ ვიძლევი და ამის საფუძველზე კონტრაქტს არავის ვუფორმებ. ჯერ უნდა ნახოს, ვინ ვარ, რისი გაკეთება შემიძლია და გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ჩემთან თა-ნამშრომლობა. ასე რომ, დათოს სრული უფლება ჰქონდა, ვისთანაც უნდოდა, იმასთან გაეფორმებინა კონტრაქტი, მერე რა, რომ ჩემს კონკურსში გამოვიდა და ''ვიცე მისტერ ვალენტინი'' გახდა. მე და ეკა მგალობლიშვილს, ''კატრინის'' ხელმძღვანელს, კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს, ვთანამშრომლობთ. ხშირად ერთმანეთის კონკურსებზე გამოგვყავს ჩვენი მოდელები და ჟიურის წევრებიც ვართ.

- კახი, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელები ცდილობენ, კარგი მოდელი სხვადასხვა სააგენტოდან გადაიბირონ, თუნდაც უკეთესი პირობები შესთავაზონ. მაქვს ინფორმაცია, რომ შენს სააგენტოშიც არის ასეთი, ელიზე წიგნაძე. ის ცოტა ხნის წინ ''ელ სთაილის'' მოდელი იყო. შენ რა ხერხით გადმოიბირე ელიზე?

- არა, ელიზეს ჩემთან კონტრაქტი არ აქვს. უბრალოდ, ის ''ვიცე მისტერ ვალენტინის'', მეხუთე ადგილის მფლობელის, თორნიკე მახარაშვილის შეყვარებულია და ხშირად დაჰყვებოდა რეპეტიციებზე, როცა ამ კონკურსისთვის ვემზადებოდით. ძალიან მომეწონა და თანამშრომლობა შევთავაზე. მითხრა, რომ სხვა სააგენტოს მოდელი იყო და ჩემთან კონტრაქტს ვერ გააფორმებდა. მივიღე პასუხი და ამით დამთავრდა, არ დამიწყია უკეთესი პირობების შეთავაზება და გადმობირება სხვა მეთოდებით.

- მაგრამ ის ''მისტერ ვალენტინზე'' შენს მოდელ გოგონებთან ერთად გამოვიდა პოდიუმზე, ეს არ არღვევს კოლეგიალობის პრინციპებს?

- ასეთ შემთხვევაში სააგენტოს ხელმძღვანელისგან ნებართვას ვიღებთ, თუმცა იმდენად დიდი ბაზა მაქვს, მსგავსი რამ ჩემთან იშვიათად ხდება.

- ია კიწმარიშვილს დავუბრუნდეთ...

- ჩემმა მოდელმა სალომე დავითაშვილმა მომწერა, რომ ია კიწმარიშვილისგან მიიღო გზავნილი ''ფეისბუქით''. სთხოვდა შეხვედრას, თავისი ტელეფონის ნომერიც კი მისწერა, დამირეკე და შევხვდეთო. სალომეს უთქვამს, მე სხვა სააგენტოსთან მაქვს კონტრაქტიო, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა მიწერას. ბოლოს სალომე იას მშობლებთან ერთად შეხვედრია. ამ ყვე-ლაფრის შემდეგ მე, რა თქმა უნდა, იასთან დაკავშირება ვცადე. არც ერთ ზარზე არ მიპასუხა. გუშინ ''იმიჯ ცენტრშიც'' ვიყავი მისული. ვესაუბრე ამ სააგენტოს ოფისმენეჯერს, ბუღალტერს, დირექტორს. სამწუხაროდ, ია ვერ მიგიღებთო, ასეთი იყო მათი პასუხი. ჯერ იმდენი ზრდილობა არ აქვთ, სტუმარს კაბინეტში უმასპინძლონ. მათ მისაღებში მიმასპინძლეს, ღია კართან, ხელების გაშლითა და საქმის გარჩევით. მითხრეს, რომ იას ასეთი წვრილმანებით არ ანერვიულებენ. ია არ მოვიდა სააგენტოში. ორჯერ ესემესიც მივწერე, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაგვის ყუთში ჩააგდო ჩემი ნომერი, ვეღარც ვრეკავ ჩემი ნომრიდან.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება