უცნობი ფოტოგრაფი - ამ სახელით დაგვიკავშირდა ბექა კვირიკაძე სოციალურ ქსელში და თავისი ფოტოების დათვალიერება გვთხოვა. შიშველი ნატურა, სიძველეები, ქუჩის ვანდალიზმი, მიტოვებული სახლები, პეიზაჟები - 21 წლის ფოტოხელოვანის არქივში უამრავი ჟანრის სურათია თავმოყრილი.
- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ახლა თბილისში ვცხოვრობ და პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ. პირველი კურსის დასრულების შემდეგ მეგობარმა რუსეთიდან პროფესიონალური ფოტოაპარატი ჩამოიტანა, ხანდახან მათხოვებდა ხოლმე და ასე დავიწყე ფოტოების გადაღება. თავიდან ბუნებას ვიღებდი, ადამიანების გადაღება არც ახლა მიყვარს განსაკუთრებულად. ასევე მომწონს მანქანების გადაღება, მაგრამ ფოტოებს თუ დააკვირდებით, მხოლოდ გვერდიდან ან წინიდან არის გადაღებული.

- არქივში გაქვს ბევრი ფოტო, სადაც სიძველეებია გადაღებული, სად პოულობ ასეთ ადგილებს?
- მეგობრები მეხმარებიან. თუ სადმე ასეთ ადგილს ნახავენ - მირეკავენ. ბოლო გადაღებაზე რუსთავში ვიყავი, ლიანდაგზე დავჯექი და მატარებლის გამოვლას ველოდებოდი, რომ გადამეღო. ძლივს მოვასწარი კადრის დაჭერა, კინაღამ მატარებელმა გადამიარა. ძალიან მინდა სამეგრელოში მოგზაურობა და გადაღება. სხვათა შორის, არასოდეს გადამიღია მოხუცებიც. ფოტოების დამუშავებისას არასოდეს ვიყენებ ფოტოშოფს, ეს პროგრამა არც ვიცი და არც მაინტერესებს. ერთადერთი მაინტერესებს სპეციალური ეფექტები, ფოტოებს ჩარჩოს ვუკეთებ, ლოგოს ვადებ.

- ბევრი ქართული საიტი არსებობს, სადაც ფოტოგრაფები საკუთარ ფოტოებს აქვეყნებენ და შემდეგ დატოვებული კომენტარებით ხვდებიან, რამდენად მოეწონა საიტის მკითხველს ესა თუ ის ფოტო.
- მე არსად არ ვარ დარეგისტრირებული, ჯერჯერობით მრცხვენია. შეიძლება გავრისკო და რამდენიმე ფოტო დავდო, მაგრამ მაინც საქართველოა და კრიტიკა არ მსიამოვნებს.

- შენს არქივს რომ გადავხედე, ძალების მოსინჯვას ბევრ ჟანრში ცდილობ.
- დიახ, მიყვარს ფოტოგრაფია და ყველაფერს ვიღებ. ადრე ბუნების გადაღება მიყვარდა, მაგრამ ახლა უფრო სიძველეებს ვანიჭებ უპირატესობას. მაგალითად, ფოთლებით სავსე აუზი ორთაჭალაში გადავიღე. ჩემთვის მივსეირნობდი და ეს კადრი შემთხვევით აღმოვაჩინე.