ბრიტანეთის საკონსულოს მოწვევით თბილისს ცნობილი ბრიტანელი დიჯეი, Goldierocks ეწვევა. კონცერტი 25 აპრილს, "ნაით ოფისში", 23:00-ზე გაიმართება.
Goldierocks, იგივე სემ ჰოლი, ცნობილი ბრიტანელი დიჯეი და რადიო წამყვანია. მას უთანამშრომლია მსოფლიო დონის ისეთ გავლენიან ადამიანებთან, როგორებიც არიან მადონა, ჯორჯო არმანი, რიჩარდ ბრენსონი და ჯეიდ ჯაგერი...
"სელექტორი" - ასეთია ბრიტანეთის საბჭოს ყოველკვირეული რადიო გადაცემის სახელწოდება, რომლის დიჯეიც Goldierocks-ია. რადიოშოუ მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გადაიცემა, მათ შორის საქართველოში (FM 107.4).
"ის ალბათ ყველაზე გავლენიანი ქალია პოპ-მუსიკის სფეროში" – ასე აფასებს საყოველთაოდ ცნობილი ბრიტანული გამოცემა "Evening Standard“ DJ Goldierocks-ს, რომელიც ბრიტანეთის საკონსულოს მოწვევით თბილისში 25 აპრილს დაუვიწყარ საღამოს პირდება "ნაით ოფისში" მისულ სტუმრებს.
კონცერტის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან კომპანია "ომეგა თეგი", "მორელის ჯელატო", კლუბი "ნაით ოფისი", რადიო "მწვანე ტალღა" და ბრიტანეთის საელჩო მისი ყოვლისმომცველი კამპანიით "The GREAT Campaign".
რაც შეეხება რადიოგადაცემა "სელექტორს". რომელიც ბრიტანეთის საბჭოს რადიო პროგრამაა, ის ახალი ტალანტების აღმოჩენას და საზოგადოებისთვის მათ გაცნობას ემსახურება. გადაცემას 4 მილიონზე მეტი ერთგული მსმენელი ჰყავს. ამ ფაქტის გამო ცოტა ხნის წინ გაზეთმა "The Sunday Times"-მა "სელექტორი" არსებულ ბრიტანულ მუსიკალურ პროგრამებს შორის საუკეთესოდ დაასახელა.
რადიო პროგრამის წაყვანის გარდა, სემ ჰოლი კონცერტებით გამოდის მსოფლიოს ხუთი კონტინენტის სხვადასხვა სცენებზე ათასობით მსმენელის წინაშე. მისი სიახლეებისადმი სწრაფვა იმაშიც გამოიხატება, რომ კონცერტებს მართავს ისეთ უჩვეულო ადგილებშიც, როგორიცაა საბჭოთა მიწისქვეშა ბუნკერი ყაზახეთში, მალავის ტბის სანაპირო, შანხაის საწყობები, ალპების ყინულოვანი იგლუები და სხვა...
ბოლო ორი წლის განმავლობაში სემ ჰოლი ბრიტანული დაჯილდოების (The Brit Awards) წამყვანი გახლდათ. მას წილად ხვდა პატივი, 90 წუთის განმავლობაში დაეკრა სეტი პარა-ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე 2012 წელს ლონდონში.
კონცერტის გარდა 26 აპრილს დიჯეი ჩაატარებს ვორქშოფებს ქართველი ჟურნალისტებისთვის და დიჯეებისთვის.