დემეტრე დათიაშვილი 15 წლის იყო, როდესაც სოხუმი გადაიღო. ოჯახთან ერთად საზღვარი გადაკვეთა და ხუთი წლის წინანდელი საქართველო ფოტოზე აღბეჭდა. ის ემოცია დღემდე ახსოვს და შეუძლია, ნანახის შესახებ დაუსრულებლად ილაპარაკოს. ახლა ძალიან საინტერესო პროექტს შეეჭიდა. სურს, მსოფლიოს გააცნოს ''თბილისელი ადამიანები'', რომლებიც იღიმიან.
- 19 წლის ვარ, დავიბადე და გავიზარდე თბილისში. სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ვსწავლობ. ერთ დღეს მამასთან ერთად რუსთავში მივდიოდი და უცებ მთების ლამაზი კადრი დავინახე... მიუხედავად იმისა, რომ პეიზაჟის მოყვარული არ ვარ, ძალიან მომინდა გადამეღო. მშობლებმა ფოტოაპარატი მიყიდეს, რის შემდეგაც ყველაფერს ვიღებდი, ფოთლებს, ხეებს. შემდეგ ქართულ ფორუმებზე დავრეგისტრირდი, სადაც ძირითადად ფოტოხელოვანები იყვნენ და იქ ბევრი რამ ვისწავლე. პირველი სერიოზული კადრი ზესტაფონში გადავიღე, ხიდის ქვეშ მათხოვარი იჯდა.
- ყველაზე კარგად რისი ან ვისი გადაღებისას გრძნობ თავს?
- ჩემს ჟანრს, რომელზეც ძირითადად ვმუშაობ, სიუჟეტური პორტრეტები ჰქვია. მთავარია, ადამიანში ემოციას ვხედავდე, მეტყველი სახე ჰქონდეს და ჩანდეს, რა სტკივა.
- აფხაზეთში როგორ მოხვდი?
- 2010 წელს მშობლებთან ერთად წავედი, იქ ნათესავები გვყავს. ძალიან ბევრი სურათი ჩამოვიტანე, გადავიღე ახალი ათონის მამათა მონასტერი, ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარი, რაც ცხოვრებაში მინახავს. შენობების 10% კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ დანარჩენი განადგურებული იყო. მაგალითად, მთავრობის სახლი, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია და მათთვის გამარჯვების სიმბოლოა. ოჩამჩირის ტერიტორია მთლიანად განადგურებული იყო. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ნათესავებთან ერთად ვყოფილიყავი, რადგან იქ მცხოვრები აფხაზები ჩვენ მიმართ დადებითად არ არიან განწყობილნი.
იხილეთ სტატიის გაგრძელება