"არ მცალია სახლში ყოფნისთვის" - გეგა ფალავანდიშვილი ახალ ამპლუაში

"არ მცალია სახლში ყოფნისთვის" - გეგა ფალავანდიშვილი ახალ ამპლუაში

მსოფლიოში პოპულარული პროექტის - "იქს-ფაქტორის" ქართული ანალოგი დაიწყო. ჟიურის "მკაცრი, მაგრამ ობიექტური" წევრის "სტატუსით" ცნობილი გეგა ფალავანდიშვილი ამჯერად, ტელეწამყვანის ამპლუაში მოგვევლინა; ის მსახიობ ია სუხიტაშვილთან ერთად, კონკურსანტებს ამხნევებს.

- ძალიან საინტერესო, სახალისო გადაცემაა - არაჩვეულებრივი მონაწილეებით, ჟიურით...

- ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა არ გიჭირთ?

- ჩემი ჩვეული ამპლუა "რუსთავი 2"-ში მარკეტინგი და პროგრამირება გახლავთ. ამ საქმიდან შოუებზე "გადართვა" რთულია, თან - ეს არც მომწონს, მაგრამ მიწევს... ადრე წამყვანობა არ მიცდია, ამის სურვილიც არ მქონდა, მაგრამ ახლა ვცდილობ, საქმეს თავი გავართვა. ძალიან კარგი პარტნიორი მყავს და ამის გამო, საქმეც მიადვილდება.

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეკრანულ პარტნიორთან რეალურ ცხოვრებაშიც კარგი ურთიერთობა გქონდეთ, თუ ამის გარეშეც შეგიძლიათ, ეკრანისთვის საჭირო "რეალობა" შექმნათ?

- რა თქმა უნდა, პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ რეალურ ცხოვრებაში იასთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს.

- ამ მხრივ, მაშინაც ყველაფერი რიგზე იყო, როცა ჟიურის წევრი იყავით?

- არა, ჟიურის ვერც ერთ წევრს "ვერ ვიტანდი" (იცინის)! ოთხივეს კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას საერთო აზრი გაგვაჩნდა. ურთიერთობა ერთია და რას აკეთებ - მეორე. ისე, ჟიურის წევრობა უფრო კომფორტულია ჩემთვის. ამ ამპლუაში რასაც მინდა, იმას ვაკეთებ, წამყვანი კი კონკურსანტების მხარდამჭერი უნდა იყოს, სცენაზე გასვლამდე მონაწილეები გაამხნევოს, გზა დაულოცოს, თუკი შემდეგ ტურში ვერ გადავლენ, ისევ გაამხნევოს, რომ პროექტში მონაწილეობა სხვა დროს სცადონ... მოკლედ, ტელეწამყვანობას უფრო მეტი შრომა სჭირდება.

- შეგიძლიათ, კონკურსანტი სცენაზე გასვლამდე, მცირე ინტერვიუთი "გაშიფროთ"?

- არა, ამას წინასწარ ვერ ვხვდები. შეიძლება, "ვიზუალით", ქცევით მასზე გარკვეული წარმოდგენა შემექმნას, მაგრამ ხშირად, ძალზე "შებოჭილი" ადამიანი სცენაზე ტრანსფორმირდება. ასევე, შესაძლოა, თავდაჯერებულმა ადამიანმა სცენაზე საშინლად იმღეროს.

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარით - პირადი ცხოვრება კარიერაზე, საქმიანობაზე როგორ აისახება?

- საქმიანობა პირად ცხოვრებაზე როგორ აისახება, ამას გეტყვით - ცუდად: არ მცალია სახლში ყოფნისთვის.

- ოდესმე თქვენი საქმე მოგბეზრებიათ?

- ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ არ გავჩერებულვარ.

- ამჟამინდელი საქმიანობისგან რადიკალურად განსხვავებულ სფეროში გიმუშავიათ?

- კი, პარლამენტში ვმუშაობდი. თუმცა, ფაქტობრივად, იქაც შოუა: რაღაცებს "მსახიობობენ" და უფრო მეტად ერთობიან. ტყუილები იქ უფრო მეტია, ვიდრე - აქ (იცინის). მოკლედ, პარლამენტში უფრო დიდი მსახიობური ნიჭი გჭირდება...

- რეალურ ცხოვრებაში როგორი ხართ?

- ისეთივე, როგორიც - ეკრანზე. რაღაცების მოგონება და თამაში არ მიწევს - დიდი მსახიობური ნიჭიც არ გამაჩნია. ხანდახან ეკრანზე უფრო მხიარული ვარ, რადგან ასეა საჭირო: მოწყენილი და "მომბეზრდა" ეთერში ვერ იქნები.

- იყო შემთხვევა, როცა "ნიჭიერის" კონკურსანტი პროექტში თქვენ გამო მოვიდა. მსგავსი რამ "იქს-ფაქტორის" ჩაწერისასაც ხომ არ მომხდარა?

- ვინმემ ჩემ გამო რომ იმღეროს, ეს მისთვის უშედეგო იქნება: ამისთვის მე მადლობას ვეტყვი, მაგრამ შემდეგ ტურში "იმ ოთხმა" თუ არ გადაიყვანა, დარჩება გაღიმებული (იცინის). სიმართლე გითხრა, არ მახსოვს, "ნიჭიერში" ვინმე ჩემ გამო მოსულიყოს.

- თქვენს ჩვეულ და მთავარ საქმეზეც ვისაუბროთ: ზოგჯერ "რუსთავი 2"-ის კონკურენტ არხზე მომუშავე პროდიუსერი გადაცემების განსხვავებულ რეიტინგს აქვეყნებს. ასეთ დროს რა ხდება?

- არ ვიცი. ოფიციალური კომპანია "ეი ჯი ბი" ყველა ტელევიზიაში ერთი და იმავე ოფიციალურ მონაცემებს გზავნის. გადაცემების რეიტინგის შესახებ ინფორმაციას ჩვენც ამის საფუძველზე ვაქვეყნებთ. ნებისმიერს შეუძლია, არ დაეთანხმოს და როგორც სტეფანე ამბობდა, - "შელოცვით" ან "ფეისბუკზე" "ლაიქებით" მას მეტი რეიტინგი ჰქონდეს, მაგრამ დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის გადამოწმება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია. რომელი პროდიუსერი რას აპროტესტებს, არ ვიცი, მაგრამ 2 წელიწადზე მეტია, "რუსთავი 2" პირველია: ყველაზე რეიტინგული პროექტები გვაქვს.

- თქვენს ეთერში ისეთი გადაცემა თუ გადის, რომელსაც თურქულ სერიალებზე დაბალი რეიტინგი აქვს?

- გააჩნია, რა დროს გადის. ისე კი, შემიძლია გითხრათ, რომ თურქულ სერიალებს ყველაზე მაღალი რეიტინგი არ აქვს. ყველაზე რეიტინგული "პრაიმ თაიმის" გადაცემებია ანუ ისინი, რომლებიც საღამოს 10 საათზე იწყება: "კურიერი პოსტ-სკრიპტუმი", "ჩემი ცოლის დაქალები", მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუები... მათ ბევრად მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე - თურქულ სერიალებს.

- "ვანოს შოუს" ქრონომეტრაჟი რატომ შემცირდა?

- იმიტომ, რომ ღამის 11 საათზე იწყება და გვიანობამდე გრძელდება. მაყურებლები 12 საათის მერე იძინებენ. ამიტომაც შევეცადეთ, გადაცემა უფრო კომპაქტური ყოფილიყო. ადამიანს მისი ცქერისას კი არ უნდა ჩაეძინოს, არამედ ბოლომდე უყუროს, ისიამოვნოს, მერე წავიდეს და კარგად გამოიძინოს.

- თანამშრომელთა გუნდთან უთანხმოება მოგსვლიათ? საკუთარი თვალსაზრისი თავგამოდებით დაგიცავთ?

- რა თქმა უნდა, ხანდახან არის შემთხვევები, როცა ხელჩართულ ბრძოლაზე გადავდივართ, ერთმანეთს ვჭრით, შემდეგ იარაღს ვესვრით, მერე კი ვინმე "ძველი ბიჭი" შეგვარიგებს ხოლმე (იცინის). ცხადია, ვხუმრობ. როგორც წესი, საკუთარი თვალსაზრისის თავგამოდებით დაცვა არ გვიწევს, რადგან ერთმანეთს ვუსმენთ, სხვების აზრს ვითვალისწინებთ.

- პროფესიის არჩევისას ბევრი იფიქრეთ?

- ინჟინერ-ეკონომისტის განათლება მაქვს და ეს პროფესია ჩემს დღევანდელ საქმიანობასთან არავითარ კავშირში არ არის (იცინის). მაშინ, 1989-90 წლებში მითხრეს, რომ საქართველოში ანიმაციის კეთება შეიძლებოდა. ეს დიდი ტყუილი აღმოჩნდა: დღემდე არ არსებობს დაწესებულება თუ სასწავლებელი, რომელშიც თანამედროვე ანიმაციაზე მუშაობენ. არჩეულ ფაკულტეტზე რაღაცები ვისწავლე, ნასწავლიდან ზოგი რამ გამომადგა, ზოგი - არა...

- თვისება, რომელიც საქმეში ყველაზე მეტად წაგადგათ...

- ჯერ ვფიქრობ, მერე - ვაკეთებ. ადამიანმა უნდა ისწავლო, გაერკვიო, იფიქრო, "დაალაგო", მერე კი - დაიწყო!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება