"ჩვენ ჭიათურის ერთი სოფლიდან ვართ" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოგვარე პარტნიორები

"ჩვენ ჭიათურის ერთი სოფლიდან ვართ" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოგვარე პარტნიორები

ანი ჯაჯანიძეს მეოთხე სეზონზე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ფსიქოლოგ გია ჯაჯანიძის პარტნიორობა უწევს. ბევრს ისინი მამა-შვილი ეგონა, თუმცა მხოლოდ მოგვარეები არიან.

მოკლედ, მრავალმხრივი გია თავისას არ იშლის და საკუთარ თავს ახალ ამპლუაში წარმოაჩენს. ამჟამად უნდა, რომ ძალები ცეკვაში მოსინჯოს, ცეკვას კი მისი მოგვარე, მშვენიერი ანი ასწავლის.

"ამბები.გე" გთავაზობთ ინტერვიუს ანი ჯაჯანიძესთან.

- როდესაც გაიგე, რომ ასეთ მრავალმხრივ ადამიანთან უნდა გეცეკვა, რა იფიქრე?

- გამიხარდა და ვიფიქრე, ძალიან საინტერესო იქნება ორი მოგვარის ერთად ცეკვა-მეთქი. ჩვენ ხომ მოგვარეები ვართ?..

- ენათესავებით ერთმანეთს?

- არა, უბრალოდ ერთი სოფლიდან ვართ (ჭიათურის რაიონი), ზემო ჭილოვანს ჯაჯანიძეების სოფელს ეძახიან.

- გია მრავალმხრივი, კრეტიული, დიდი ფანტაზიის მქონე ადამიანია. ამან ცოტა ხომ არ დაგაფრთხო?

- არანაირად, პირიქით, ის ყველაფერს შემოქმედებითად უდგება, რაც ძალიან კარგი თვისებაა. დიახ, ცეკვაში ასეთი მიდგომა, იმპროვიზაციის უნარი მშვენიერი რამ არის. ასე რომ, მისგან სიურპრიზებს მეც ველოდები და ალბათ, მაყურებელიც...

- როგორც სპეციალისტი რას იტყვი, მოგყვება ცეკვაში?

- კი, ცეკვავს. რა მოძრაობებსაც ვასწავლი, ადვილად ითვისებს და შესანიშნავად იმეორებს. იცით, რას დავაკვირდი, როდესაც არ ვართ დაძაბულები და მოძრაობებს არ ვითვლით, მაშინ შესანიშნავად აკეთებს ყველაფერს. აქვს რითმის შეგრძნება...

მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. იმედი მაქვს, რომ თანდათან უფრო  გაიხსნება. თან, ილეთების მეტი ბაზაც დაუგროვდება და უფრო თამამად იმოძრავებს, მეტ სიხალისეს და ეფექტს შესძენს ნომრებს. ამიტომ სერიოზული მუშაობა გვჭირდება.

- თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობაა. ეს ხელს არ გიშლის მასთან ურთიერთობაში?

- არა, სასიამოვნოა გიასთან ურთიერთობა, გახსნილი ადამიანია. ჩვენ ისეთი დამოკიდებულება არ გვაქვს, რომ მაინცდამაინც როგორც უფროს ადამიანს, ზედმიწევნით მოწიწებით ველაპარაკო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უზრდელი ვარ და მას ცუდად მივმართავ... მთავარია, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი ბარიერი უხერხულობას არ ქმნის.

- რას იტყვი ჟიურის იმ შეფასებებზე, რაც თქვენმა წყვილმა და განსაკუთრებით, გიამ მიიღო?

- ჟიურის შეფასებები ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და მას ვითვალისწინებ. რადგან რაღაცას მიგითითებენ, ე.ი. იმ საკითხზე მეტი მუშაობაა საჭირო. მოკლედ, ჟიურის ყველა პრეტენზია გასათვალისწინებელია და შემდეგ ტურზე უკეთ წარვდგებით.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება