ქართულ სამოდელო სფეროში ერთადერთი მულატი მოდელი მარიამ სანოგოა, რომელიც ეგზოტიკური გარეგნობის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ როცა გამართულად, ყოველგვარი აქცენტის გარეშე ქართულად იწყებს ლაპარაკს, ირგვლივ მყოფთ ნამდვილად გაოცებულებს ტოვებს.
მოდელობის გარდა, მარიამი ჟურნალისტიკითაა დაინტერესებული, ილიას უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს, ასევე მიღებული აქვს მუსიკალური განათლება, უყვარს სიმღერა და ბედი მუსიკალურ კონკურსზეც სცადა.
- მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი წარმოშობით აფრიკელია, კონკრეტულად კი ბურკინაფასოდან, მე ქართველი ვარ, რადგან 17 წელია, აქ ვცხოვრობ. დედამ და მამამ ერთმანეთი საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს, მეც იქ დავიბადე, მაგრამ წლინახევრის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედით. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით, მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედასგან იღებდა. მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი. ისე, დედა სულ მეუბნებოდა, რომ დავლაპარაკებოდი... რეალურად მამასთან ურთიერთობა ამდენი ხნის შემდეგ ერთი წლის წინ ჩემი შეყვარებულის ძალისხმევით დავიწყე.
- რას გულისხმობ?
- ჩემმა შეყვარებულმა მამაჩემი სოციალურ ქსელში მოძებნა და დამეხმარა, რომ მასთან ურთიერთობა დამეწყო. როგორც გითხარით, დედა ყოველთვის ცდილობდა, მე და მამას ურთიერთობა აგვეწყო, მაგრამ რეალურად ლაშამ მამაჩემი ''ფეისბუქზე'' იპოვა, ჯერ თვითონ დაიწყო მასთან საუბარი, მერე კი მეც ჩავერთე. ყველაზე დიდი წვლილი ამ საქმეში ლაშას მიუძღვის, სულ მიჩიჩინებდა, დაელაპარაკე, გაიცანიო და აი, დავუჯერე (იცინის).
იხილეთ სტატიის გაგრძელება