მურატ ილდირიმი - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი

მურატ ილდირიმი - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი

თბილისს ცნობილი თურქი მსახიობი, იუნესკო-ს კეთილი ნების ელჩი მურატ ილდირიმი სტუმრობს. როგორც მსახიობმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მეზობელ ქვეყანაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდა.

მურატ ილდირიმმა პრესკონფერენცია ჟურნალისტების საქველმოქმედო ორგანიზაცია, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" წევრებთან ერთად გამართა.

"მადლობას გიხდით, რომ ასეთ კეთილ საქმეს ემსახურებით. მინდა, მეც მხარში დაგიდგეთ. აქედან ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სანახავად მივდივარ. რა თქმა უნდა, მარტო ვერაფერს გავხდებით, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, მათ მდგომარეობას შევუმსუბუქებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლიც – ბუნებრივია, სახელმწიფო გადაწყვეტილებების გარეშე მხოლოდ საქველმოქმედო ფონდებს მუშაობა გაუჭირდებათ", - მიმართა თურქმა მსახიობმა "დიმიტრი ცინცაძის ფონდის" წევრებს.

ამასთან, მურატ ილდირიმის თქმით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ქართულ ფონდებთან მისი თანამშრომლობა გაგრძელდება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი. ამიერიდან ხშირად ჩამოვალ, მით უმეტეს, რომ თქვენი ქვეყანა შორს არაა, თუმცა ასეც რომ არ იყოს, მაინც ჩამოვალ და ბავშვებს დავეხმარები", - აღნიშნა მსახიობმა.

მურატ ილდირიმი 16:00 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს მოინახულებს.

მსახიობი თურქეთში 29 აპრილს გაემგზავრება.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება