ქართული ეთნო-ჯაზ ჯგუფის წარმატებული სტარტი!.. - "ირიაო" უცხოური ჯაზფესტივალების სტუმარი იქნება

ქართული ეთნო-ჯაზ ჯგუფის წარმატებული სტარტი!.. - "ირიაო" უცხოური ჯაზფესტივალების სტუმარი იქნება

2013 წელს ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც, ახალი ეთნო-ჯაზ ჯგუფი "ირიაო" ჩამოყალიბდა. მისი მუსიკალური ხელმძღვანელი გახლავთ კომპოზიტორი დავით მალაზონია, რომელიც 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, თავდაპირველად ქმნიდა მუსიკას ჯგუფ "ადიოსთვის", შემდეგ საკუთარი დისკიც გამოსცა, თანამშრომლობდა ბრემენის თეატრთან და ქმნიდა მუსიკას სპექტაკლებისთვის.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, როგორც მუსიკოსმა, მონაწილეობა მიიღო არაერთ ტელეპროექტში თუ მუსიკალური დისკის შექმნაში. ის გახლავთ ერთ-ერთი პირველი ქართველ კომპოზიტორთა შორის, რომელმაც დაიწყო ქართული ფოლკლორისა და ჯაზის შერწყმა. ვინაიდან საკმაოდ დიდი მუსიკალური მასალა დაუგროვდა, გადაწყდა ახალი ეთნო-ჯაზ ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ამ ჟანრში სიახლეების შექმნისკენ და ასეც მოხდა, ჯგუფის რეპერტუარში შევიდა დავით მალაზონიას მიერ შექმნილი 11 კომპოზიცია.

"ირიაოს" უკვე ჰქონდა რამდენიმე კონცერტი და ქართული აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტს არ აქვს დიდი ისტორია, უცხოეთიდან უკვე არის გამოხმაურებები, კერძოდ, 6 მაისიდან "ირიაო" მიემგზავრება მალაიზიაში, პრესტიჟულ ბორნეოს ჯაზფესტივალზე მონაწილეობისთვის, შემდეგ გადაინაცვლებს ინდონეზიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქართული კულტურის დღეებში და სულ 6 კონცერტს გამართავს, ამავე წლის 10 ივნისს მათ დაეთმობათ ლვოვის ალფა ჯაზფესტივალის ერთ-ერთი სცენა, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული მუსიკალური ღონისძიების სტუმრები არიან მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები დი დი ბრიჯუოთერი, ტრილოკ გურტუ და ა.შ. ამავე თვეში ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს პოლონეთში დაგეგმილ ლიუბლინის ჯაზფესტივალშიც.

5 მაისს კი, გასტროლების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სპეციალურად მედიისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებისთვის, იმართება კონცერტი სამეფო უბნის თეატრში, სადაც სრული პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება