ქართველი მონაზვნების ცხოვრების საზოგადოებისთვის უცნობი დეტალები

ქართველი მონაზვნების ცხოვრების საზოგადოებისთვის უცნობი დეტალები

რა მისია აკისრიათ მონაზვნებს, როგორ ხდება მათი მონაზვნად აღკვეცა და როგორია მონაზვნების ცხოვრების წესი, - ამ თემებზე მღვდელი გიორგი რაზმაძე გვესაუბრება.

- როგორ აღესრულება მონაზვნად აღკვეცა?

- მონაზვნად აღკვეცის წესს წინ უძღვის აღსაკვეცის - ანუ მონაზვნობის მსურველი პირის გამოკითხვა, რომლის დროსაც ირკვევა მისი თავისუფალი და მტკიცე გადაწყვეტილება მონაზვნად შედგომისა. აღკვეცის წინ, ის იხდის თავის სამოსელს და აღმკვეცის წინაშე მხოლოდ გრძელი პერანგით (ძაძით) წარდგება. "რისთვის მოსულხარ?" - ეკითხება აღმკვეცი (ეპისკოპოსი ან საამისოდ დადგენილი ბერი) - "მე უარვყავ ეს წუთისოფელი და მოვედი, რათა შევუდგე ქრისტეს" - პასუხობს აღსაკვეცი. ამის გამეორება ხდება რამდენჯერმე. აღსაკვეცი დებს უქორწინებლობის - ქორწინების გარეშე ცხოვრების, უპოვრობის - საკუთრების გარეშე ცხოვრების და მორჩილების - საეკლესიო და სამონაზვნო წესდებებისა და სულიერ მოძღვართა მორჩილების აღთქმას. ამ აღთქმათა მიღების ნიშანია ის, რომ აღმკვეცი, მონაზვნობის მსურველ პირს აძლევს ახალ სახელს, თავზე ჯვრის სახით შეაჭრის ცოტაოდენ თმას და მას ჯვარს, სანთელს, ფსკვნილს და სხეულის შესამოსად ჯვრის გამოსახულებიან ქსოვილს გადასცემს. მონაზვნად აღკვეცის წესის დასრულებისას, ახალაღკვეცილი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შეასრულებს მორჩილებას და შეუდგება ქრისტეს გზას. ბოლოს, ხდება მისი შემოსვა საბერმონაზვნო შესამოსელით.

- რატომ დებს მონაზვნად აღკვეცის დროს, აღსაკვეცი პირი უქორწინებლობის, უპოვრობისა და მორჩილების აღთქმას?

- პირი, რომელიც მონაზვნობისთვის - ანუ ამ წუთისოფლიდან განშორებისთვის ემზადება, აღარ უნდა იყოს მიჯაჭვული წუთისოფელზე, არამედ დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდ ღმერთზე და ყოველივეს ეძიებდეს ღმერთისგან. თუმცა, მონაზვნური, უქორწინებელი ცხოვრება სულაც არ ნიშნავს საერთოდ ქორწინების უარყოფას, არამედ ეს არის განსაკუთრებული გზა ადამიანური ბუნების ძალთა გამოყენებისა, რომლის მისაღწევადაც ბერმონაზვნებს შემწედ განსაკუთრებული მადლისმიერი ნიჭი ევლინებათ.

- რატომ იწოდებიან ქალი მონაზვნები ქრისტეს სძლებად?

- რადგან მათ უარი თქვეს ქორწინებაზე, უფლით შეიმოსნენ და თავიანთი თავი ქრისტეს სასძლოდ გაამზადეს, რისთვისაც საკუთარი სურვილით უარი თქვეს ქორწინებაზე.

- რატომ ეძლევა მონაზონს აღკვეცის დროს ფსკვნილი და რატომ უნდა იმეოროს მონაზონმა განუწყვეტლივ "იესოს ლოცვა"?

- საერთოდ, ფსკვნილი არის თოკისგან დაწნული კრიალოსანი, რომელზეც კვანძები - ანუ ფსკვნილები აღნიშნავს შესრულებული ლოცვის ან მეტანიის რაოდენობას; როდესაც ადამიანი მონაზვნად აღიკვეცება, მას ფსკვნილი ეძლევა - როგორც სულიერი მახვილი, რადგან ფსკვნილის მიღება "იესოს ლოცვის" გამუდმებით წარმოქთმაზე თანხმობას ნიშნავს. თვითონ "იესოს ლოცვა" არის უძლიერესი ლოცვა, რომლის წარმოთქმითაც ყველაზე მეტად დაიძლევა და განიდევნება ბოროტი ძალა.

- რატომ იწოდებიან ბერმონაზვნები შავ სამღვდელოებად?

- რადგან მათ უარი თქვეს ქორწინებაზე და ამქვეყნიურ ცხოვრებაზე.

- საერთოდ, რა მისია აკისრიათ ბერმონაზვნებს?

- ბერმონაზონთა უმთავრესი მისია, ქვეყნისთვის განუწყვეტელი ლოცვაა. საერთოდ, ბერმონაზვნობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონაზონი განუწყვეტლივ უნდა ლოცულობდეს, რაც გულისხმობს, როგორც ღვთისმსახურების სრული კანონის შესრულებას - მწუხრი იქნება, სერობა, ცისკარი, ჟამნების მსახურება თუ სხვა; ასევე პირადი ლოცვითი კანონის შესრულებას და ყოველდღიურ მარხვას. ეს არის საერთო საცხოვრებლის ტიპიკონური მოთხოვნა, რათა მონაზვნები მუდმივად ღვთის დიდებაში იყვნენ და განუწყვეტლივ მსახურებდნენ ღმერთს.

- რას ნიშნავს განდეგილობა, დაყუდებულობა და მესვეტეობა?

- განდეგილთა და დაყუდებულთა ცხოვრების წესი ბერმონაზვნური ცხოვრების სხვა სახეებისაგან არსებითად არ განსხვავდება, მათ ერთი აქვთ როგორც მიზანი, ასევე აღთქმებიც, მაგრამ ბერმონაზვნობის დაწყებისთანავე, ზოგი ბერი სრულ მრატოობას ირჩევდა, ზოგი - გამოქვაბულში გადიოდა და იქ ტვირთულობდა ბერმონაზვნურ ღვაწლს. იყვნენ მონაზვნები, რომლებიც ტყეებსა თუ უკაცრიელ ადგილებში იშენებდნენ განმარტოებულ სენაკებს და იქ იღვწოდნენ. მესვეტეები კი, მაღალ კოშკებსა და უდაბურ კლდეებზე ცხოვრობდნენ. ე.ი. განდეგილობა - ეს არის ბერმონაზვნური ცხოვრების განსაკუთრებული წესი. განმარტოებით დაყუდება აღმატებული მარხვისა და ლოცვისათვის. რაც შეეხება მესვეტეობას, ეს განდეგილობის ერთ-ერთი სახეობაა. დადებული აღთქმის მიხედვით, მესვეტეები ხანგრძლივი დროით ეყუდებოდნენ სვეტზე. მესვეტეობა განსაკუთრებული ღვაწლია, როდესაც ადამიანი ფეხს არ მოიცვლის და ასე ერთ ადგილზე დგომით ებრძვის ვნებებს.

- ხდება თუ არა მონაზონთა ანათემაზე გადაცემა?

- თუ მონაზონი სამღვდლო ხარისხშია - დავუშვათ, მღვდლის ან ეპისკოპოსის, - მას შეიძლება ჩამოართვან სამღვდლო ხარისხი, ე.ი. განკვეთონ სამღვდელო ხარისხიდან, მაგრამ მონაზვნობას ვერ ჩამოართმევენ. ბერმონაზონთა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთის მიზეზად შესაძლოა, იქცეს მონაზონის ეკლესიიდან განდგომა, მწვალებლობაში ჩავარდნა თუ სხვა მძიმე, ტიპიკონური დარღვევა.

- რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს ადამიანმა უარი მონაზვნად აღკვეცაზე?

- თუკი სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერი, მორჩილობის პერიოდში აღსაკვეცს შეატყობს, რომ ვერ შეძლებს, იტვირთოს ბერმონაზვნობის ღვაწლი, ასეთ შემთხვევაში მონაზვნობის მსურველ მორჩილს მონაზვნად არ აღკვეცენ.

- აქვს თუ არა ბერმონაზონთა ლოცვას განსაკუთრებული ძალა?

- მონაზონთა ლოცვას მართლაც უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ ლოცვა აუცილებლად რწმენით უნდა იყოს წარმოთქმული.

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"

#19 6.05.2004

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ