რას აპროტესტებს მასტერი

რას აპროტესტებს მასტერი

რეპერი მასტერი (გიორგი პავლიაშვილი) სოციალური ქსელის მეშვეობით, საკუთარ მსმენელებს ხშირად ეკონტაქტება. არ უყვარს სკანდალები და ბევრს შრომობს: მართალია, ტელევიზიები დიდად არ სწყალობენ, მაგრამ გულშემატკივრების შესაძენად, ინტერნეტს კარგად იყენებს.

- პირველად "მირკით"ვსარგებლობდი და როცა მეგონა, გოგონები მწერდნენ, სინამდვილეში ბიჭები იყვნენ ან - პირიქით. ბევრი ღადაობა იყო... მახსოვს, გოგონას, რომელიც მომწონდა, ამერიკაში ყოფნისას "იმეილს"ვუგზავნიდი ხოლმე.

- ახლა რომელ სოციალურ ქსელში ხარ "ჩართული"?

- "ფეისბუკზე"ვაქტიურობ. "ინსტაგრამზეც"დარეგისტრირებული ვარ. მომწონს ის ეფექტი, რასაც ეს საიტი ფოტოს აძლევს...

- შენს ცხოვრებაში ინტერნეტს რა ადგილი უჭირავს?

- ჩემი ცხოვრება, რომელშიც კარიერას დიდი ნაწილი უჭირავს, ინტერნეტის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ "ფეისბუკზე"დამოკიდებული ვარ. უბრალოდ, ამ სოციალური ქსელის მეშვეობით მსმენელთან ახლო ურთიერთობა მაქვს. შოუბიზნესში დიდი ხნის წინ ჩავერთე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტელეპრემიერებით განებივრებული არ ვარ. ამიტომ ინტერნეტი გახდა ჩემი "ტელევიზია". ამის შესახებ ერთ-ერთ სიმღერაშიც "ვრეპავ". კარგია, რომ "ჩემს ხელში"ინტერნეტი მაინც არის და მაღალი რეიტინგი მაქვს. ისე, რეიტინგი ინტერნეტში ყველაზე უკეთ "იზომება".

- და მაინც, ინტერნეტი რომ არ არსებობდეს, რას გააკეთებდი?

- სიმღერას ჩავწერდი, კლიპს მაინც გადავიღებდი, მაგრამ არც ერთი ტელევიზია არ "დამიტრიალებდა". შესაბამისად, ვერავინ გამიცნობდა. ალბათ ჩემს ახალ სიმღერებს დისკებზე ჩავწერდი და დავარიგებდი, რადგან ჩემთვის უმთავრესი ჩემი საქმეა.

- სიმღერის "დატრიალების"საშუალებას ტელევიზია არ გაძლევს?

- სად უნდა "დავატრიალო", პრეტენზია ვისთან მქონდეს? საქართველოში მუსიკალური არხები არ არსებობს. ერთადერთი, "მიუზიკბოქსია", რომლის მაუწყებლობა მთელ საქართველოში არ ვრცელდება. "დატრიალებაზე"არ ვსაუბრობ. უბრალოდ, ახალ სიმღერას რომ ვქმნი, ამაზე ენერგიას ვხარჯავ და მინდა, ტელეპრემიერა შედგეს, რათა მთელმა საქართველომ მოისმინოს, ნახოს და შეაფასოს, მაგრამ კლიპი ნანახიც არ აქვთ, უარს ისე მეუბნებიან. ყურადღებას არც ნამუშევრის ხარისხს აქცევენ. მაგალითად, ზურა ყიფშიძე კლიპში გადავიღეთ; უდიდესი ადამიანი - გია ყანჩელი ფილმის - "როცა აყვავდა ნუში"საუნდტრეკის რეპად გაკეთებაზე დაგვთანხმდა (თავი ჯერ კიდევ სიზმარში მგონია), მაგრამ არც ამის ნახვა ისურვეს. ვფიქრობ, ტელევიზიები "კანონებს"თავად ადგენენ: შეიძლება გითხრან, - იცი, ძალიან რეიტინგული არ ხარო, მეორე დღეს კი ისეთი ადამიანი მიიწვიონ, რომელსაც მართლა არავინ იცნობს... ჩემი მთავარი პრინციპია, ხალხს თავი სიმღერით, კლიპით გავაცნო და არა - ორალურ სექსზე ლაპარაკით. სკანდალების მოყვარული არ ვარ.

- მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით პოპულარობას როგორ ახერხებ?

- ბევრი შრომით: 3 თვეში 6 კლიპი გადავიღე, მათგან 4 - უკვე გამოვიდა, დანარჩენ ორსაც მალე იხილავთ. ყველა კლიპს დიდი გამოხმაურება აქვს, თითოს უამრავი ახალი მსმენელი "მოჰყავს". ეს ჩემთვის სტიმულია! ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ვფიქრობ, ჩემი წარმატების საიდუმლო შრომისმოყვარეობაა და რაც მთავარია, უშუალო ვარ: ქუჩაში უცნობი ადამიანი რომ მესალმება, მეგობრულად მოვიკითხავ ხოლმე. იბნევა, - ხომ არ ვახსოვარო? არავინ მახსოვს: იმდენი ადამიანი მეკონტაქტება, შეუძლებელია, ყველა დავიმახსოვრო. ვფიქრობ, უშუალობა და ადამიანების სიყვარული უმნიშვნელოვანესია.

- "ფეისბუკის"პირად გვერდზე უფრო აქტიურობ თუ - ოფიციალურზე?

- პირადი გვერდი "გაუქმებულ სტადიაში"მაქვს - მისთვის დრო აღარ მრჩება, რადგან ოფიციალურ გვერდზე დღეში დაახლოებით, 30 შეტყობინება მომდის. მინდა, ყველას ვუპასუხო...

- "ფეისბუკზე"ძირითადად, რას "პოსტავ"?

- ჩემი გრძნობების, შეხედულებების შესახებ ვწერ ან პროტესტს გამოვთქვამ. მაგალითად, დავწერე, რომ ისეთ ადამიანთან ვერ ვიმეგობრებ, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონს მხარს დაუჭერს, რადგან მიმაჩნია, რომ მსგავსი კანონი ჩვენს სარწმუნოებას, ტრადიციებს, სახელმწიფოს პირდაპირ "ურტყამს"... ასევე, სოციალურ ქსელში სახალისო შეტყობინებებსაც ვათავსებ ხოლმე. მაგალითად, ერთმა მომწერა, - აუ, მასტერ, რა კარგია, რომ ინტერნეტში გიპოვე, 1 თვეა გეძებ. ძალიან გთხოვ, "თბილისი სითის"ტექსტი მომწერეო. ვუთხარი, - შე კაი დედმამიშვილო, 1 თვე ჩემს ძებნას არ ჯობდა, ტექსტი თავად ამოგეწერა? ამას სულ რაღაც, 5 წუთი სჭირდებოდა-მეთქი (იცინის)... კიდევ, "ფეისბუკზე"2-ხაზიან "ლექსებს""ვდებ"და მათ 200-მდე "გაზიარება"აქვს ხოლმე.

- ინტერნეტით რომანტიკული ურთიერთობა გაგიბამს?

- ყველაფერი ინტერნეტით იწყება. თუმცა, არა იმიტომ, რომ ვირტუალური ურთიერთობები მხიბლავს. კლუბებში თითქმის არ დავდივარ - ამისთვის არც მცალია და "მუღამსაც"ვერ "ვუჭერ". ჰოდა, გოგონა სად უნდა გავიცნო? "ფეისბუკზე"ეს იოლია.

- ამას წინათ სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში, შენი შეკვეთა "გარეპე"და ვფიქრობ, აღნიშნულ ობიექტს კარგი რეკლამაც გაუკეთე - ვიდეოჩანაწერს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მადლიერების ნიშნად, კვების "ვაუჩერი"თუ მოგცეს?

- მართლაც უამრავმა ადამიანმა მომწერა, - მაგარი რეკლამა გაუკეთეო. სწრაფი კვების ობიექტიდან არავინ დამკონტაქტებია. სიმართლე გითხრა, ამას არც ველოდი. მე კი მათ ადგილას რომ ვყოფილიყავი, კლიპის ავტორს გამოვეხმაურებდი და მადლიერების ნიშნად, უბრალოდ, თანამშრომლებთან შეხვედრას მოვუწყობდი. თუმცა, მათ შეიძლება, ჩემი ვიდეო არ მოეწონათ. პრობლემა არ არის - მე და ჩემი მეგობრები იმ ობიექტს მაინც ვსტუმრობთ (იცინის).

- რატომ გადაწყვიტე, რომ საკვების საყიდლად მისულს შენი შეკვეთა "გაგერეპა"?

- რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში ვნახე, რომ ამერიკელი რეპერი ასე იქცეოდა. მერე უნგრელიც ვნახე, პოლონელიც, გერმანელიც... "დავსერჩე"და აღმოჩნდა, რომ მსგავსი რამ 26 ქვეყანაში გაუკეთებიათ. მუსიკალური მიმართულება - "მაკდრაივ რეპიც"კი ჩამოყალიბდა. იდეა მომეწონა. ერთი-ორმა დამიწერა, - პლაგიატი ხარო. ზუსტად ვიცი, რომ ვინც "მაკდრაივი""გარეპა", ეს საკუთარ მუსიკაზე არც ერთს არ გაუკეთებია. ჩემს შემთხვევაში კი მუსიკაც თავად დავწერე და ტექსტიც... რეპერების უმეტესობა საჭმელს არც უკვეთს - ობიექტის თანამშრომელ გოგონას "გაურეპავს"და მიდის. მინდოდა, საჭმელი მართლა შემეკვეთა და ასეც მოვიქეცი. ზოგმა თქვა, - ტექსტში ვეჯიბურგერი იმიტომ ახსენა, რომ რითმაში "ჯდებაო". სინამდვილეში, ჩემი მეგობარი - რეპერი აბი ხორცს არ ჭამს. ის მანქანაში იჯდა და ვეჯიბურგერი მისთვის შევუკვეთე. თანამშრომელი გოგონა იმიტომ გავაფრთხილე, - "გაგირეპავ"-მეთქი, რომ ძალიან არ დაბნეულიყო და შეკვეთა მართლა მიეღო. უკან ხალხიც მოგვადგა, ვიღაც ტაშს გვიკრავდა...

- "ფეისბუკზე"ასეთი "პოსტი"გიწერია: "გინდოდათ ამერიკა? იქნება ამერიკა! ვნახოთ, როგორ მიიღებთ ამ ყველაფერს!"- რას გულისხმობ?

- ახალი სიმღერა დავწერე, რომელიც სიზმარში ვნახე. ეს უკვე მეორედ მოხდა. დაახლოებით დილის 6 საათზე გამომეღვიძა. შევეცადე, სიმღერა დამემახსოვრებინა. მადლობა ღმერთს, ეს მოვახერხე - თავიდან ბოლომდე დავწერე, ყველა ინსტრუმენტი მახსოვდა და "ერთი ერთში""გავაკეთე". მაგარი გამოვიდა! იმხელა ემოცია მომაწვა, რომ მახსოვს, დილით, ოთახში შემოსულმა ბებიამ დამინახა, როგორ ვცეკვავდი (იცინის). სიმღერა თავიდან ბოლომდე ამერიკული სტილის არის: ტექსტით, შესრულების მანერით... "პოსტში"ეს ვიგულისხმე: ხომ ყოველთვის ამერიკა გინდოდათ? ახლა იქნება და ვნახოთ, როგორ გაიგებთ-მეთქი. ამ მხრივ ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ. ამ ერთხელ ვცდი: თუ ქართველი მსმენელი გაიგებს, ხომ კარგი, თუ არა და, სიმღერას ამერიკული ბაზრისთვის "გავთვლი", ინტერნეტი ამის საშუალებას გვაძლევს.

- ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდასთან, მართლმადიდებლური სარწმუნოების ლანძღვასთან დაკავშირებით, შენს აზრს სოციალურ ქსელში ხშირად აფიქსირებ. ვინმეს შენი "ძველმოდური"აზროვნების გამო შენიშვნა არ მოუცია?

- ამ თემით სპეკულირება არ მინდა, მაგრამ ვიღაცები მართლმადიდებლობას აშკარად მიზანმიმართულად ებრძვიან, შემდეგ ჩემი "გამოსვლა"უკვირთ. არადა, ვიღაც თუ ებრძვის, ვიღაც - დამცველიც ხომ გამოვა?! თავს მორწმუნე მართლმადიდებლად მივიჩნევ და ეს არავის განსახილველი არ არის. მამაოებსა და პატრიარქზე ხშირად ქილიკობენ. "ჩასაფრებული"პოზიცია აქვთ, რომ რაღაც ცუდი გამოჩნდეს. "აშიარებენ", თუ როგორ ეჩხუბება მღვდელი ვიღაცას. მხოლოდ ცუდს რატომ აქვეყნებენ, კარგიც ხომ ბევრი ხდება? თუკი თავს ობიექტურობაზე დებენ და სურთ, საკუთარ ვებგვერდს საინფორმაციო ხასიათი მისცენ, მაშინ მართლაც ობიექტურად მოიქცნენ... აქციაზე მამაოების გამოსვლა უკვირთ. არადა, თორნიკე ერისთავი გაიხსენონ: ღმერთმა არ ქნას, მაგრამ მტერი თუ შემოგვესია, ცხადია, მამაოებიც გვერდით დაგვიდგებიან და იარაღით თუ არა, წინ ჯვრით გაგვიძღვებიან... ამერიკაში რელიგია მეხუთეხარისხოვანია. იქ რელიგია თავყრილობად აქვთ ქცეული... ჩემ გარშემო მართლმადიდებლობას ღიად იმდენი ადამიანი უპირისპირდება, რომ მიკვირს. ვერ წარმომედგინა, ჩემი ახლო მეგობარი ისეთ სტატუსს თუ დაწერდა, როგორიც დაწერა. ადრე ძმაკაცები ანეკდოტებს რომ ვყვებოდით და ვინმე რელიგიურ თემაზე ცოტას გაიხუმრებდა, შენიშვნას ვაძლევდით: კარგი, რაზე ღადაობო? ახლა ზღვარი არ არსებობს. სარწმუნოების მლანძღველებს სურთ, სიტუაცია "შეატრიალონ"და უმრავლესობაში თავად იყვნენ.

- გასულ კვირას სავაშის ფან ქალბატონებს სოციალურ ქსელში აქტიურად განიკითხავდნენ. საქართველოში მურატ ილდიმირის ჩამოსვლას შენც გამოეხმაურე...

- წერდნენ: სირცხვილია, ქვეყანა დაინგრა, სავაშს როგორ ხვდებითო?! ბებოები საყვარელ მსახიობს დახვდნენ, ჩაეხუტნენ, გადაკოცნეს და ამით რა დაშავდა?! სამწუხაროდ, რაზეც საჭიროა, რომ რეაქცია ჰქონდეთ, იმაზე არაფერს ამბობენ და პირიქით... დავწერე კიდეც, - ყველამ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრეთ-მეთქი. მაგალითად, საზოგადოების ერთ ნაწილს უნდა, გოგო საჯაროდ ორალურ სექსზე მესაუბროს და ეს ჩვეულებრივად მივიღო. აი, მართლა ჩვეულებრივად თუ მივიღებთ, მაშინ იქნება ჩვენი საქმე ცუდად; მერე ქართული პორნოგრაფიაც შეიქმნება და საქართველო პატარა "ამსტერდამი"გახდება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება