"გუშინ ჟირინოვსკიმ დამიმესიჯა და ვაგინე" - მოულოდნელი კითხვები "მიხეილ სააკაშვილს"

"გუშინ ჟირინოვსკიმ დამიმესიჯა და ვაგინე" - მოულოდნელი კითხვები "მიხეილ სააკაშვილს"

ვაგრძელებთ ჩვენი ბლიც-ინტერვიუების სერიას და ამჟამად რუბრიკის "მოულოდნელი კითხვების" ობიექტი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პაროდისტი, ქართლოს ნატროშვილია.

მას შემდეგ, რაც ქართლოსმა შეიტყო, თუ რისთვის ვაწუხებდი, მაშინვე იმ პერსონაჟად გარდაისახა, რომელის გახმოვანებითაც გაითქვა სახელი და მიხეილ სააკაშვილის ხმის ტემბრით უპასუხა ყველა ჩვენს კითხვას.

- სად ხართ?

- კალიფორნიაში, შემოგევლე.

- რაზე ფიქრობთ?

- იმაზე, თუ როგორ უნდა დავაკავოთ ყველამ ერთად პუტინი!

- ელოდით ჩვენს ზარს?

- ყოველთვის ველოდები თქვენს ზარს. გუშინაც ველოდებოდი. ცოტა გაწბილებული ვარ, რომ ამდენ ხანს არ დამირეკეთ, მაგრამ კარგია, რომ ახლა შემეხმიანეთ.

- სამყაროს მბრძანებელი რომ იყოთ, რას შეცვლიდით?

- სამყაროს მბრძანელები რომ ვიყო, პირველ რიგში პუტინს მოვაცილებდი სამყაროს და ამით დავამკვიდრებდი მშვიდობას. ერთადერთი, ვინც უშლის მსოფლიოს ხელს, ეგ არის. ხომ ამბობენ, რომ ამინდიც აირია, წვიმა წვიმას არ ჰგავს...

- კაცი კაცს და ქალი ქალს არ ჰგავსო...

- ჰო, ამის მთავარი მიზეზი არის პუტინი!

- რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?

- საკუთარ თავს ხშირად ვაკრიტიკებ: ხანდახან ბევრ ადამიანს უფრო მეტი დოზით ვენდობი, ვიდრე უნდა ვენდობოდე. ეს საკუთარ თავში არ მომწონს. თუმცა თქვენ გენდობით, არ იფიქროთ, რომ არ გენდობით...

- როდის გღალატობთ ნერვები?

- რა მოსატანია, მგარამ მაინც უნდა ვაღიარო, გუშინ ჟირინოვსკიმ დამიმესიჯა, ნერვებმა მიღალატა და ვაგინე (მისთვის ჩვეული სტილში იცინის). დიახ, იმ დროს უკვე მიმტყუნა ნერვებმა...

- მესიჯი ლექსად თუ დაგიწერიათ?

- კი, ყოფილა ასეთი შემთხვევა. ზეპირადაც მახსოვს, თუ გინდა, გეტყვით. ხომ არის აკვიატებული თემა, რომ მიშა მექალთანე იყოო, კიდევ კარგია, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, 9-წლიანი მმართველობისას სხვა იარლიყი არ მომაკერეს.

მოკლედ, ამ ლექსს ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენეს ვუძღვნი: ''ქალი ნაზი არსებაა და დააშავოს თუნდაც,/ ქალი მაინც ქალია და მოფერება უნდა''.

- აქ ახლა აპლოდისმენტები ჟღერს, არ გესმით?

- შემოგევლეთ, ყველას მოკითხვა გადაეცით, ყველანი მენატრებით. ყველანი... თუ კალიფორნიაში ჩამოხვალთ და ლაივში ჩაწერთ ინტერვიუს, კარგია, მე გარკვეული მიზეზების გამო მანდ ვერ ჩამოვდივარ...

- როგორ ხვდებით, როცა მთვრალი ხართ?

- როცა შემახურებს და როცა სადმე გაფრენა მომინდება, უკვე ვხვდები, რომ მთვრალი ვარ.

- რას ნიშნავს ანდაზა: "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო"...

- ეს სიბრძნე ჩემს ცხრაწლიან მმართველობას ეფუძნება, მორგებულია ჩემს მმართველობაზე...

- დარდს რითი იკლავთ?

- დარდს? იმით ვიკლავ, რომ გავა დრო და შეაფასებთ, რა გაკეთდა საქართველოში... არ გეჩხირებით თვალში და ახლა თავად ხედავთ, რა კეთდება და რა - არა. გაუფრთხილდით შექმნილს და გააკეთეთ შეუქმნელი, - ეს არის ჩემი თხოვნა... შევარდნაძის დროს არც ერთ ჟურნალისტს არ მოაფიქრდებოდა, რომ დილით მაღალჩინოსნისთვის დაერეკა და მობილურით ინტერვიუ აეღოთ. ესეც ხომ ჩემი დამსახურებაა, რომ შეგიძლიათ, დარეკვა და მობილურით ინტერვიუს აღება. ასეთ ქმედებაზე ხრუშჩოვის დროს დახვრეტა იყო. ან სტალინის დროს ვინ გაბედვდა სტალინის პაროდისტისგან ინტერვიუს აღებას? ჯერ სტალინს პაროდისტიც არ ეყოლებოდა... ეს უკვე მიღწევაა. ეს არის თანამედროვე აზროვნება.

- გჯერათ, თუ არა რეინკარნაციის და როგორ გგონიათ, ვინ იქნებოდით წინა ცხოვრებაში?

- წინა ცხოვრებაში ხომ იცით, რომ სტალინი ვიყავი.

- 21 დეკემბერს კი ხართ ორივე დაბადებული.

- არა, მხოლოდ მაგიტომ არა. არგუმენტით დავამტკიცებ ამას: ხშირად ცხვირზე თითს რომ ვისვამ, ეს ხომ იცით? აბა, რატომ?

- რატომ?

- ჩემს წვერ-ულვაშს ვეძებ...

- რისი სიმბოლოა, ყვითელი ვარდი?

- ყვითელი ვარდი იმისთვის შეიქმნა, რომ თავიდან ბოლომდე დავდგეთ უკრაინის გვერდით...

- როგორ იქცევით, როცა ტყუილში გამოგიჭერენ?

- მისაღებ გამოცდებზე, როდესაც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის კიბეებზე ავრბოდი, გამოცდების შედეგების გასაგებად (500 ბავშვიდან ორი სახელი და გვარი გამოაცხადეს. ერთ-ერთი მე ვიყავი). იმ ძველ, ჩაშმორებულ, საბჭოთა კავშირისსუნიან კიბეებზე არბენისას, ფეხი რაღაცას წამოვკარი და წავიქეცი. იმ დროს ერთ-ერთი მილიციელი მოვიდა და მითხრა, - ახლა წაქცევის დრო არ არისო და წამომაყენა... ისე, ტყუილსაც გააჩნია. თუ ტყუილში ვინმემ გამოგიჭირა, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ წამოდგე და გზა გააგრძელო, არა ტყუილით, რა თქმა უნდა...

- რა არის მელია?

- უი, გუშინ ბარაქ ობამას ნათესავებთან გახლდით სტუმრად... სხვათა შორის ჯონ ფრანკმა თქვა, რომ მელია არის მომავალი მერი. ნარმანიას კი მითოლოგიაში ასეთი ახსნა აქვს - მინდოდა მერობა, მაგრამ ვერ გავხდი... საერთოდ, მანქანით ვმოძრაობ, გზა ბევრისთვის დამითმია, მაგრამ მელია ყოველთვის საჭირო დროს, საჭირო მომენტში, საჭირო სისწრაფით გადაგასწრებს და თავს არ დაიზიანებს... ვფიქრობ, რომ მას სისხარტის უნიკალური ნიჭი აქვს.

- რა არის თქვენი ამოჩემებული ფრაზა?

- ჩვენ დავბრუნდებით!

- ახლა რა ლექსი გახსენდებათ?

- ისეთი არაფერი, ამჟამად ნოსტალგიებში ვარ...

- ბოლოს რას დაგვიტოვებთ ფრაზად?

- მანქანით მოძრაობთ?

- ფეხით.

- ჰოდა, ამ დღეებში ველოსიპედს გამოგიგზავნით და ველოსიპედით იარეთ...

ისე, თუ სადმე საცობში ჩადგომა მოგიწევთ, უცბად გაიფიქრეთ, - მიშას შემოვლითი რკინიგზა რომ გაეკეთებინა, საცობში ხომ არ მოვხვდებოდი? "იამკაში" ყოველი ჩარტყმისას, ყოველი ჩამქრალი შუქისას და იმ მომენტში გულდაწყვეტისას გაგახსენდებით... ეს არის და ეს... ახლა ჯიბრინაობის დრო არ არის, შენების დროა. მადლობა თქვენ, რომ გაგახსენდით. ბიძინას უკვე დაურეკეთ თუ სძინავს?

- ჯერ არ დამირეკავს, ვაპირებ, ოღონდ, ჯერ მისი ტელეფონის ნომერი არ მაქვს, იქნებ მიკარნახოთ?

- ასეთ დროს ვყრუვდები ხოლმე, არაფერი მესმის... დიდი მადლობა და აბა, კარგად...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამებები.გე"-გე-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება