ვახტანგ რჩეულიშვილმა მართალია, "ორი ვარსკვლავი" დატოვა, მაგრამ ყოველ მორიგ ტურს მაინც ესწრება, გულშემატკივრობს კონკურენტებს, რომლებთანაც ძალიან დაახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ "ორი ვარსკვლავის" მონაწილეები მასზე უმცროსები არიან, როგორც ამბობს, ურთიერთობა მშვენივრად ააწყო და მათი გაცნობით ბედნიერია.
დღეს ვახტანგ რჩეულიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასეთი ხასიათის ტექსტი გამოაქვეყნა: "ნინა მეგვიპტელი" - ახალი ესკიზები ნინა წკრიალაშვილისთვის. ეგვიპტელი პრინცესას (ფარაონის მეუღლე) როლში და ფარაონის გარემოცვისთვის".
ამ საკითხში მეტად რომ გავრკვეულიყავით, ვახტანგ რჩეულიშვილს შევეხმიანეთ.
- როგორც გატყობთ, ვერ ჩერდებით ... რას ნიშნავს თქვენი ახალი სტატუსი?…
- მე და ნინა წკრიალაშვილმა ვერ მივაღწიეთ ჯაზის ტურამდე, თუმცა მომზადებული გვქონდა ლუი არმსტრონგის ცნობილი კომპოზიცია - "let my people go". ყველამ იცის, რომ ეს არის ჯაზური კომპოზიცია, სინამდვილეში კი საეკლესიო ჰიმნია. სიმღერაში უფალი მოსეს სთხოვს, წავიდეს ეგვიპტეში და გამოიყვანოს ეგვიპტელების ტყვეობიდან მისი ხალხი. ეს მუსიკალური ნამუშევარი თავის დროზე მონების გათავისუფლების ჰიმნად იყო მიჩნეული. მოკლედ, კომპოზიციას მღერიან როგორც ჯაზის მანერაში, ისე საგალობლის და როგორც ვთქვი, ბიბლიურ ეპიზოდს ასახავს. ნინა ამ შემთხვევაში, ფარაონის მეუღლის როლშია წარმოდგენილი, მე კი მოსე ვარ... ასე რომ, ეს ამბავი გვქონდა ჩაფიქრებული და არ დაგვცალდა. ახლა ამ ყველაფრის ესკიზები გამოვაქვეყნე. იცით, რომ ნინას ყველა კოსტიუმის ესკიზსს მე ვაკეთებდი და ამ შემთხვევაშიც უკვე მომზადებული მქონდა ესკიზი.
- აღარ ხუმრობთ და მიზანმიმართულად აგრძელებთ შოუს...
- რასაკვირველია, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ჩვენ კიდევ ერთად ვიმღერებთ, შეიძლება კლიპიც გადავიღოთ. კარგია, რომ ეს სიხალისე შემრჩა.
მოკლედ, ამ არაჩვეულებრივ კომპოზიციას ჩვენ რუსეთ-უკრაინის, რუსეთ-საქართველოს თემას მივუძღვნით, რომ რუსეთი მოეშვას სისასტიკეს და გაათავისუფლოს ტანჯვისგან როგორც უკრაინელი ხალხი, ისე - ქართველები...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის