"გიგა მეუბნება, ამ პროექტით გადამიყოლებო" - ნინო ძოწენიძის გარდასახვა "შინამანაკენადან" ლაიზა მინელამდე

"გიგა მეუბნება, ამ პროექტით გადამიყოლებო" - ნინო ძოწენიძის გარდასახვა "შინამანაკენადან" ლაიზა მინელამდე

მას მსმენელმა წლების წინ მეტსახელად "შინამანაკენა" შეარქვა, რადგანაც ამ სიმღერით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ვიღაცებს მოეწონათ, ვიღაცებმა გააკრიტიკეს. თუმცა მაშინაც და დღესაც სათქმელი ერთი აქვს, - ემღერება და გულიდან მღერის.

დღეს ნინო ძოწენიძე პროექტის "ერთი-ერთში" კონკურსანტია. გუშინდელ ტურზე კაშკაშა ვარსკვლავის, ლაიზა მინელის განსახიერება მოუხდა, თუმცა მანამდე პროექტში ბიონსეს, შაკირას, ალეგროვას, ჰიუსტონის სახეები შექმნა...

ნინო ძოწენიძე:

- ვფქრობ, რომ კარგი პროექტია. მოგეხსენებათ, შოუბიზნესის დღევანდელი მდგომარეობა, არაფრის კეთებით უკვე დაღლილი ვიყავი. პრინციპში, ამ შოუში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, არც მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი. ქავერის შესრულება როგორც ამ პროექტში, ისე გამართლებული არც ერთ შოუში არ არის, რადგანაც ის ადამიანი უნდა გახდე, რომელის სიმღერსაც ასრულებ. ეს მნიშვნელოვანი რამ არის. ვიცოდი, რომ შრომატევადი საქმე იქნებოდა, მაგრამ თუ პროექტში ასე გადავერთვებოდი, არ მეგონა. არავისთვის და არაფრისთვის აღარ მცალია, არც შვილისთვის, რადგან ოჯახში ყოფნა თითქმის არ მიწევს. კვირიდან კვირამდე იმ ადამიანით ვცხოვრობ, ვისი გასახიერებაც მიწევს. ჩემი 10 წლის ბიჭი მეუბნება, როდის მორჩება ეს პროექტი, რომ სახლში იყო და ჩაგეხუტოო. ძალიან ვენატრები.

- ისე, მონაწილეებს ცოტა დრო გაქვთ იმისთვის, რომ იმ ადამიანად გარდაისახოთ, ვისაც შოუში წარმოადგენთ...

- კი, ასეა, მაგრამ არ ვნანობ, რომ შოუს კონკურსანტი ვარ. მიუხედავად ყველაფრისა, ამ პროექტით ნასიამოვნები ვარ. რა თქმა უნდა, კარგია, თუ გავიმარჯვებ, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება. მთავარი კი ამ ყველაფერში ის არის, რომ ბევრმა ახლა დაინახა, რომ ეს გოგო თურმე კარგად მღერის. მოკლედ, ამისთვისაც ღირდა პროექტში ჩართვა...

- ისე, პირველ ეტაპზე, მგონი, ჟიური ცოტა ქულებსაც გაკლებდა...

- ყველაფერი მთლად ჩემზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება ბევრი რამ გავაკეთო, მაგრამ ჟიურიმ ქულა არ დამიწეროს, არ მოვწონდე და იმიტომ! ემოციური ადამიანი ვარ და ასეთ რაღაცებზე რეაქცია მაქვს ხოლმე, წყენას ვერ ვმალავ, მაგრამ კონკურსია და ასეთ ეპიზოდებზე ზოგჯერ უნდა გაიცინო, თუნდაც არ გეცინებოდეს. წინა ტურებში კი, იყო რაღაცები, რაზეც გული დამწყდა. ძალიან რთული სიმღერები მაქვს შესრულებული... ალეგროვას განსახიერებისას იმაზე მეტი რაღა უნდა გამეკეთებინა?! თვითონ რუსი კონკურსანტი, რუსულ პროექტშიც არ ჰგავდა ისე მას, როგორც მე. მის შინაგან სამყაროს სერიოზულად გავეცანი, მის ''კანში'' მთლიანად შევძვერი. ხრინწით ვმღეროდი, ჩემი ხმა საერთოდ ჩავკალი.

- კი, ბევრი რამ არის სინთეზში მოსაყვანი - არტისტულობა, პლასტიკა... სიმღერის პარალელურად, ცეკვაც გიწევთ...

- კი, ბიონსეს გასახიერებისას, ვიცეკვე, ჩემმა შაკირამაც იცეკვა, როგორც ლაიზა მინელიმ მოცეკვავეთა დასთან ვიცეკვე...

- როგორ ფიქრობ, რა შანსი გაქვს ამ კონკურსში?

- ისეთი თავმდაბალიც ვერ ვიქნები, რომ ვთქვა, შანსი არ მაქვს-მეთქი, მაგრამ ვიმეორებ, ბევრი რამ მთლად ჩემზეც არ არის დამოკიდებული. ძალიან მომწონს და მიხარია, რომ მაყურებელი გვერდით მიდგას. ჟიურისგან დაბალი ქულები გულსატკენია, რაღაცებში არ ვიმსახურებდი, მაგრამ ეს მათი ნებაა... მოკლედ, შანსები მაქვს, მაგრამ კონკრეტულად რა და როგორი, ამას მომავალი აჩვენებს.

- ჟიურის წევრი: სისი სამი კონკურსანტების ვოკალის პედაგოგიცაა. როგორია მასთან მუშაობა, თანამშრომლობა?

- სამწუხაროდ, ინგლისური ენა არ ვიცი, ეს ჩემი მინუსია, მაგრამ მეცადინეობებზე ვატყობ, რომ სისი ჩემ მიმართ კარგად არის განწყობილი, მაგრამ ქულებზე ეს არ აისახება, ვერ ვხვდები, რატომ? ისე, პროფესიონალი და კარგი გოგოა. კი გვეხმარება, გვამუშავებს, მაგრამ ყველაფერში ვერ დაგვეხმარება, დამწყები მომღერალი არ ვარ და ამიტომ ბევრი რამ თვითონ უნდა მოვახერხო.

- შენს კონკურენტებზე რას იტყვი?

- ზოგადად კარგი გუნდია. ვერიკო ტურაშვილი ჩემი მეგობარია და მეგობრები ერთად ვმონაწილეობთ ამ კონკურსში... ახლა უკვე ფინალისკენ მივდივართ და ყველა ცდილობს, მაქსიმალურად დაიხარჯოს, 5 ტური დაგვრჩა. კონკურენცია თანდათან მოიმატებს, მაგრამ ისე არ უნდა დაიძაბოს სიტუაცია, რომ არაჯანსაღი ვითარება შეიქმნას. მოკლედ, ჩვენ შორის, ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. არც ისე ცუდი პრიზებია და დალხენილიც ჩვენ შორის არავინაა.

- ისე, გრიმიორების შრომა მართლა დასაფასებელია...

- ძალიან სერიოზულად შრომობენ, თავს არ ზოგავენ. და საერთოდ გრიმიორები, პროდიუსერებიც, მთელი სტაფი ძალიან ძლიერი გუნდია. ყველანი მაქსიმალურ შედეგს ითხოვენ. ურთულესი პროექტია ყველაფერი ყველაფერზეა დამოკიდებული. მაგალითად, გრიმმა შეიძლება გაგაფუჭოს და შეიძლება - პირიქით, ძალიან მაგრად წარმოგაჩინოს.

- რას გვეტყვი ოჯახის წევრებზე? როგორც ვიცი, შენი მეუღლე, გიგა კუხიანიძე სერიოზულად გგულშემატკივრობს.

- უიტნი რომ უნდა ვყოფილიყავი, იმ დღეს ძალიან განვიცდიდი, რადგანაც გაცივებული ვიყავი, ყელი მტკიოდა, თან, ჩემი მაზლი, კახა კუხიანიძე უიტნის სერიოზული ფანია და იმ ნომრის მიძღვნა მისთვის მინდოდა. სცენაზე რომ გამოვედი და ჩემი შვილი დავინახე, ნერვიულობა მოვიხსენი, რადანაც ის ჩემზე მეტად განიცდის და აღელვებული დედა არ მინდოდა, რომ ენახა. არადა, იმ დღეს ჟიურიმ მითხრა, ნერვიულობდიო. არაფერი მითქვამს. რომ არა გაცივება, უიტნის შესრულება იმაზე ასჯერ უკეთ შემეძლო, ვიდრე ვიმღერე...

რაც შეეხება გიგას, ძალიან მგულშემატკივრობს, მეუბნება, ამ პროექტით გადამიყოლებო. ვიღაც შეიძლება გამოდის და ხალისობს, მეც და გიგაც მაქსიმალისტები ვართ. ყოველი გამოსვლის შემდეგ ვურეკავ, თუ კმაყოფილია, ჟიურის ქულა არ მაინტერესებს... მოკლედ, ეს კონკურსია, მაქსიმალური უნდა გააკეთო. არაფერზე უნდა იფიქრო. მთავარია ჩემი ნამუშევრით ვიყო კმაყოფილი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება