აშშ-ში მოღვაწე ქართველ ჯაზ-პიანისტს, გიორგი მიქაძეს სამშობლოში ნაკლებად იცნობენ, თუმცა მუსიკოსმა ქვეყნის გარეთ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. გიორგი აღმოჩნდა ერთადერთი მუსიკოსი, რომელმაც 3 000 აპლიკანტს შორის მაგისტრატურის სრული, ორწლიანი სასწავლო გრანტი მოიპოვა და ნიუ-იორკის Manhattan School of Music -ის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა. Manhattan School of Music საერთაშორისოდ აღიარებული, ერთ-ერთი ძვირადღირებული, უდიდესი მუსიკალური ტრადიციების მქონე სახელოვნებო აკადემიაა. მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ Berklee Collage of Music-ის დამთავრების შემდეგ, გიორგი „ჯაზის სამშობლოს“ უძლიერეს კონკურენტულ გარემოში მეორედ გახდა 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელი - სტიპენდიანტი, რაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის გამონაკლისია.
გიორგი მიქაძემ კლასიკური მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო. 2010 წელს კი აშშ-ს ქ. ბოსტონის ყველაზე პრესტიჟული Berklee Collage of Music-ის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი და პრეზიდენტის სტიპენდიატი გახდა. აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლა ყველა მუსიკოსის ოცნებაა. ის წლების მანძილზე ინარჩუნებს მსოფლიოს საუკეთესო 10 მუსიკალურ სასწავლებელს შორის პირველ პოზიციას.
სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გიორგის, როგორც ჯაზ-შემსრულებლის, კომპოზიტორის, მენეჯერის და არანჟირებების ავტორის შემოქმედებითი ზრდა და წარმატებული კარიერა. იგი სისტემატურად მართავს კონცერტებს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ, ელიტარულ დარბაზებსა და ჯაზ-კლუბებში, როგორც კლასიკოსი, ისე ჯაზ-შემსრულებელი. 2013 წლის 24 თებერვალს გიორგის ინიციატივით ბერკლიმ განახორციელა გრანდიოზული პროექტი, რომელიც მიეძღვნა თანამედროვე მუსიკის უდიდესი ავტორიტეტის, კომპოზიტორის, დირიჟორის, პროდიუსერის, არანჟირებების ავტორისა და 27 გრემის მფლობელ ქვინსი ჯონსის 80 წლის იუბილეს. გასულ წელს გიორგიმ გაიმარჯვა კონკურსში და მიიღო პრიზი, როგორც „საუკეთესო ჯაზ-შემსრულებელმა“ (JazzPerformance Award ), რომლის შემდეგ ჩაწერა დონი ჰეთევეის ცნობილი კომპოზიცია ”A Song For You“ შოუ-ბიზნესისა და კინოწარმოების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხმის ჩამწერ Avatar Studios -ში. ამავე წელს გახდა ვაშინგტონის ჯონ კენედის სახელობის ცენტრის Betty Carter’s Jazz Ahead Residency Program -ის გამარჯვებული.შოუბიზნესის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ - საქსოფონისტმა, Mack Avenue Records -ის არტისტმა, ბიონსეს Beyonce's all female band ლიდერმა ტია ფულერმა გიორგი მიიწვია საკუთარ ბენდში „Rainbow All Stars“ პიანისტად. 9 მაისს კი გაიმართა გრანდიოზული ცერემონიალი „Commencement Concert 2014“ „ბერკლის“ კურსდამთავრებულების მონაწილეობით, რომელიც ტრადიციულად იმართება ბოსტონის უნივერსიტეტის უზარმაზარ, 7 200 კაციან დარბაზში „Agganis Arena“.
ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსს ყველაზე პრესტიჟული Berklee Collage of Music -ის საშემსრულებლო და საკომპოზიციო ფაკულტეტების წარმატებით დამთავრებისას ერთდროულად გადაეცა ხარისხის ორი დიპლომი. კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალზე სპეციალური სტუმრის რანგში მიწვეულნი იყვნენ: ლეგენდარული „ლედ ზეპელინის“ გიტარისტი ჯიმი პეიჯი (რომელმაც გიორგის პირადად მიულოცა ბერკლის წარმატებით დამთავრება) პიანისტი, კოპმოზიტორი, პედაგოგი, გრემის ნომინანტი ჯერი ალენი; მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ვალერი სიმსონი და საყვირისტი თერა მემორი. აღნიშნული ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელობა ”ბერკლის” ადმინისტრაციამ გიორგი მიქაძეს დააკისრა. აგვისტოში, გიორგი მიქაძე მიწვეულია ვაშინგტონის კენედი-ცენტრში. მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრის „მილენიუმის დარბაზში“ გიორგის რიგით მეხუთე გამოსვლაა, ამჯერად უკვე საკუთარ ჯაზ-კვარტეტის შემადგენლობით. სექტემბრიდან კი გიორგი მუსიკალურ მოღვაწეობას გააგრძელებს მსოფლიოს კულტურის დედაქალაქ ნიუ-იორკში, Manhattan School of Music-ში.ნატალია დადიანი, Ambebi.ge