სახელი, გვარი: კრისტი ყიფშიძე
დაბადების თარიღი: 1977 წელი, 30 სექტემბერი
პროფესია და საქმიანობა
დავამთავრე ი.ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ, მაგრამ რეალურად დავიბადე მოდელად. თავიდან პოდიუმზე რომ გავედი, ვფიქრობდი, მოდელობა ჩემი ჰობი იყო, მაგრამ უკვე 20 წელია, ამ სფეროში ვტრიალებ და დღესაც მოთხოვნადი ვარ, არ ვკარგავ აქტუალობას. იმდენად ორგანული გახდა ჩემთვის ეს საქმიანობა, რომ ჰობიდან პროფესიად იქცა, შეყვარებული ვარ მოდელობაზე, რამაც განაპირობა და შემაძენინა კიდევ სხვა პროფესიები. დღეს ჟურნალისტიც ვარ, რადიოში მაქვს ჩემი რუბრიკა, ტელევიზიაში ვიყავი პროდიუსერი და ა.შ. მიუხედავად ამისა, მინდა მეტი და მეტი, რადგან მაქსიმალისტი ვარ.
რაზე ოცნებობ?
სიმართლე გითხრა, ოცნება არ მაქვს და არც მიყვარს, უფრო სურვილები მაქვს. დავაკვირდი, როდესაც რაღაც მართლა მთელი გულით მინდა, ის აუცილებლად მისრულდება. ძალიან მიყვარს ზაფხული, მზე, სითბო და ვერ ვიტან ზამთარს, ამიტომაც მინდა, ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი, 50 წლის შემდეგ, გავატარო რომელიმე თბილ ქვეყანაში, სადაც მექნება პატარა სახლი ზღვის სანაპიროზე. როგორ მოვაწყობ და რას გავაკეთებ, ეგ უკვე მე ვიცი... და ჩემთან სტუმრად მოდიოდნენ მეგობრები, შვილები და შვილიშვილები.
ვისთან ერთად გაემგზავრებოდი უკაცრიელ კუნძულზე რამდენიმე დღით?
ახლა არ მყავს შეყვარებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ ადგილას სწორედ შეყვარებულთან ერთად უნდა გაემგზავრო, იქ უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს, რადგან ბევრ გამოცდას მოგიწყობთ უკაცრიელი კუნძული და მიხვდები, ღირს თუ არა, ცოლად გაჰყვე.
რისი გეშინია?
არაფრის, კონკრეტულად არაფრის. ირგვლივ ბევრი უარყოფითი ინფორმაციაა, რაც, რასაკვირველია, ჩემზე ნეგატიურად მოქმედებს, მაგრამ ვცდილობ, არ ჩავუღრმავდე, თორემ ამანაც შეიძლება გაგაგიჟოს.
საოცნებო ვახშამი მსოფლიო დონის ადამიანთან... ვის აირჩევდი და სად ივახშმებდით?
ვუდი ალენთან ვივახშმებდი. დავპატიჟებდი და ქართულ სამზარეულოს დავაგემოვნებინებდი, იქიდან მოუვიდოდა ინსპირაცია და გადამიღებდა ფილმში (იღიმის). ეს უკვე ოცნებაა.
იხილეთ გაგრძელება