მაია ჯაბუას ქალიშვილი: ''მე რომ ავითქვიფო და ყველას გავეცნო, ეს კარგს არ მომიტანს''

მაია ჯაბუას  ქალიშვილი: ''მე რომ ავითქვიფო და ყველას გავეცნო, ეს კარგს არ მომიტანს''

ლიზა ყენია ცნობილი ოჯახის შვილია. მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილს ჯერ ჩოგბურთელობა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ფეხზე პრობლემები გაუჩნდა და იძულებული გახდა, სპორტისთვის თავი დაენებებინა. სხვა შემთხვევაში ჩოგბურთს არაფერზე გაცვლიდა, მაგრამ ახლა მოტივირებულია, რომ მომღერალი გახდეს. ამ კუთხით სერიოზული გეგმები აქვს და კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ემზადება. უნდა, კლასიკურ ვოკალს გაჰყვეს და უკვე დაწყებული აქვს მეცადინეობა, თუმცა მანამდე ესტრადასთან დაკავშირებითაც აქვს გეგმები.

ლიზა ''ფეისბუქზე'' აქტიურობით გამოირჩევა და საკმაოდ თამამი ჩაცმულობით აქვეყნებს ფოტოებს, რასაც შემდეგ გამოხმაურებები მოჰყვება ხოლმე, ლიზას მისი გარეგნობით მოხიბლული არაერთი ადამიანი სწერს. ამას წინათ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ქართველების ერთ თვისებას ეხებოდა, დანარჩენზე თვითონ გიამბობთ.

- ერთ-ერთმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ წამოიწყო პროექტი, ადამიანებს, რომლებიც მღერიან, ალბომის ჩაწერაში ეხმარებიან. დამეკონტაქტა თიელი, ლევან ჩიჩუა. მას კარგად არ ვიცნობდი. მივედი კასტინგზე, გასაუბრებაზე, რომელიც წარმატებით გავიარე და გადაწყვიტეს, რომ ჩემთვისაც გამოეწვდინათ დახმარების ხელი. ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩემს ალბომში ძირითადად თიელის ნამუშევრები შევა. მიწევს ქართული ტექსტით სიმღერა ისეთ ჟანრებში, როგორებიცაა არ ენ ბი, დაბ სთეპი, თრეფი, რაც აქამდე მგონი, არავის შეუსრულებია. ტექსტების დაწერას თავად ვცდილობ თიელთან ერთად. რამდენჯერმე მომიხდა ტექსტის გადაკეთება, რადგან სამღერლად ცოტა რთული ენაა, მით უმეტეს, არაქართული ჟანრის მელოდიაზე.

- რაზე უნდა იმღეროს დღეს თინეიჯერმა გოგონამ საქართველოში? რა არის შენთვის საინტერესო თემები?

- ჩემი პირველი სიმღერა, რომელზეც კლიპის გადაღებას ვაპირებ, იქნება შავისა და თეთრის შესახებ, ანუ სიკეთესა და ბოროტებაზე. ჩემს ტექსტებში არ იქნება ტირილი, განცდები და გატეხილი გული. შესაძლოა, ერთი სიმღერა იყოს სიყვარულზე, ისე, როგორც ჩემი ასაკის ბავშვი შეიგრძნობს ამას, მოკლედ, ზომიერად (იღიმის). ჯერ არ ვიცი, როდის იქნება მზად ალბომი, რადგან თიელი დაკავებულია ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' და ძალიან ვგულშემატკივრობთ. თუმცა ისიც არ გვინდა, რომ პროცესი ძალიან გაგვეწელოს.

- დედა რამდენად ერევა შენს ამ საქმიანობაში?

- გამზადებულ მასალას კი არა, ყოველთვის შავ მასალას ვაჩვენებ. ზოგჯერ მირჩევს ხოლმე, ესა და ეს სიტყვა კარგად არ იმღერება და შევცვალოთო, სხვა რჩევებსაც მაძლევს და ვითვალისწინებ. რაც შეეხება ვოკალს, არასდროს ვუმეცადინებივარ, მეუბნება, რომ მაქვს ინდივიდუალური ხმა. არ ერიდება იმის თქმას, რაც არ მოსწონს. მაგალითად, შემისწოროს რაიმე ბგერა, რომელიც მე შესაძლოა, კარგად მეჩვენებოდეს, მაგრამ რეალურად ცუდად ისმინება. რასაკვირველია, ეს ძალიან მეხმარება. ისიც რეალისტია და მეც, არ მიყვარს ილუზიებით ცხოვრება (იღიმის). კრიტიკას კარგად ვიღებ. სულ ველოდები, როდის გამაკრიტიკებს. ველოდები მითხრას, რა არ მოსწონს, რომ შევცვალო, მაგრამ აუცილებლად ჩემებურად...

- ახლა სკოლაში სწავლობ. რა პროფესიაზე ფიქრობ?

- კლასიკური ვოკალის განხრით კონსერვატორიაში ჩაბარებას ვფიქრობ. ბავშვობიდან მიწევს კლასიკის მოსმენა, ასეთ გარემოში ყოფნა. ვერ ვიტყვი, რომ კლასიკური განხრით განსაკუთრებული განათლება მაქვს, მაგრამ შვიდი წელი ბალეტზე დავდიოდი და ამან კარგი საფუძველი შემიქმნა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა მსიამოვნებდეს. დედაჩემმა მთხოვა, რომ ფორტეპიანოზე მევლო. ვერ ვიტანდი და ძალით დავყავდი, ნოტები უნდა იცოდეო. დღემდე ვერ ვეკარები პიანინოს, სულ რომ ბეთჰოვენი ვიყო, მაინც ვერ მივეკარები. ვიღაცას სცენის შიში აქვს, მე კი - ამ ინსტრუმენტზე დაკვრის. გამომადგა იმ მხრივ, რომ ნოტები ვიცი. ახლა, როცა ვოკალში ვემზადები და ნაწარმოებს მაძლევენ სასწავლად, ნოტებიდან ვსწავლობ. დაახლოებით ორი წელია, ვემზადები ქალბატონ დოდო დიასამიძესთან, მანამდე ერთი წელი გულიკო კარიაულთან დავდიოდი. გრაფიკის გამო გადავინაცვლე სხვა პედაგოგთან. ქალბატონი დოდო მეხმარება იმაშიც, რომ ესტრადაზეც სწორად ვიმღერო და, რასაკვირველია, კლასიკურ ვოკალსაც დავეუფლო. დედას ერთი თხოვნა, პიანინოზე დაკვრა მესწავლა, ვერ შევუსრულე, სამაგიეროდ, მეორეს - კლასიკურ ვოკალს გავყოლოდი, აუცილებლად შევუსრულებ (იღიმის).

- ესტრადისთვის სხვა ვოკალია საჭირო, კლასიკური განათლება კი აუცილებლად თავისკენ ''გადაგქაჩავს''.

- ზოგადად, ესტრადისთვის მზადება ბავშვობიდან გიწევს, კლასიკაში მომზადება კი შეგიძლია 19-20 წლიდანაც დაიწყო. შეგიძლია, იქ ჩამოყალიბებული ხმით მიხვიდე. მე, მაგალითად, გამოდის, რომ ადრე მივედი, 14 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, იმ დატვირთვით არ დავდივარ, რომ პირის აპარატი შემეცვალოს, ასე რომ, ესტრადაზე რომ ვერ ვიმღერო, ჯერ ასე არ მოხდება.

- გასუქების არ გეშინია? ამ პროფესიის ქალბატონები ხშირად სუქდებიან.

- არა, ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. ზუსტად დედაჩემისნაირი ყელი მაქვს, დედას არასდროს კვერცხი არ ჩაუყლაპავს, მაგრამ ამას მის ხმაზე არ უმოქმედია.

ზოგადად კი წონის მომატების ძალიან მეშინია. ახლაც ვიბრძოლე, რომ დამეკლო. სულ პანიკაში ვარ, რომ არ მოვიმატო. სხვათა შორის, ძალიან ძნელად ვიმატებ და ასევე რთულად ვიკლებ. უბრალოდ, რაც ჩოგბურთს თავი დავანებე, სამი წლის განმავლობაში მოვიმატე, 60 კილო გახლდით. ახლა დიეტის შედეგად ხუთი კილო დავიკელი. კიდევ მინდა, დავიკლო. არ მინდა, 16 წლისა წონაზე ვფიქრობდე. მირჩევნია, სხვა რამეებზე ვიფიქრო.

- დედასაც ჰგავხარ, მაგრამ ზოგადად, ძალიან განსხვავებული გარეგნობა გაქვს.

- დედასაც ვგავარ და მამასაც. ბევრს უთქვამს, ქართველს არ ჰგავხარო. როგორც ჩანს, ამ ნაზავმა არაქართულ ტიპაჟად შემქმნა. ბოლო ხანებია, დედაჩემს ისე დავემსგავსე, რომ ზოგჯერ მეშინია ხოლმე, მაგრამ მამაჩემი რომ ნახოთ, ვერ გადაწყვეტთ, ვის უფრო ვგავარ.

- პოპულარობას როგორ აღიქვამ?

- ჩემგან ხმამაღალი ნათქვამია, არა მგონია, რომ ძალიან პოპულარული ვიყო, მაგრამ მესმის მათი, ვინც ამაზე ძალიან არის დამოკიდებული. ერთხელ თუ ჩაგითრია, შემდეგ ძნელია ჩრდილში ყოფნა. ხომ არის ეტაპი, როცა ჩავარდნა გაქვს და არავის აინტერესებ. ეს იმდენად გაგიჟებს, როცა ჩათრეული ხარ, რომ შესაძლოა, ბევრი რამ გააკეთო პოპულარობის დასაბრუნებლად. თუმცა მე ყველაფერს ვერ გავაკეთებ. სხვათა შორის, ყოველთვის ჩვეულებრივი ვარ და იმისთვის, რომ ხალხის ყურადღება მივიქციო, არაფერს არ ვაკეთებ. მაგრამ რაც უნდა გავაკეთო, რატომღაც ჩემგან მაინც გამომწვევად ჩანს. არ ვიცი, რატომ ხდება ასე (იღიმის).

სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი, შეიძლება, პოპულარობა არ მომნდომებოდა, მაგრამ დედაჩემის გამო სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი. მომღერლობას საერთოდ არ ვაპირებდი, სულ ჩოგბურთელობა მინდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა, მუხლის პრობლემების გამო, აღარ მომეცა. დღეს რომ მქონდეს საშუალება, ჩოგბურთელი ვიქნებოდი. ამ სფეროშიც საკმაო წარმატებები მქონდა.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება