დათოს "მოულოდნელი კითხვებით" დავუკავშირდი, მაგრამ ჩვენმა დიალოგმა ოდნავ სხვა კალაპოტში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჩარჩოებში" ეს ადამიანი არ ჯდება. საუბარი ბლიცის ფორმატს აშკარად გასცდა, თუმცა ფორჩხიძესთან ინტერვიუ უინტერესო არ გამოვიდა.…
- დათო, მოგესალმები.
- გამარჯობა.
- სად ხარ?
- ტელეკომპანია "იმედში".
- როგორი განწყობა გაქვს?
- ნორმალური...
- როგორ მოხვდი "შალვა რამიშვილის შოუში"?
- შალვამ მითხრა, ჩემს შოუში მოდიო და მივედი. რატომღაც ბევრმა ვერ გაიგო, იქ რა მინდა. არადა, მათ გასაგონად ვამბობ, შალვა ჩემი ბავშვობის მეგობარია. როცა უცნობი, დამწყები, ბევრისთვის უნიჭო, უპერსპექტივო მუსიკოსი ვიყავი, მან ჩემში ნიჭი აღმოაჩინა, ხელი დამავლო და ძალიან მაგრად მომხედა. ჯგუფი "სახე" რომ არსებობდა, ესეც მისი დამსახურებაა... ასე რომ, ცხოვრების ბოლომდე შალვას მადლობელი ვიქნები. მის მიმართ, როგორც "სახის" დანარჩენი წევრების (დათო ხუჯაძე, გოგა ხაჩიძე) მიმართ, მშობლიური განცდა მაქვს. ისინი ჩემები არიან და ყოველთვის დავეხმარები...
- შენი ნება რომ იყოს, შალვას შოუში რას შეცვლიდი?
- ჯგუფისთვის უფრო მეტ დაფინასებას გამოვყოფდი, ხუმრობებით მეტად გავამდიდრებდი, შოუ მეტად სასაცილო რომ გამხდარიყო. მუსიკასაც უფრო უკეთესად გავაჟღებდი და რაღაცების გაკეთებას ამ კუთხით ვაპირებთ კიდეც. ვიღაცები მეუბნებიან, "მუზიკანტად" რა პონტში დაუჯექი შალვასო? "მუზიკანტი" ვარ და,…აბა, რა უნდა მექნა? თუ მავანს ჟიურიში ჯდომა, ანუ ვიღაცის ნაწვალების შეფასება უკეთესი პონტი ჰგონია, ვეტყვი, რომ ეს სულაც არ არის ჩემი მოწოდება. ამასთან, ამ ახალ შოუში ექვსი კაცი დავასაქმე, ნიჭიერი მუსიკოსები, ჩემი "ვოისის" ბავშვები. სხვა მომღერლებსაც გამოვიყვან. კარგად ვუკრავთ, საკმაოდ საინტერესო მუსიკას ვაკეთებთ, ცოტა განსხვავებული შემოგვაქვს... მერე მაგ შოუში ჩემს რუბრიკასაც გავაკეთებ.
- შალვას შოუში შენი "ქვეშოუ" უნდა გააკეთო?
- შალვამ მომცა უფლება, თითო სტუმარი, ანუ ისეთი მომღერალი ვინც მომწონს, მივიყვანო და ვამღერო, ვაცეკვო და გავესაუბრო კიდეც...
- ლაპარაკი გიყვარს, მაგრამ გადაცემაში ჯერ ხმას არ იღებ. რატომ?
- ჯერჯერობით ასეთი პოზა ავარჩიე, რადგანაც ეს შალვას შოუა. ისეთ პროექტში უკვე ვიჯექი, სადაც ბევრს ლაპარაკობდნენ... ახლა ასეთი მინდა, რომ ვიყო...
- გეშინია შალვასი?
- არასდროს შემშინებია. იმ ხალხზე მეცინება, ვისაც მისი ეშინია. შალვა ძალიან სასაცილო კაცია! მას იმ დოზით აქვს ცუდი თვისებები, რაც ჩემს დანარჩენ მეგობრებს. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანია...
- რომელი პოლიტიკური ძალის მომხრე ხარ?
- ვცდილობ, ნეიტრალური და პოლიტიკურად თავისუფალი ვიყო და არავისკენ - არც "ოცნებისკენ" და არც "ნაციონალებისკენ" არ გადავიხარო. ზოგიერთი ამ ფაქტით, რომ მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ მაქვს, გაოცებულია...
- მოკლედ, არც "ქოცი" ხარ და არც - "ნაცი?"
- არა და არც იმას ვამბობ, რომ რომელიმე ცუდია ან კარგი...
- გოგა ხაჩიძე მიყვარსო, თქვი... ბევრს არ მოსწონს...
- გოგა ჩემი ძმაკაცია და მე ის მიყვარს! დღეს რაც უნდა მოდაში არ იყოს, ის ჩემი ძმაკაცია. დათო ხუჯაძესაც ჰქონდა პერიოდი, პირველად მოსკოვში ემიგრაციაში რომ წავიდა, თბილისში ასლან აბაშიძის გამო ვერ ჩამოდიოდა, შალვა რამიშვილი საერთოდ ციხეში იჯდა, მაგრამ ეს ადამიანები არასდროს მიმიტოვებია. მათზე ცუდი არაფერი მითქვამს... ასე რომ, გოგა ხაჩიძე ჩემი მეგობარია...
- გიყვარს ხმამაღლა სიცილი?
- მომღერლობამ მასწავლა, რომ ჩუმად გამოვხატო მკვეთრი ემოციები. ამიტომ, ხმადაბლა ვიცინი.
- ბაზარში პროდუქტებზე ფასს თუ გიკლებენ?
- ბაზარში არ დავდივარ, მაგრამ ბანკში რომ შევდივარ, მოხუცებული ბებია პენსიას რომ ელოდება, ისიც კი ცდილობს, რომ რიგი დამითმოს. ერთხელ, ერთმა ბებომ მითრხა, "ვოისში" ამდენს ნუ ნერვიულობ, შვილო, ჩემ ქმარს, ასე რომ ნერვიულობდა, ორჯერ გულის შეტევა მოუვიდაო... მოკლედ, ხალხისგან სიყვარულს ვგრძნობ. ბუნებით "ხალხისტი" ვარ...
- მიწასთან ''სიახლოვე'' თუ გქონია, ანუ თუ დაგიბარავს და თოხით თუ გიმუშავია?
- ბავშვობაში ბაბუას ვეხმარებოდი ხოლმე... მამაჩემი ისეთი მაგარი კაცია, მისი გაუკეთებელი არაფერია, თუმცა მე ნათურაც არ გამომიცვლია. ერთხელ სტუდიაში 10 ნათურიდან 8 გადაიწვა და სანამ ჩემი ცოლი არ მოვიდა, არაფერი მეშველა.
ის კი არა, ახალი თაობის გადამკიდემ, მამაჩემისთვის ხანდაზმულიაო, ვინმეს რომ არ ეთქვა, ადგა და ვინდოუსის გადაყენება ისწავლა... ყველა ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის, - მამა ისეთია, მე - ასეთი.
- როგორ ფიქრობ, შალვა რამიშვილს სმენა აქვს?
- მაგარი სმენა აქვს, მაგარი გემოვნება და მუსიკაში უდიდეს ინფორმაციას ფლობს. ამ კუთხით ქართველ პროდიუსერებში პირველია, ვერც კი მიუახლოვდებიან.
- როგორც ამბობ, შალვა მაგარია. მიშა ისევ მაგარია?
- რა გინდათ მიშასგან? ბევრი კარგი რამ გააკეთა, თუმცა რაღაცებიც გააფუჭა... 2003 წელში "ნაციონალები" რომ მოდიოდნენ, მეგონა, რომ ასჯერ იმაზე მეტს გააფუჭებდნენ და 1000-ჯერ ნაკლებს გააკეთებდნენ, რაც გააკეთეს. მთავრობასთან მიმართებაში მაქსიმალისტი არ ვარ. მიჩვეული ვიყავი იმას, რომ ქვეყანაში არაფერი კეთდებოდა და თუ ცოტა გაკეთდა, მიხარია, რომ რაღაც გააკეთეს. ყველაფერს ასე ხაზს ვერ გადავუსვამ.
- ცნობილი ფაქტია, რომ გოგა ხაჩიძესთან ერთად მონაწილეობდი სიმღერის "მიშა მაგარია" დაწერაში. ახლა მსგავსი პათოსის სიმღერას თუ დაწერდი?
- ეგ სიმღერა ხაჩიძემ დაწერა და მე ვეხმარებოდი. კიდევ მივიღებდი მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობას. ოღონდ, თუ მექნებოდა იმის საშუალება, რომ აქეთ "ოცნებისთვის", იქით "ნაცინალებისთვის" და კიდევ "ლეიბორისტებისთვისაც" დამეწერა და მერე ერთმანეთს შევაჯიბრებდი.
- პოლიტიკოსებიდან შენს სტუდიაში ვის ჩააწერინებდი დუეტს?
- მიშასა და ბიძინას დუეტი იქნებოდა სუპერ დუეტი. ძალიან მაგრად ვამღერებდი ორივეს, ისე, მაგარი იდეაა!
- ამ წუთას რა ლექსს წაიკითხავდი?
- გალაკტიონის "მერის": "შენ ჯვარს იწერდი იმ ღამე, მერი,/ მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,/ სანდომიან ცის ელვა და ფერი,/ მწუხარე იყო, ვით შემოდგომა".
- რომ წაიოცნებო, ახლა სად დაისვენებდი?
- მეგობრებთან, ან ოჯახის წევრებთან და კარგ ადამიანებთან ერთად, ბუნებაშიც მშვენივრად გავერთობოდი...
- რამდენია 9X7?
- 63.
- კლავიშები რატომ არის შავ-თეთრი?
- სხვათა შორის, მინახავს ფორტეპიანო, სადაც დიეზები და ბემოლები თეთრია, დანარჩენი - შავი...
- სამყარო შავ-თეთრი რომ იყოს?
- ბევრისთვის ის არის კიდეც შავ-თეთრი. რაც მთავარია, სამყარო ზოგიერთისთვის მონოც არის...
- შენი სიმღერა "შენ რა სექსი ხარ" 1998 წელს მეხის გავარდნას ჰგავდა. არ შეგეშინდა?
- 1998 წელს ეს იყო ჩემი ლეგალური სიტყვები. ამ სიმღერის ორი-სამჯერ მოსმენის შემდეგ ხალხი მიეჩვია და მის ტექსტს ტელევიზიაში ''ტუს'' არ ადებდნენ. მერე მსგავსი რამ ვერავინ შეძლო... არადა, 90-იან წლებს სიბნელის წლებად მოიხსენიებენ, მე ეს ნათელი წლები მებნელება...
- ის სიმღერა რას მიუძღვენი?
- შალვამ გადაცემაში თქვა, - ცხოვრებაში რასაც ვერ იხდენდა, სიმღერაში ახერხებდაო. მოდი, ასე იყოს. ვისაც საკუთარი თავის გაკრიტიკება არ შეუძლია, მაგარი სუსტი ტიპია. მე არ მეშინია და ამას არ ვერიდები. საკუთარ თავს ჩემზე ჭკვიანები ეღადავებიან. ხუმრობა ყველაფერზე უნდა შეიძლებოდეს და არ უნდა იყოს ამდენი ბოროტება. ჰო, გარშემო შიში და ბევრი ბოროტებაა. 90-იან წლებში მეტი სიკეთე, სიყვარული იყო. დღეს ყველა ილანძღება, ყველას დასცინიან... ეს უნდა შეწყდეს!
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის