ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"

ირინა შეიკი: "აგენტმა გია ჯიქიძემ აღმომაჩინა და კარიერა მისი წყალობით დავიწყე"

რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი, რომლის ნამდვილი გვარიც შაიხლისლამოვაა ქართველმა მოდის აგენტმა, გია ჯიქიძემ აღმოაჩინა. ქართველი სკაუტის წყალობით ირინა და ცნობილი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა რუსეთის პროვინციებიდან მსოფლიოს მაღალ პოდიუმზე აღმოჩნდნენ. ირინამ ინტერვიუ ჟურნალ V MAGAZINE-ს მისცა და ქართველ აგენტზეც ისაუბრა.

- მოდის ბიზნესში როგორ აღმოჩნდით?

- დედა მუსიკოსია და ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დავდიოდი. თუმცა, როდესაც წამოვიზარდე, მუსიკა მომწყინდა; ჩემი და, ტატიანა სილამაზის პროდუქტებზე ყოველთვის შეყვარებული იყო. მაკიაჟისა და თმის მოვლის საშუალებებს ჩემზე ცდიდა. ერთ დღესაც სილამაზის სკოლაში წამიყვანა, სადაც გია ჯიქიძე დამხვდა. ის მოდის აგენტი იყო, რომელმაც ნატალია ვოდიანოვა აღმოაჩინა. კარიერა მისი წყალობით დავიწყე.

- გლამურული ბავშვი იყავით?

- არასდროს. მამაჩემი ქვანახშირის მაღაროში მუშაობდა და ყველანი გულმოდგინედ ვუვლიდით ეზოში ბოსტანს, რათა თავი გამოგვეკვება. არასდროს მიცხოვრია ამერიკელი ბავშვის ცხოვრებით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე პარიზსა თუ ნიუ-იორკში ვიცხოვრებდი. ამაზე არც კი მიოცნებია. თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ სოფლელი გოგო დიდხანს არ ვიქნებოდი და სოფლის დატოვებას ვგეგმავდი.

- ცნობილი ლამაზმანები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვობაში უშნო იხვის ჭუკებს ჰგავდნენ, თქვენს გარეგნობაზე რას გვეტყვით?

- ბავშვები ყოველთვის დამცინოდნენ, რადგანაც ძალიან გამხდარი ვიყავი. ახლაც მახსოვს, 14 წლის ასაკში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ყიდვა მინდოდა. თუმცა, 25 დოლარი ღირდა და მშობლებმა ვერ მიყიდეს. ამიტომ წავედი და საავადმყოფოს კედლებს ვღებავდი, რათა თანხა შემეგროვებინა.

- პირველი წარმატება და მსოფლიო აღიარება

- მოდელობა გვიან დავიწყე, 20 წლის ვიყავი. პარიზში წავედი და ინგლისური ძალიან ცუდად ვიცოდი. ერთადერთი, რაც მეხერხებოდა, კამერის წინ პოზირება იყო. მოდელების ბინაში ვცხოვრობდი, მაგრამ თავს ლამაზად არ ვთვლიდი. საცხოვრებელში სხვა მოდელები დამცინოდნენ, რადგანაც მათგან რადიკალურად განვსხვავდებოდი; ისინი ფერმკრთალი, გამხდარი გოგონები იყვნენ, მე კი ფორმიანი და მუქი ფერის. ერთ დღესაც საკუთარ თავს ვუთხარი, რომ სოფელში ხელცარიელი არ დავბრუნდებოდი. ასე აღმოვჩნდი ნიუ-იორკში, რომელსაც Sports Illustrated-ის კონტაქტი მოჰყვა. აი, ყველაფერი აქედან დაიწყო.

- ნიუ-იორკში ცხოვრობთ. რატომ გიყვართ ეს ქალაქი?

- ნიუ-იორკი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია. დილით ადრე გაიღვიძებ, სახლიდან გახვალ და იგრძნობ, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი ძალიან ცოცხალია.

მომზადებულია V MAGAZINE-ს მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ერთობა ნახევრად შიშველი ირინა შეიკი ჰავაის სანაპიროზე (+33 PHOTO)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება