დღეს ფინალია. პროექტი "ორი ვარსკვლავი" გამარჯვებულებს გამოავლენს. დარჩენილია სულ სამი წყვილი: ირინა ონაშვილი – გიორგი მახარაშვილი, ლევან ჯავახიშვილი - ნინი წიკლაური, გოგოლა კალანდაძე – ნოდიკო ტატიშვილი; თითოეულმა სერიოზულად იმუშავა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფინალში მოხვედრილიყო, მაგრამ საბოლოოდ ვის გაუმართლებს და ვინ გახდება გამარჯვებული, ამას მოგვიანებით შევიტყობთ. მანამდე კი რას ფიქრობენ და როგორი განწყობა აქვთ ვარსკვლავების პარტნიორებს, რომლებმაც ენერგია არ დაიშურეს და მეგობრებისთვის თავი გადადეს...
გიორგი მახარაშვილი:
- პირველი კონცერტიდან დაწყებული, არ ვიცი და ვერ ვხვდები, ვის როგორი შანსები აქვს, ისეთი უცნაური რაღაცები ხდება... ამასობაში მოახლოვდა ფინალი. დღევანდელი კონცერტი სამივე წყვილისთვის გადამწყვეტია, მაგრამ რომ გითხრათ, ამ შოუში მაინცდამაინც მოგებისთვის ვართ-მეთქი, არა, თუმცა ბევრი მოგებას გვიწინასწარმეტყველებს. ჩვენც უბრალოდ ვამბობთ, რომ უნდა მოვიგოთ!
- მოკლედ, შენი პარტნიორი დღეს შოუს მოიგებს?
- ჩემი პარტნიორი ნამდვილად მოიგებს. ყველა ტურზე ისეთ სიმღერებს ვარჩევდით, რომ ნამდვილად მომღერლების სამღერი იყო და რთულად შესასრულებელი. ეს ფაქტია. ამიტომ, ჩემთვის ირინა ონაშვილი უკვე ნამდვილად მოგებულია. რაც შეძლო, მართლაც შეძლო. ყველა მუსიკალური ნომერი კარგად იმღერა.
- ირინას ბევრი გულშემატკივრობს... მაგარია, მაგრამ შენმა გვერდში დგომამაც დიდი დახმარება გაუწია...
- ალბათ ერთმანეთს შევეწყვეთ. არადა, როცა გავიგე, ირინა ონაშვილთან მიწევდა შეწყვილება, თავიდან ვერ მივხვი, ჩვენი ხმები ერთმანეთთან რა შუაში იყო, მაგრამ პირველივე რეპეტიციიდან ისე მოვერგეთ, რომ, მომავალში რაღაც სიმღერას აუცილებლად ჩავწერთ და ჩვენი დუეტი გვექნება.
- ვინც თქვენი დაწყვილება გადაწყვიტა, სწორად გათვალა...
- ეს თვითონ ირინამ გადაწყვიტა. თურმე ინტერნეტში მოუძებნია ჩემი ნამღერი. ახლა ასე ხუმრობს ხოლმე, "ამოგაიუთუბეო"... მერე სიმაღლეშიც თითქმის თანაბრად ვართ, ოდნავ ვუსწრებ. მოკლედ, კარგი გადაწყვეტილება იყო, ასე რომ არ ყოფილიყო, აქამდე ვერ მოვიდოდით. რასაც ვუყურებ "ფეისბუქზე", ახლობლებში, მეგობრებში, მეზობლებში, ქუჩაში ჩვენს წყვილს არავინ ლანძღავს. ალბათ, ყველაფერი სწორად გავთვალეთ...
ნინი წიკლაური:
- ძალიან მინდა, რომ ლევანმა მოიგოს, ამ ადამინმა ტურიდან ტურამდე მართლა ბევრი იშრომა, იმეცადინა. რომ ვუყურებდი, ხანდახან ვამბობდი, ჩემს თვალწინ საოცრება ხდება-მეთქი. დღის განმავლობაში გადაცემას ამზადებდა, საღამოს "ქრონიკა" მიჰყავდა და კიდევ რეპეტიციებსაც გადიოდა. ძალიან მინდა, რომ მოიგოს. თუ ასე მოხდა, მიმაჩნია, რომ პროექტს ღირსეული გამარჯვებული ეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ გოგოლას და ირინას გულით ვგულშემატკივრობ და მათთან ვმეგობრობ, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მინდა, რომ ლევანმა მოიგოს. უბრალოდ, ეკუთვნის და არ მინდა, რომ ტელეკომპანია "იმედის" გამო დაიჩაგროს, რადგანაც იქ მუშაობს.
- პარტნიორში გაგიმართლა...
- კი, ასეა. პარტნიორში მართლა გამიმართლა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა, რომ მე და ლევანი დავეწყვილებინეთ, იმიტომ რომ, ის მუსიკით მთლიანად გაჟღენთილი ადამიანია. მადლობა კიდევ ერთხელ პროექტს.
- მოიგებს?
- კი, ჩემი პარტნიორი დღეს გაიმარჯვებს, იმიტომ რომ, მას სრულიად საქართველო გულშემატკივრობს.
პ.ს. რაც შეეხება მესამე კონკურსანტის პარტნიორს, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ნოდიკო ტატიშვილის ტელეფონი გამორთული ჰქონდა. თუმცა ისიც ალბათ, იმავეს იტყოდა, რომ ფინალს მისი პარტნიორი მოიგებს... თუმცა ვინ იცის...
სპეციალურად Ambebi.ge-სთვის,
ლალი ფაცია