7 ყველაზე ცნობილი პირველი ლედი ისტორიაში

7 ყველაზე ცნობილი პირველი ლედი ისტორიაში

გავიხსენოთ ქალბატონები, რომლებმაც თავის დროზე გავლენა მოახდინეს არა მხოლოდ ქმრებზე, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ ვექტორზე.

1. ჟაკლინ კენედი

1952 წელს ერთ-ერთ მიღებაზე 23 წლის ჟურნალისტი ჟაკლინ ბუვიე 35 წლის სენატორს, ჯონ კენედის ოფიციალურად წარუდგინეს. ერთი წლის შემდეგ მათ იქორწინეს. როდესაც 1960 წლის იანვარში კენედიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა, ჟაკლინი მიუხედავად ფეხმძიმობისა, ქმრის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.

ის საარჩევნო შტაბში მოსულ უამრავ გზავნილს პასუხობდა, წერდა სარეკლამო რგოლებს, თან დაყვებოდა ქმარს სხვადასხვა ქალაქებში და გაზეთში საკუთარ სვეტიც ჰქონდა, სახელწოდებით Campaign Wife. როდესაც 1961 წელს კენედი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, ჟაკლინ კენედი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პირველი ლედი გახდა ქვეყნის ისტორიაში.

ერთ-ერთი პირველი პროექტი, რაც ჟაკლინმა პირველი ლედის სტატუსით განახორციელა, თეთრი სახლის ინტერიერის გადაკეთება იყო. ამისთვის მან მსხვილი დეკორატორები და კონსულტანტები მოიწვია. უკვე 1962 წლის თებერვალში CBS News-ის მაყურებლებმა განახლებული თეთრი სახლი იხილეს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი მხოლოდ მოდური ქრონიკითა და დახვეწილობით არ გამხდარა ცნობილი. მან შეიტანა არსებითი წვლილი წარსულის არქიტექტურული ძეგლების შენარჩუნებაში.

2. ელეონორა რუზველტი

აშშ-ის 32-ე პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის მეუღლეს, ელეონორა რუზველტს ”მსოფლიო პირველ ლედის” უწოდებდნენ. ცნობილია მისი ფრაზა: "გენიოსები განიხილავენ იდეებს, საშუალო გონი განიხილავს მოვლენას, ხოლო მცირე - ადამიანებს".

მან თეთრ სახლში 12 წელი გაატარა, და უბრალო ამერიკელებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ელეონორამ და ფრანკლინმა ერთმანეთი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გაიცნეს. რუზველტის მთელი საპრეზიდენტო ვადის დროს, ელეონორა მისი მარჯვენა ხელი იყო. ის იყო ერთადერთი პირველი ლედი, რომელიც ყოველკვირეულ პრესკონფერენციებს მართავდა. ელეონორა მოგზაურობდა ქვეყნის მასშტაბით და ხვდებოდა რიგით ამერიკელებს, მათი გასაჭირი კი ქმრის ყურამდე მიჰქონდა.

საზოგადოებრივი საქმიანობით ის ცხოვრების ბოლომდე დაკავებული იყო. ის ქალების უფლებებისთვის იბრძოდა და საკუთარი წვლილიც შეიტანა უფლებათადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის დაფუძნებაში. ამ წლის თებერვალში ის მეხუთედ მოხვდა ისტორიკოს-მეცნიერთა მიერ შედგენილ "საუკეთესო პირველი ქალბატონების" რეიტინგში.

3. ევა პერონი

პირველი სიტყვები, რაც მარია ევა იბარგურენმა თავის ქმარს, არგენტინის პრეზიდენტს ხუან პერონს უთხრა იყო: "მადლობა პოლკოვნიკო, რომ არსებობთ". იმ 6 წლის განმავლობაში, რაც ევას პირველი ლედის სტატუსი ჰქონდა, ის ქვეყნის მეორე პირად იქცა. ევა პერონი შუა რგოლი იყო თავის ქმარსა და ღარიბ ხალხს შორის.

ევიტამ შეძლო და არგენტინელების გულები დაიპყრო.

4. რაისა გორბაჩოვა

რაისა გორბაჩოვა პირველი და ერთადერთი პირველი ლედი იყო საბჭოთა კავშირში, მას შემდეგ, რას 1985 წელს მიხეილ გორბაჩოვი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად დაინიშნა.

რაისა გორბაჩოვამ შექმნა საბჭოთა კულტურის ფონდი, რომელიც ბევრ მუზეუმს და სხვა კულტურულ დაწესებულებებს ფინანსურ დახმარებას უწევდა.  მისი სახელი ყველასთვის ცნობილი იყო, ხოლო მისი ჩაცმულობა და ვარცხნილობა - დიდი განხილვის საგანი.

5. იმელდა მარკოსი

ისტორია აჩვენებს, რომ ყველა პირველი ლედის არ შეუძლია ღირსეულად განვლოს გზა. მკაცრი ხასიათისა და გაუგონარი მფლანგველობის გამო, იმელდა მარკოსს "ფოლადის პეპელას" ეძახდნენ. ის ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოსის მეუღლე იყო. ის 12 წლის განმავლობაში სარგებლობდა პირველი ლედის სტატუსით და განსაკუთრებული მფლანგველობით გამოირჩეოდა. მისი შოპინგების შესახებ ლეგენდები დადიოდა. ის ფუფუნების საგნების შესაძენად მილიონობით დოლარს ხარჯავდა, მაშინ როდესაც ფილიპინების მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობდა. შედეგად, 1986 წელს ფერდინანდ მარკოსის ხელისუფლება დაამხეს და ის და მისი ცოლი ქვეყნიდან გააძევეს.

6. კარლა ბრუნი

ხუმრობით, ფრანგები კარლა ბრუნის "სარკოზის მთავარ მიღწევას" უწოდებდნენ. სარკოზის მხრიდან ტოპ-მოდელსა და მომღერალზე დაქორწინება გაბედული ნაბიჯი იყო. ის საფრანგეთის პირველი ლედი 2008 წელს გახდა და უკვე მარტში მშვენივრად გაართვა თავი ბრიტანეთის დედოფალთან  ოფიციალურ ვიზიტს მეუღლესთან ერთად.

კარლა ბრუნი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, თუმცა ამის შესახებ უფრო ნაკლები იწერებოდა, ვიდრე მისი პირადი ცხოვრების შესახებ...

7. ჰილარი კლინტონი

ყველაზე გავლენიანი პირველი ქალბატონების რეიტინგში ჰილარი კლინტონს ულაპარაკოდ უჭირავს პირველი ადგილი.  1975 წელს ბილ კლინტონი ჰილარიზე დაქორწინდა.  1993 წელს კი ბილ კლინტონი აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი გახდა, ხოლო ჰილარი პირველი ლედი. ის არის ამბიციური, განათლებული, კომპეტენტური, ინტელიგენტი ადამიანი, ამიტომ ის ჯანდაცვის რეფორმირების კომიტეტს უდგება სათავეში, თუმცა 1 წლის შემდეგ ჰილარის პოსტის დატოვება უწევს.

2000 წელს კი ჰილარი კლინტონი გადაწყვეტს თავისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა  წარმოაჩინოს და ნიუ-იორკის შტატის სენატორი ხდება. ხოლო 2009 წელს თანხმდება დაიკავოს ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება