რეჟისორი უშგულიდან, რომელსაც ''ოქროს პალმის რტოს'' აღების იმედი აქვს

რეჟისორი უშგულიდან, რომელსაც ''ოქროს პალმის რტოს'' აღების იმედი აქვს

ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ხაჭვანის პროექტი სახელწოდებით ''დედე'' კანში ''მსოფლიო პავილიონზე'' მოხვდა. ''დედე'' სვანური სიტყვაა და დედას ნიშნავს. სცენარი მარიამს ეკუთვნის, რომელზეც თავის პროდიუსერთან, ვლადიმერ კაჭარავასთან ერთად იმუშავა. მარიამ ხაჭვანმა წლევანდელ კანის ფესტივალზე ათი დღე გაატარა. საქართველოში დაბრუნებულ რეჟისორს შთაბეჭდილებები გამოვკითხეთ და შევიტყვეთ, რა შედეგი მოჰყვა კანში მის ვიზიტს...

- მარიამ, როგორ აღმოჩნდი კანის 67-ე ფესტივალზე?

- სანამ ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმები რომელიმე ფესტივალზე გავიდოდა, პროდიუსერს სულ ვეუბნებოდი, რომ საფრანგეთშიც აუცილებლად მოვხვდებოდი. რატომღაც სულ მეგონა, რომ 2014 წელს აუცილებლად წავიდოდი კანის ფესტივალზე (იღიმის). არ ვიცოდი, კანში პროექტების გაგზავნა თუ იყო შესაძლებელი. ამ საკითხს პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა აგვარებს. გამიმართლა, რომ ამ ადამიანს შევხვდი. მას დიდი გამოცდილება აქვს, განათლება უცხოეთში მიიღო და თითქმის ყოველდღიურად მიტარებს მასტერკლასს. ერთ დღესაც მითხრა, რომ ჩვენი პროექტი კანში გაგზავნა. მაშინ დავრწმუნდი, რომ იქ აუცილებლად მოვხვდებოდი. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ იმეილი მივიღე, წერილში ეწერა, რომ კანში გვეპატიჟებოდ-ნენ. რასაკვირველია, ამან ძალიან გამახარა.

ბევრს ეშლება და მინდა განვმარტო, ''დინოლა'' ჩემი 15-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, პროექტის ნაწილი. ''დედე'' სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება და ვინაიდან მე გამოუცდელი, დამწყები რეჟისორი ვარ, რახან ''დედეს'' ვერ ვიღებდი, გადავწყვიტე, ჯერ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამეკეთებინა და მერე საბოლოო ვერსია. დღემდე ''დინოლა'' არაერთ ფესტივალზე წარმოადგინეს, მათ შორის ჰონკონგში, შვეიცარიაში, ასევე კლერმონ-ფერანის ''ა'' კლასის ფესტივალზეც.

კანში ყოფნის დროს მსოფლიოში ცნობილმა რეჟისორმა ვალტერ სალესმა მსოფლიოს ათი ქვეყნის წარმომადგენლებს მასტერკლასები ჩაგვიტარა. ასევე შევხვდით რამდენიმე ქვეყნის წარმატებულ პროდიუსერებს. სანამ კანში ჩავიდოდით, მათ უკვე წაკითხული ჰქონდათ ჩვენი პროექტები, ანუ იქ უკვე იცოდნენ ''დედეს'' შესახებ და ამის განხილვა მიმდინარეობდა.

- მოდი, ჯერ ''დინოლაზე'' ვისაუბროთ...

- ''დინოლა'' მიწვეულია არაერთ ფესტივალზე, მათ შორის ნორვეგიაში, იტალიაში, პარიზში, მაროკოში. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი შარშან მარტში გადავიღეთ. მოგიყვებით ფილმის თემას: უწინ სვანეთში, ქალი როცა დაქვრივდებოდა, ხელმეორედ ათხოვებდნენ. შვილს ტოვებდა გარდაცვლილი ქმრის ოჯახში, ანუ მისი თან წაყვანის უფლება არ ჰქონდა. ბებიაჩემი ხუთი წლის იყო, როცა მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. დილით რომ გაიღვიძა და დედა საწოლში არ დახვდა, ფეხშიშველი გავარდა გარეთ მის საძებნელად. ბებიამ ეს ამბავი რომ მიამბო, ჩემთვის შოკი იყო. სვანეთში რომ გავიკითხე, ასე იძულებით ბევრ დედას დაუტოვებია თავისი შვილი. მოგვიანებით გადავწყვიტე, ამ თემაზე ფილმი გამეკეთებინა. ჯერ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება მინდოდა, დავწერე სცენარი ''დედე'', რომელიც საქართველოში წლის საუკეთესო სცენარად დასახელდა და 2012 წელს ლიტერატურული პრემია ''გალაც'' მოიპოვა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ''დინოლა'', ანუ ''დედეს'' ნაწილი. ''დედეში'' უფრო მეტად იქნება გაშლილი ეს თემა, სადაც სვანეთში ქალის ცხოვრების ისტორიები აისახება.

- ანუ შენს ფილმს ბებიას ოჯახური ამბავი დაედო საფუძვლად. მაინტერესებს, დედის გათხოვების შემდეგ ბებია ვინ გაზარდა?

- ბებია თავის ნახევარძმასთან გაიზარდა, მამის მხრიდან. დედას იშვიათად, თითქმის ვეღარ ნახულობდა. ერთხელ, როცა მას შვილი თავისი მეორე ქმრის ოჯახში წაუყვანია, მოერიდა სახლში შეყვანა, თუ რა იყო, არ ვიცი, პატარა გარეთ დაუტოვებია - ჭიშკართან. ბებიაჩემს ეტყობა საკმაოდ დიდხანს მოუხდა გარეთ ყოფნა. ციოდა, თან ღამე ყოფილა და ბებია მიყვებოდა, ძალიან მეშინოდა, მგლები არ მოსულიყვნენო. საერთოდ, ასეთი ბავშვები იშვიათად ნახულობდნენ დედებს, თუ შეხვდებოდნენ, განშორება უჭირდათ და ასეთ შეხვედრას ალბათ დედებიც გაურბოდნენ. იყო შემთხვევებიც, როცა უკვე წამოზრდილი ბავშვი მშობელს ვერც კი ცნობდა. ეს სასტიკი წესი იყო უწინ სვანეთში. ფილმის კეთების დროს მე არ განვიხილავ ამ ტრადიციებს, ანუ არ ვცდილობ გადმოვცე კუთხის ცუდი და კარგი მხარე. არც მინიშნებებს ვაკეთებ, უბრალოდ მინდა, რომ ეს ყველაფერი ფირზე აღიბეჭდოს და აისახოს სვანეთის წარსული, წესები, ტრადიციები და არსებული რეალობა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება