"ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონზე ცნობილი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილიც რომ აცეკვდა, უკვე ცნობილი ფაქტია... მეწყვილე, ვიქტორ ბურჭულაძესთან ერთად, თავს არ ზოგავს და ცდილობს, მაყურებელს, ჟიურის თავი მოაწონოს, რაც ვფიქრობ, ცუდად არ გამოსდის... ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით შოუშია და შემდეგი ტურისთვის აგრძელებს მუშაობას.
"ამბები.გე" მას რეპეტიციისას დაუკავშირდა:
- უჰ, ისეთი დაღლილი და გადამწვარი ვარ, ვერც კი წარმოიდგენთ... არ ვწუწუნებ, მაგრამ ასეა. ამდენი ვარჯიშითა და მუშაობით მგონი, წნევაც დაეცა და მთლიანად გამოვიფიტე... გონებაც სათანადოდ ვეღარ აზროვნებს და მემორჩილება...
- გასაგებია, მაგრამ შოუში მონაწილეობა ხომ თქვენი არჩევანი იყო...
- კი, და ამიტომაც არ მინდა, რომ ვიწუწუნო, უბრალოდ, სიტუაციას გიხსნით...
- ადვოკატური საქმიანობა ამ პერიოდში შეჩერებული გაქვთ?
- არა, და ამ რეპეტიციებს ჩემი დატვირთული გრაფიკიც ემატება. პარასკევს (საკონკურსო ტურის მეორე დღე), ან ორშაბათს პროცესებზე გასვლა მიწევს...
- დროებით რომ შეგეწყვიტათ თქვენი პროფესიული საქმიანობა?
- რომ გავჩერდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ დღეში ნულზე დავალ... ისეთია ჩემი საქმიანობა, რომ თუ ყოველდღიურად არ იმუშავე, ყველაფერი იქამდე მივა, რომ ოფისის ქირასაც ვეღარ გადავიხდი... თან, ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ...
- ე.ი. შოუს მანძილზე სასამართლო პროცესებზეც გადიხართ?
- კი, გასულ პარასკევს ერთი სამოქალაქო დავა მოვიგე. მორიგი პროცესი შემდეგ პარასკევს მაქვს დანიშნული და ვეცდები, ისიც მოვიგო... ერთ თვეზე მეტია, რაც ვცეკვავ და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე საქმე წარმატებით დავაგვირგვინე...
- პროექტს თუ მოიგებთ ეს არის საინტერესო...
- ეგ მართლა არ ვიცი... ის კი არა, პროცესზე მოსამართლეები, ხაზს უსვამენ იმას, რომ ვარ კონკურსანტი და რომ ისინი შოუს სერიოზულად გულშემატკივრობენ... იმ დღეს ერთ-ერთმა შემახსენა კიდეც, რომ ხუთშაბათს როგორ მოხვალთ, თქვენ ხომ მაგ დღეს კონკურსი გაქვთო (სიცილით ამბობს).
- ამ პერიოდში კლიენეტები ხომ არ დაკარგეთ?
- დედაჩემის პროგნოზი, რომ ამ შოუში მონაწილეობით კლიენტებს დავკარგავდი, არასწორი აღმოჩნდა. სასამართლოში რომ შევდივარ, ადამიანები ისეთი სითბოთი მხვდებიან, მიხარია. კოლეგებიც მგულშემატკივრობენ და მეუბნებიან, - შენ იურისტი და ძლიერი ქალის სტერეოტიპი დაამსხვრიეო. თუმცა ერთი კია, ფეხზე პირველსავე ტურზე ტრავმა მივიღე, დავზიანდი, სითხე მაქვს ჩამდგარი დ სახსარში კიდურის გაშლა მიჭირს, მაგრამ ამით სპეკულირება და მანიპულირება არ მიყვარს... ყველას რაღაც აწუხებს, მერე, რა? ამიტომ ამ პრობლემას არასდროს ვუსვამ ხაზს.
- კონკურსი რომ დამთავრდება, რას აპირებთ?
- ალბათ ძალიან მომენატრება ეს პერიოდი, ვარჯიში, რეპეტიციები, ამიტომ, გადაწყვეტილი მაქვს, ცეკვაზე ვიარო და ვივარჯიშო. სუხიშვილებს ხომ აქვს მოყვარულთა ჯგუფები და ალბათ იქ ჩავეწერები... ისე, გიორგი ყიფშიძე მეუბნება, ცეკვით დაავადებული ვარო, რაღაც ასეთს უკვე მეც ვატყობ საკუთარ თავს. ისედაც მომწონდა ცეკვა და ახლა მით უმეტეს...
- შვილი გგულშემატკივრობთ?
- ჩემი შვილი ჩემს ყოველ ტურზე გამოსვლას ძალიან განიცდის, სერიოზულად ღელავს, არ უნდა, რომ სამარცხვინოდ გამოვიდე. თავის თანაკლასელებთან ერთად მგულშემატკივრობს. ბავშვები შუა გაკვეთილებზე ესემესებს მიგზავნიან... სხვათა შორის, ჩემი კლიენტებიც მიმესიჯებენ... ვნახოთ, საბოლოოდ რა იქნება...
- პარტნიორზე რას გვეტყვით?
- ვიქტორ ბურჭულაძე პროფესიონალი მოცეკვავე და მსოფლიო ჩემპიონია, მან აქ რომ ჩამოსულიყო, ბევრი რამ გადადო, უამრავ შემოთავაზებასა და მიწვევაზე თქვა უარი... ძალიან მაგარი ბიჭია, ცოტა გულდაწყვეტილი კია, სათანადოდ თითქოს ვერ მიიღეს აქ... მისი სერიოზული გამხნევება მიწევს...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის