''ვერ ვიტან ისტერიკულ და არაადეკვატურ რეჟისორებს''

''ვერ ვიტან ისტერიკულ და არაადეკვატურ რეჟისორებს''

თინათინ ყაჯრიშვილის სცენარით, რეჟისურითა და პროდიუსერობით გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა დრამამ ''პატარძლები'' წარმატებით მოიარა არაერთი ქვეყნის მნიშვნელოვანი ფესტივალი. მათ შორის ბერლინის 64-ე კინოფესტივალზე სექცია ''პანორამაში''მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. ამას მოჰყვა ნიუ-იორკში რობერტ დე ნიროს მიერ დაარსებული ფესტივალი ''ტრაიბეკა''. ბევრი სხვა ფესტივალია წინ, საქართველოში კი ფილმის პრემიერა 2014 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

თინათინ ყაჯრიშვილი სცენარს 2011- 2012 წლიდან წერდა და მოგვიანებით ფილმად აქცია. სიუჟეტი თანამედროვე საქართველოში ვითარდება. პატიმრებით გავსებული ციხეები და მამაკაცების გარეშე დარჩენილი ქალები. წყვილებს, ოფიციალური ქორწინების გარეშე, ერთმანეთის მონახულების საშუალება არ აქვთ, ამიტომ ისინი იძულებული არიან, ხელი გისოსებს მიღმა მოაწერონ და ამ ''ბედნიერებისთვის''სულ რამდენიმე წუთია გამოყოფილი. ამ რეალობით ფილმის რეჟისორმა, ისევე როგორც ბევრმა ოჯახმა საქართველოში, თავად იცხოვრა. სცენარის წერა მაშინ დაიწყო, როცა მის მეუღლეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი. დღეს ოჯახი სრული შემადგენლობითაა და ბუნებრივია, ჩვენთვის სავსებით გასაგები იყო, როცა თინათინმა პირად თემაზე საუბარს თავი აარიდა.

ფილმში მთავარ როლებზე დაკავებული არიან გიორგი მასხარაშვილი და მარიამ კიტია, რომელიც ფილმის გადაღებისას რეჟისორის რძალი გახდა- თინათინის ძმამ ლევანმა და მარიამმა გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი და მალევე იქორწინეს.

თინათინ ყაჯრიშვილი ახალი დაბრუნებული იყო კანის 67-ე ფესტივალიდან, როცა ერთმანეთს შევხვდით...

- პროფესიული არჩევანით დავიწყოთ. მგონია, ცოტა რთულია, საქართველოში ქალი რეჟისორი იყო...

- ქართულ სინამდვილეში ბევრი ქალი რეჟისორი გვყავდა და ახლაც უმეტესობა ქალია. თავად მე მე-8 კლასის მერე, ფაქტობრივად, სკოლაში აღარ მივლია და თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. მამა მეღვინეა, დედა- ინგლისური ენის სპეციალისტი, მაგრამ ჩვენს ოჯახში ხელოვნება ყოველთვის იყო პრიორიტეტი. ოჯახი წინააღმდეგობას არ მიწევდა, მაგრამ მაშინ წარმოუდგენელი იყო პროტექციის გარეშე მოხვედრა და ჩემი არჩევანი არ მოსწონდათ, ეგონათ, ვერ მოვხვდებოდი. ჩავაბარე და თეატრალური ორჯერ დავამთავრე, ჯერ მიშა ანთაძესთან და შემდეგ რეზო ესაძესთან გავიარე უმაღლესი სარეჟისორო კურსები.

საერთოდ, კინოს გადაღებაზე მაშინ დავფიქრდი, როცა ''ფორსაიტების საგა''წავიკითხე. მაშინვე გადაღება მომინდა და დავიწყე სცენარის წერა. უამრავი რვეული მაქვს ნაწერი, რატომ ვწვალობდი ამდენს, არ ვიცი (იღიმის). 12 წლიდან დავდიოდი ''პიონერფილმში'', ვწერდით სცენარებს და ვიღებდით. ასევე სკოლაში გვქონდა ანიმაციის სტუდია და ამ საქმეშიც ბავშ-ვობიდან ვიყავი ჩართული.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება