Ambebi.ge იწყებს სტატიების სერიას, სახელწოდებით "უმდიდრესი ქართველი ქალები".
მსოფლიოში ცნობილ მდიდარ ბრიტანელ ადამიანებს შორის ეროვნებით ქართველი მომღერალი ქეთი მელუა უკვე წლებია ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.
ახლახანს, გაზეთმა "სანდი თაიმსმა" გამოაქვეყნა ბრიტანეთისა და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა მეგზური – Rich List 2014. წლეულს იგი ოცდამეექვსედ გამოიცა და მასში გაერთიანებული სამეფოს ათასზე მეტი უმდიდრესი ადამიანის შესახებ შეიტყობთ. უმდიდრეს ადამიანებს შორის მომღერალი ქეთი მელუაც მოხვდა. იგი გაერთიანებული სამეფოს 30 წლამდე 50 უმდიდრეს ახალგაზრდას შორის დასახელდა, რომლის ქონება 12 მილიონი ფუნტს შეადგენს.
წლების მანძილზე დამსახურებული არაერთი პრიზი და მილიონობით გაყიდული ალბომი, და, რაც ყველაზე მთავარია - საპატიო ადგილი "გინესის რეკორდების წიგნში". ასეთია ცნობილი ქართველი მომღერლის ბიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები. ახლა კი ambebi.ge ქეთი მელუას შესახებ უფრო დეტალურად გიამბობთ.
2000 წელს 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ტალანტების სატელევიზიო კონკურსში "Stars Up Their Noise" და "Bedfinger"-ის სიმღერით "Without You" გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებამ ქეთის მომავალი გადაწყვიტა.
2003 წლის ზაფხულში მან პროდიუსერთან ერთად სადებიუტო ალბომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წლის ნოემბერში გამოვიდა ალბომი "Call Off The Search", რომელიც 2004 წლის იანვრისთვის ბრიტანული ჰიტ-პარადების სათავეში იდგა და მწვერვალზე 6 კვირა დაჰყო. გამოსვლიდან 5 თვის შემდეგ, უკვე გაყიდული იყო ალბომის 1.8 მილიონი ასლი და 2004 წელს მელუა აღიარეს ყველაზე გაყიდვად ქალ შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. 19 წლის ქეთი ერთ-ერთ კონცერტზე გამოსვლის შემდეგ თვით ინგლისის დედოფალს წარუდგინეს, რომელმაც დიდი სიმპათიით მიმართა: "მე მოვისმინე რადიოში თქვენი სიმღერა, ის ძალიან სასიამოვნოა".
წარმატებული დებიუტის შემდეგ დაახლოებით ორ წელში გამოვიდა ქეთის მეორე ალბომი "Peace by Peace," რომელიც მაშინვე გაყიდვების ლიდერი გახდა - 3.5 მილიონი ასლი ევროპის მასშტაბით. გაყიდვების რაოდენობით ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, დანიასა და ისლანდიაში. ქეთი მელუას მსოფლიო პოპულარობას ხაზს უსვამს ჰოლანდიელი თაყვანისმცემლების მიერ გაკეთებული საჩუქარი - ამსტერდამელმა სელექციონერებმა ქეთი მელუას სახელობის ტიტა გამოიყვანეს, რომელსაც "Tulipa Katie Melua" უწოდეს.
მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით "Pictures" 2007 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ძალიან მალე ალბომმა ბრიტანეთში პლატინის ხარისხი მოიპოვა და 2007 წლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად დისკად იქცა. გამოსვლიდან 8 თვეში ალბომის 1.5 მილიონი ასლი იყო გაყიდული. ამის შემდეგ სულ ცოტა ხანში "Sunday Times"-ის მიერ გამოქვეყნებულ ბრიტანეთის უმდიდრეს მომღერალთა სიაში 30 წლამდე, ქეთი მელუამ მეშვიდე ადგილი დაიკავა 18 მილიონი ფუნტ-სტერლინგით.