როგორ დავშორდეთ გულის სწორს ისე, რომ ტკივილი არ მივაყენოთ?

როგორ დავშორდეთ გულის სწორს ისე, რომ ტკივილი არ მივაყენოთ?

როგორ დავშორდეთ გულის სწორს ისე, რომ ტკივილი არ მივაყენოთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შოუბიზნესის წარმომადგენელ მამაკაცებს ძალზე გაუჭირდათ, ზოგმა საქმეები მოიმიზეზა, ზოგიც პირდაპირ გამოგვიტყდა, რომ ეს არცთუ ისეთი მარტივი კითხვაა და მასზე პასუხის გასაცემად დაფიქრება ესაჭიროება... სამაგიეროდ, სუსტი სქესის წარმომადგენლები დაუფიქრებლად და დიდი ენთუზიაზმით იძლევიან რჩევებს.

ლიზა ბაგრატიონი:

თუ კაცს უყვარხარ, გული მაინც ეტკინება, მაგრამ დაშორების შემდეგ, მისთვის კვლავ სასურველ და სასიამოვნო ქალად რომ დარჩე, ამისთვის საჭიროა აუხსნა, რომ ის შენთვის მაინც ბევრს ნიშნავს. უნდა უთხრა სიმართლე, უკეთესი მომავლის იმედი მისცე, ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადო და წამოხვიდე.

ქეთა თოფურია:

- ყველა შენი ნაკლი უნდა გამოამჟღავნო, თავი უნდა შეაძულო, ყველანაირად უნდა ეცადო, რომ თვითონ დაგშორდეს და მერე გული აღარ დასწყდება...

თემურ რცხილაძე:

- ალბათ, სხვა მანდილოსანთან ერთად უნდა დაგინახოს: მიხვდება, რომ სხვა გყავს და უბრალოდ, ვერ ეუბნები ამას. მაგრამ თუ არ გინდა, გული ატკინო, მაშინ მივლინებაში უნდა წახვიდე, რომ დაგივიწყოს.

ზალიკო ბერგერი:

- მამაკაცმა ქალი უნდა დაადანაშაულოს ღალატში ან სულაც, პირდაპირ უთხრას, რომ სხვა შეუყვარდა... არა, ასე ქალს მაინც დასწყდება გული... მოკლედ, მამაკაცი ან საერთოდ უნდა წავიდეს ქვეყნიდან, რომ ქალმა ვერ ნახოს და დაივიწყოს, ან უნდა უთხრას, რომ გაკოტრდა და მისი რჩენა აღარ შეუძლია.

ზურაბ ვადაჭკორია:

- მამაკაცმა ჯერ თავისთვის უნდა გაარკვიოს, რატომ უნდა გულის სწორთან დაშორება, მერე, ყოველგვარი ტყუილის გარეშე, უნდა აუხსნას ქალს ამის მიზეზი. ასე ქალს ნაკლებად ეტკინება გული. საერთოდ, თუ კაცს ჭკუა აქვს, მოახერხებს იმას, რომ ქალი თვითონ მივიდეს ამ გადაწყეტილებამდე.

ბაკურ ბურდული:

- ქალს თუ უყვარხარ, როგორც არ უნდა დაშორდე, მაინც ეტკინება გული. მე, მაგალითად, ვეტყვი, რომ მასთან უბრალოდ, მეგობრობა მინდა.

გია ჯაჯანიძე, ფსიქოლოგი:

- საერთოდ, პარტნიორთან განშორებას ქალები უფრო მტკივნეულად განიცდიან. თან, ჩვეულებრივ, მამაკაცი მიდის ხოლმე. ამიტომ მამაკაცი უნდა ეცადოს, რომ ქალმა თვითონ მიატოვოს. ამ შემთხვვაში, ქალი ნაკლებად განიცდის და შთაბეჭდილება რჩება, რომ შეურაცხყოფილი არ არის, რადგან დაშორების ინიციატივა მისგან წამოვიდა. თუ ქალმა გადაწყვიტა წასვლა, მაშინ კაცს არ უნდა აგრძნობინოს, რის გამო სცილდება და უნდა გამოიგონოს მიზეზი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრას, რომ სხვა მამაკაცის გამო სცილდება, რადგან ამ დროს, კაცი ყოველთვის შეურაცხყოფილი რჩება.

სოფო ყარალაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება