ჯულიანა ბარ-გნარი შეყვარებულია - ვინ არის ლამაზმანის რჩეული

ჯულიანა ბარ-გნარი შეყვარებულია - ვინ არის ლამაზმანის რჩეული

"მისი საყვარელი დრო მთვარიანი იდუმალი ღამეა. ერთი შეხედვით ქუდბედიანია, ყველაფერი ძალუძს. მოსიყვარულე ნიშანია, მაგრამ თუ მოისურვა, შეუძლია, სასტიკი მტერიც იყოს. ადამიანი კირჩხიბი რომ შეიცნოთ, ნამდვილ კიბოს დააკვირდით: საკმარისია, მარწუხი რამეს ჩასჭიდოს, ვერანაირი ძალით ვერ წაართმევთ. არ დაშორდება იმას, რაც მისთვის ძვირფასია, იქნება ეს საყვარელი მამაკაცი, მეგობარი თუ სამსახური. რთული ხასიათი აქვს. ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ - ბავშვივით დაუცველია. ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო ხშირად მოქმედებს, ვიდრე - გონებით", - ასეთია თხის წელში დაბადებული კირჩხიბის დახასიათება.

- დიდი სურვილი მაქვს, პირადი ჰოროსკოპი შევადგინო, მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე. ინტერნეტში ჩემი ნიშნის დახასიათება რომ წავიკითხე, იმდენი რამ დაემთხვა, არ შეიძლება, ამ მეცნიერებას ირონიულად შევხედო.

- "ხელოვნების სფეროში საქმიანობის განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული"...

- ალბათ ამიტომაც ვარ მოცეკვავე.

- "ერთი შეხედვით ქუდბედიანია, მაგრამ ხშირად, სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო, უხერხულ სიტუაციაშიც ვარდება".

- სიმორცხვე მახასიათებს. მიმაჩნია, რომ ეს ცუდი თვისება არ არის, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მომდის. სხვისთვის შემიძლია, ბევრი რამ გავაკეთო, ჩემ გამო კი ვერავის ვერაფერს ვთხოვ.

- "გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება უჭირს".

- მაშინაც კი ძალიან ბევრს ვფიქ­რობ, როცა რაიმე ნივთის შეძენა მინდა. საკუთარ თავს ათას კითხვას ვუსვამ: მომიხდება? არ მომიხდება? მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა 100%-ით დარწმუნებული ვარ, რჩევას სხვებს აღარ ვთხოვ.

- "უყვარს კომფორტი..."

- კომფორტი მიყვარს, მაგრამ ყოველთვის სიახლე მჭირდება. თუ მთელი წლის განმავლობაში საზღვარგარ­ეთ ვივლი და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ვიცხოვრებ, ზუს­ტად ვიცი, ღამის კარავში გათენებაც მომინდება.

- "გემოვნებიანია, რბილი ხასიათი აქვს".

- ვცდილობ, სხვისი გავლენის ქვეშ არასდ­როს მოვექცე. არ ვფიქრობ, რომ რბილი ხასიათი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ. დამთმობი ვარ თუ არა? - კონფლიქტები არ მიყვარს, ამ დროს თავს ცუდად ვგრძნობ. შეიძლება, მხოლოდ იმისთვის დავთმო, რომ დაძაბულობას თავი ავარიდო, მაგრამ დათმობაზე არც ერთ შემთხვევაში არ წავალ, თუ ეს ნაბიჯი ჩემს პრინციპებსა და შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ასეთ დროს ძალიან ჯიუტი ვხდები (იღიმის).

- "პესიმიზმისკენ მიდრეკილია".

- არა, ვცდილობ, ოპტიმისტი ვიყო.

- "ხშირად ადამიანებს ისე ექცევა, როგორ მოქცევასაც თავად არ ისურვებდა".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ბავშვობიდან ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგომა მიყვარდა. ასეთ ადამიანს ყოველთვის ვიცავდი.

- "ბევრი ნაცნობი და ცოტა ნამდვილი მეგობარი ჰყავს".

- შეიძლება, ასეც ითქვას. ბავშვობის მეგობრებთან მეტი სიახლოვე მაკავშირებს. ისინი "სხვანაირად ჩემები" არიან. საერთოდ, რასაც და ვისაც ვეჩვევი, მასთან განშორება ძალიან მიმძიმს.

- "ის ხშირად, ძალიან რომანტიკული პარტნიორია, მუდამ სჭირდება ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს და დაეხმარება, რომ უფრო თავდაჯერებული გახდეს".

- ასეა. ჩემი რომანტიკა რა არის? როცა ადამიანი გიყვარს, გინდა, მას განსხვავებული გარემო შეუქმნა, მასზე იზრუნო. ჩემთვის მასთან ერთად თოვლში სეირნობა და მუსიკის მოსმენაც რომანტიკაა.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული ხარ?

- პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობ.

- იმ ადამიანის სახელისა და გვარის გამხელას არ გთხოვ.

- კითხვაზე მოკლედ გიპასუხებ: შეყვარებული ვარ.

- "მისი საყვარელი დრო მთვარიანი, იდუმალი ღამეა. მთვარის შუქი მის ცვალებად ხასიათს მშვენივრად ერწყმის".

- ნამდვილად, ცვალებადი ხასიათი მაქვს. დღეზე მეტად, ღამე მიყვარს.

- "მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია, ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".

- ამას თავადაც ვგრძნობ. ზოგჯერ თავს იმდენად ძლიერ ადამიანად მივიჩნევ, მგონია, ნებისმიერ პრობლემას მოვერევი. შემიძლია, ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღო, მაგრამ არის საკითხები, სადაც სისუსტეს ვიჩენ. რაც წლები გადის, გამოცდილება მემატება და უფრო მეტად ძლიერი ვხდები.

- "ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".

- ტყუილია.

- "რთულია მისი უგუნებობის მიზეზის გარკვევა".

- ო!!! უგუნებობის მიზეზი ზოგჯერ, თავადაც არ ვიცი ხოლმე. შეიძლება, ვიღაცის ერთმა გამოხედვამაც კი შე­მიცვალოს ხასიათი.

- "შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოს შენახვა, მაგრამ მის შიდაბუნებაში შეღწევა რთულია; არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება".

- ამ ბოლო დროს კომფორტულად ვგრძნობ თავს მაშინ, როცა პირად ამბებს ჩემთვის ვიტოვებ. ამიტომაც, არასდროს ვთანხმდები ინტერვიუებს პირად ცხოვრებაზე. როცა გრძნობაზე ლაპარაკს ვიწყებ, მას მაინც ვერ აღვწერ, სიმძაფრეს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. თან მგონია, რომ იმ გრძნობას მერე "სიძვირფასეც" ეკარგება.

- "ინტუიციაზე დაყრდნობით უფ­რო მოქმედებს, ვიდრე - გონებით".

- მართალია, მშვენიერი ინტუიცია მაქვს.

- "თუ კეთილად მოეპყრობი, მისი მართვა ადვილია, მაგრამ თუ რაიმეს აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- მართალია, ამ დროს წარმოუდგენლად ჯიუტი ვხდები.

- "ძალიან მოსიყვარულე ნიშანია, მაგრამ თუ მოისურვა, შეუძლია, სასტიკი მტერიც იყოს".

- მოსიყვარულე ვარ, მტრობა არ შემიძლია. კონფლიქტი "მწვავს". ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც იყვირებენ, იჩხუბებენ, ცუდი ემოციებისგან დაიცლებიან და მერე ისვენებენ. მე მსგავსი რამ არ შემიძლია.

- "ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება".

- არც ესაა ჩემს ხასიათთან თანხვედრაში.

- "მისი ძალიან ცო­ტა ადამიანს ესმის".

- არც მჭირდება, ვინმემ გამიგოს. მთავარია, უახლოეს ადამიანებს ესმოდეთ ჩემი და არ მადარდებს, სხვა გამიგებს თუ არა.

- "უყვარს ფულის შეგროვება".

- მიყვარს, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- "ადამიანი კირჩხიბი რომ შეიცნოთ, ნამდვილ კიბოს დააკვირდით: საკმარისია, მარწუხი რამეს ჩასჭიდოს, ვერანაირი ძალით ვერ წაართმევთ. არ დაშორდება იმას, რაც მისთვის ძვირფასია, იქნება ეს საყვარელი მამაკაცი, მეგობარი თუ სამსახური".

- არ ვიცი, ეს "ჩაჭიდება" რამდენად ჩემია. მამაკაცს თუ უყვარხარ, მასთან იქნები, თუ არ უყვარხარ, მასთან როგორ უნდა იყო?

- მისი შენარჩუნებისთვის არ იბრძოლებ?

- სიყვარულისთვის ბრძოლა რატომ უნდა დაგჭირდეს. თუ არ ვუნდივარ, არ მესმის, მისთვის რატომ უნდა ვიბრძოლო?

- "კირჩხიბის სახე სარკეა, სადაც მისი განწყობაა ასახული".

- კი, ყველაფერი სახეზე მაწერია. თამაში არ შემიძლია. თუ გრძნობა და შესაბამისად, შეგრძნება ნამდვილია, ვერ დამალავ, თუ შეძელი და დამალე, ე.ი. ნამდვილი არ ყოფილა.

- დაბოლოს, პრო­ექტზე - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გკითხ­ავ. ამ საქმის პროფესიონალები საქართველოში პირველ მოცეკვავედ გასახელებენ. ეს როგორი შეგრძნებაა?

- სასიამოვნოა, როცა ეს სიტყვები გესმის. ცეკვა ჩემი ცხოვრებაა, ამ საქმეში ჩემს გულს, სულს ვდებ, ბევრს ვშრომობ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო პირველი, მაგრამ არასდროს მავიწყდება, - თუ მოვდუნდები და აღარ ვიმუშავებ, პირველი ადგილიდან ძალიან მალე ჩამოვვარდები.

- შენი პარტნიორი - მიშა მესხი როგორი მეწყვილეა?

- მიშა კარგი ადამიანი და არაჩვეულებრივი პარტნიორია. მას ამ პროექტამდე არ ვიცნობდი. პირველ შეხვედრაზე მხიარული და ცოტათი ცანცარა ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. რეპეტიციების დროს საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება და რაც მთავარია, შრომა არ ეზარება. მიშას ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ძალიან კეთილია.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება