კახა მამულაშვილი: "იურმალაზე ნუცა ბუზალაძეს ოფიციალურად, როგორც პროდიუსერები - მე და ლელა წარვადგენთ"

კახა მამულაშვილი: "იურმალაზე ნუცა ბუზალაძეს ოფიციალურად, როგორც პროდიუსერები - მე და ლელა წარვადგენთ"

"ახალი ტალღა 2014" ტრადიციულად წელსაც იურმალაში გაიმართება. ამ კონკურსზე საქართველოს ახალგაზრდა მომღერალი, ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ამჟამად მისი პროდიუსერები - კახა მამულაშვილი (მამულიჩა) და მისი მეუღლე - ლელა წურწუმია არიან. კონკურსანტს ოფიციალურად ისინი წარადგენენ.

"ამბები.გე" მამულიჩას დაუკავშირდა:

- დიახ, მე და ლელას იურმალის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე მიგვყავს...

- ნუცამ "იურმალის" შესარჩევ ტურზე ნინი ცნობილაძეს მოუგო...

- დიახ, ჩატარდა შესარჩევი ტური, კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტიდან იყვნენ ჩამოსულები: რუმიანცევი და მელაძე და მათი შემადგენლობით შექმნილმა ჟიურიმ ნუცა ბუზალაძე და ნინი ცნობილაძე შეარჩიეს. აღნიშნულ ტურში არაერთი ქართველი მომღერალი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი ამ ორ კანდიდატურაზე შეჩერდნენ. შემდგომ კი მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს იურმალის კონკურსზე ნუცა წარადგენდა...

- კარგი კანდიდატურაა, თუმცა მის ადგილზე ნინი ცნობილაძეც რომ ყოფილიყო, იმასაც მივესალმებოდი...შენ და ლელა როგორ აღმოჩნდით ნუცას გვერდით. როგორ გახდით მისი პროდიუსერები?

- ნუცას დიდი ხანია ვიცნობთ. უნდა გითხრათ, რომ ლელას რეკომენდაციით მოხვდა "ნიჭიერში". ეს მის ცხოვრებაში პირველი მასშტაბური კონკურსი იყო...

- ნუცა იქიდან არ მახსოვს...

- სხვათა შორის, ბევრს არ ახსოვს. შემდეგ ბერა ივანიშვილის საბავშვო სტუდიაში აღმოჩნდა, სადაც ასევე ლელას რეკონდაციით მოხვდა, საბუთები მან შეავსებინა. იმის მერე მაყურებელს თავი შოუდან "ერთი-ერთში" დაამახსოვრა, ნუცა ბერას სტუდიაში გამორჩეული იყო და აღნიშნულ შოუშიც იქიდან მოხვდა. მეოთხე საპრიზო ადგილი დაიკავა.

- კი, გამორჩეული კონკურსანტი იყო... ნუცა არის თუ არა უკვე 17 წლის?

- კი, ახლახან გახდა. მოკლედ, მას ამჟამად იურმალაში ოფიციალურად ჩვენ წარვადგენთ.

- "იმედს" რა ფუნქცია აქვს ამ შემთხვევაში?

- ადრე ეს ფუნქცია "იმედს" ჰქონდა. ახლა მხოლოდ სატელევიზიო ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება აქვს. ჩვენ კერძო პირები ვართ. ჩვენვე ვაფინანსებთ ყველაფერს. სიმღერების ჩაწერას, იმიჯს. ჰო, სიმღერები უკვე დაგვიმტკიცეს. გვაქვს სამი ნამუშევარი: ერთი უცხოური ჰიტია, მეორე - თავისუფალი თემა გახლავთ და ერთიც - ქართული. პირველ სიმღერას (ჯესი ჯეის ნამუშევარს) ფონოგრამა ბესო შპეტიშვილმა გაუკეთა, დანარჩენი ჩვენთან, სტუდიაში მზადდება. მეორე სიმღერა მაია კაჭკაჭიშვილის ინგლისურენოვანი ნამუშევარია, რომლის ფონოგრამაზეც კოტე ნონიკოვმა და ბორიკო შხიანმა იმუშავეს. ქართული ნომერი კი შეგვიცვალეს, მიშა მდინარაძის "თოლიები" უკვე გამზადებული და დამტკიცებულიც იყო, მასზე მაია კაჭკაჭიშვილი გვეხმარებოდა, მაგრამ ორი დღის წინ "ყვავილების ქვეყნის" ვალერი მელაძისეული ვერსიის გაკეთება გვთხოვეს, რომელსაც სოფო ხალვაშთან ერთად შეასრულებს. ახლა დახმარებისთვის დავით მაზანაშვილს მივმართეთ.

- ნუცასთან ვოკალში ვინ მუშაობს?

- ნუცა ჯანელიძესთან ემზადება.

- ჩვენი კონკურსანტის სამოსზე ვინ მუშაობს?

- იურმალის კონკურსს თავისი დიზაინერები ჰყავს. ლელა კი შეეცდება რაღაც შეურჩიოს, იმედი მაქვს, ნუცას კოსტიუმებში მის მოსაზრებებსაც გაითვალისწინებენ. ისე კი, მინდა, გითხრათ, თუ რატომ მოვკიდეთ ნუცა ბუზალაძეს ხელი: თვითდაჯერებული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანია და გვერდში ამიტომაც დავუდექით. თან, ხომ გითხარით, დიდი ხანია ვიცნობთ და მის საქმიანობას თვალყურს ვადევნებთ, ოჯახებით ვახლობლობთ.

ფოტოსესიაზე ძალიან მოგვეხამარა ფოტოგრაფი - ლაშა ღუღუნიშვილი და მინდა, მადლობა გადავუხადო და ასევე მადლობა მაია ყიფიანს, რომელიც საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში დაგვეხმარა. ის გვერდით გვიდგას.

- იურმალაში როდის მიემგზავრებით?

- მივფრინავთ 12 ივლისს. ლელა 18-ში შემოგვიერთდება, რადგანაც მანამდე კორპორატიული საღამოები აქვს. იურმალის კონკურსი 22-ში დაიწყება და 28-ში დასრულდება.

- რა შანსები და მოლოდინი გაქვთ?

- შანსებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმალისტები ვართ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ქვეყანას არ შევარცხვენთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება