სოსო კაციტაძე რამდენიმე წელია, რადიოდან ტელეჟურნალისტიკაში აღმოჩნდა. თავიდან ''იმედზე'' დილის გადაცემები მიჰყავდა, შემდეგ იყო ''მეცხრე არხი'' და ისევ ''იმედი'', ოღონდ ამჯერად - საინფორმაციო გადაცემა. ახლა ამავე არხზე კვირის ''პანორამა'' მიჰყავს. გატაცებულია მოგზაურობით, არქიტექტურით, როდესაც შეყვარებულია, ემოციებს საკუთარ ბლოგზე წერს. რამდენიმე თვის წინ მარსზე გასაფრენადაც დაიწყო მზადება, მაგრამ ამჯერად არ გამოუვიდა.
სოსოს ინტერვიუ პრესაში არასოდეს დაბეჭდილა. არ უყვარს საკუთარ თავზე ჟურნალისტებთან საუბარი, თუმცა ამჯერად გამონაკლისი დაუშვა და საინტერესო ბავშვობასა და გატაცებებზე ვრცლად გვესაუბრა.
- აფხაზეთში დავიბადე. გუდაუთასთან პატარა, ლამაზ სოფელ ორჯონიკიძეში ვცხოვრობდი. ზღვასთან ახლოს, ძალიან ლამაზი მწვანე სახლი გვედგა. ომი რომ დაიწყო, პატარა ვიყავი, 6 წლის გავხდი და ჩემი დაბადების დღის მეორე დღეს, 22 აგვისტოს, მე, დედა და და ჩუმად გამოვიპარეთ ბომბორას აეროპორტამდე. დედას არ უნდოდა, ვინმეს გაეგო, რომ მოვდიოდით, შესაძლოა, გზად დაგვხვედროდნენ. ბუჩქებში ვიმალებოდით და მახსოვს, პირზე ხელს მაფარებდა, რომ ხმა არ ამომეღო. გზაზე იარაღიანი ხალხი პატრულირებდა და შესაძლოა, ვინმეს დავენახეთ და ესროლათ. მამა იქ დარჩა, რადგან მამიდა და ბებია დიდი ხნის განმავლობაში კიდევ იქ ცხოვრობდნენ. ჩვენ იმერეთში ბებიასთან დავსახლდით. ერთი წლის შემდეგ თბილისში ჩამოვედით და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ.
- ჟურნალისტიკამდე როგორ მიხვედი?
- ვხატავდი და ყოველთვის მინდოდა, არქიტექტორი გავმხდარიყავი. შემდეგ გადავიფიქრე, მომეწონა, როდესაც ვუყურებდი, ტელევიზიით ჟურნალისტები ახალ ამბებს გვიყვებოდნენ, ამიტომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თავიდან კინოდოკუმენტალისტიკისკენ ვიხრებოდი. ბოლო კურსზე რადიოში დავიწყე მუშაობა და ბევრი წლის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვიყავი. შემდეგ იყო ''იმედის დილა'', სადაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ჩემი მეგობარი ერთ-ერთ პროდიუსერად მიიწვიეს, მან დამიბარა და პირდაპირ კასტინგზე შემიყვანა. არანაირი მოლოდინი არ მქონია და ზაფხულში დასვენება დავგეგმე. რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ვერ გავიარე კასტინგი. გამგზავრების წინ ისევ დამირეკეს და მთხოვეს, კიდევ ერთხელ მივსულიყავი. ასე დავიწყეთ ''დილა''...
შემდეგ იყო კიდევ ერთი დილის გადაცემა ''იმედზე'', მე, ნუკი კოშკელიშვილი და სხვა წყვილები ვიცვლებოდით. მთავარი იყო, კარგ ხასიათზე მოგვეყვანა მაყურებელი. ამ დროს შე-მომთავაზეს ''მეცხრე არხზე'' გადასვლა. ეს ჩემთვის უფრო მომხიბვლელი წინადადება იყო, ერთგვარი გამოცდა, რაზეც უარი არ უნდა მეთქვა. ''იმედში'' ჩემს ნაცნობებს რომ ვუთხარი, ზოგიერთი მეუბნებოდა, რომ ამით ჩემს პროფესიაზე უარს ვამბობდი, რადგან არჩევნების შემდეგ, როდესაც ''მეცხრე არხი'' აღარ იარსებებდა, მე არავინ მიმიღებდა ტელევიზიაში.
- თუმცა ''მეცხრე არხიდან'' დახურვამდე წამოხვედი...
- დაახლოებით ექვსი თვე ვმუშაობდი. ლუბა ელიაშვილის მოსვლის შემდეგ წამოსვლას ვაპირებდი და გამიმართლა, მეორე დღეს ''იმედიდან'' დამირეკეს. ჩავთვალე, რომ ეს იყო ნიშანი (იღიმის). თავიდან ნუცა კოპალიანთან ერთად რვასაათიანი ''ქრონიკა'' მიმყავდა. შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ საკვირაო ჟურნალი გაკეთებულიყო ''პანორამის'' სახით, რამდენიმე წამყვანს განიხილავდნენ და ერთ-ერთი ვიყავი მე. თავიდან გავიარე კასტინგი.
- ''პანორამაში'' თავადაც ამზადებ სიუჟეტებს, განსაკუთრებულად რომელი გახსენდება?
- ეს ნამდვილი გამოწვევა იყო. ჯერ კიდევ არ ვარ ჩემი ნამუშევრებით კმაყოფილი. ექსკლუზივების გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ დიდი ამბავი იყო ატეხილი, რომ 2030 წლიდან მარსზე ადამიანების გაშვება იგეგმება. ამ თემაზე მოვამზადე სიუჟეტი და ორი მეცნიერი ჩავწერე, რომლებიც ჰყვებოდნენ, რა სირთულეები შეიძლება შეხვდეთ მარსზე მცხოვრებ ადამიანებს.
იხილეთ გაგრძელება